Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰპირდება საქართველო რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიას?


ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელი ხალხები საქართველოს საზღვარს უვიზოდ გადმოლახავენ. რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს საქართველოსთვის და როგორ აღიქვამენ უვიზო რეჟიმის პერსპექტივას მოსკოვში?

13 ოქტომრიდან საქართველო 90-დღიანი ვადით უვიზოდ უმასპინძლებს რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ცხოვრობენ. პრეზიდენტის ბრძანებულებაში ასახულ ამგვარი პერსპექტივას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უპირველეს ყოვლისა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკით ხსნის. უწყების განმარტებით, რადგანაც ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვიზები არ გაიცემოდა, ჩრდილოკავკასიელები რუსეთის სხვა მოქალაქეებთან არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. სწორედ ამ საკითხზე გააკეთა აქცენტი პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემაც 12 ოქტომბერს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში:

”ჩრდილოკავკასიის ამ რესპუბლიკებში მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ვიზის ასაღებად მოსკოვში უწევდა ჩასვლა, მაშინ როცა თითოეული ამ რესპუბლიკიდან უახლოეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე - მაგალითისთვის რომ ავიღოთ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - სავალი გზა სულ რაღაც 2-3 საათია მაქსიმუმი დრო...”

საქართველოს ისტორიული მოვალეობაა და ვალდებულებაც არის, რომ, აი ამ ვითარებაში მყოფ ჩრდილოეთ კავკასიას მიაპყროს თავისი მზერა და ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს იმ ადამიანებს, ვისთანაც საუკუნეების განმავლობაში გვიცხოვრია ...
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, უვიზო რეჟიმის დაწესება კავშირშია საქართველოს პრეზიდენტის ერთიანი კავკასიის იდეასთან, რომელიც მან გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან სექტემბრის ბოლოს გაახმაურა.

ჩრდილოკავკასიელებისთვის ვიზების გაუქმების იდეას არსებითად მხარს უჭერს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომელიც თავის დროზე, ასევე არსებითად, არც ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის ამოქმედებას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევასთან მიმართებით ექსპერტი სახელმწიფოს ურჩევს, მსგავსი ნაბიჯები საფრთხეებთან ბრძოლის პარალელურად გადადგას. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა დაწესებული უვიზო რეჟიმი სათავისოდ გამოიყენოს და ექსტრემისტული ორგანიზაციები მიზანმიმართულად შემოგზავნოს საქართველოში:

”პირველ რიგში, ეს არის ორგანიზაცია ”დარიალი”, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში არსებობს და რომლის წევრებიც არიან თრუსოს ხეობიდან და კობის ხეობიდან გასული ოსები. ამ ორგანიზაციას ადგილობრივი ხელისუფლება და მოსკოვიც მფარველობს და ამ ორგანიზაციის ამოცანაა საქართველოს ყაზბეგის (სტეფანწმინდის) რაიონის მიწების მიტაცება და ჩრდილოეთ ოსეთისთვის მიერთება. მათ ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა, რომ საქართველოში ორგანიზებული ფორმით შემოსულიყვნენ, მაგრამ ერთი-ორჯერ ისინი რუსებმა არ გამოატარეს, ხოლო ერთხელ - საქართველოს მესაზღვრეებმა... ახლა, თუ ისინი ორგანიზებული ფორმით არ წამოვლენ და ცალ-ცალკე დააპირებენ შემოსვლას, ძალიან რთული იქნება ჩვენი სამართალდამცველებისთვის თუ მესაზღვრეებისთვის იმის გარკვევა, თუ ვინ არის ”დარიალის” წევრი და ვინ არა...”

ამ პრობლემასთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძეც ლაპარაკობდა. დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს მოხევეებისთვის მიცემულ პირობას, რომ, უსაფრთხოების მიზნით, ლარსის გავლით მხოლოდ ტვირთები იმოძრავებდა. საფრთხის შესაფასებლად ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

ვეფხვაძის მიერ ნახსენებ საფრთხეს ჰიპოთეტური საფრთხე და ვიწრო პრიზმაში დანახული პრობლემა უწოდა უმრავლესობის წარმომადგენელმა - დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა. მისი აზრით, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარსულისა და მომავლის წინაშე აღებული ვალდებულებები განაპირობებს - საქართველომ რეგიონალური ლიდერის ფუნქცია უნდა დაიბრუნოს:

”ვითარება დღევანდელ კავკასიაში არის უკიდურესად მძიმე - ეს გამოიხატება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევით, ეს გამოიხატება ჟურნალისტების მკვლელობებით, ადამიანის უფლებათა დამცველების გაუჩინარებით და მათი მკვლელობებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, საქართველოს ისტორიული მოვალეობაა და ვალდებულებაც არის, რომ, აი ამ ვითარებაში მყოფ ჩრდილოეთ კავკასიას მიაპყროს თავისი მზერა და ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს იმ ადამიანებს, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში გვიცხოვრია... ”

ჩრდილოკავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკავშირებს. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ”უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა მეთოდებითა და საშუალებებით კონტროლდება და არა ვიზების გაცემა-არ გაცემით”.

დაბოლოს, ექსპერტთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოკავკასიის ხალხებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება კრემლის გაღიზიანებას გამოიწვევს. თუმცა რეაქციებს ჯერჯერობით მასშტაბური სახე არ მიუღია. საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას 12 ოქტომბერს ”ცალმხრივი პროპაგანდისტული ნაბიჯი” უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ხოლო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში, არკადი ედელევმა, თბილისის გადაწყვეტილება ”პროვოკაციად” შეაფასა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG