Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს სიახლეები


ბოშათა ოჯახი
ბოშათა ოჯახი
საფრანგეთი ბოშათა დეპორტაციას განაგრძობს, ევროკავშირში შექმნილი განხეთქილების მიუხედავად

რადიო თავისუფლების მსმენელმა იცის, რომ 16 სექტემბერს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე, ცხარე კამათი გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს შორის საფრანგეთიდან ბოშების გაძევების საკითხთან დაკავშირებით. როგორც იუწყებოდნენ, ბაროზუ, ევროკავშირის ყველა მოქალაქის გადაადგილების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, პარიზის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებას უჭერდა მხარს, რამაც სარკოზის უკმაყოფილება გამოიწვია.

თუმცა მიუხედავად მედიაში ფართოდ გაშუქებული ამ კამათისა, საფრანგეთიდან ბოშების დეპორტაცია გრძელდება, უფლებადამცველთა შეშფოთება კი მატულობს იმის გამო, რომ ამ უმცირესობის დასაცავად, განცხადებების გარდა, არავინ არაფერს აკეთებს.

„ვაკვირდები ბოშების მიმართ საფრანგეთის მიერ გატარებულ ახალ პოლიტიკას - მათ შორის, დასახლებების განადგურებასა და მათ კოლექტიურ დეპორტაციას სამშობლოში“, - ამბობს ნავი პილაი, ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უზენაესი კომისარი, და დასძენს: „ყოველივე ეს მხოლოდ გააძლიერებს ბოშათა სტიგმატიზაციას და იმ უკიდურეს სიღარიბეს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ევროპულ სახელმწიფოებს - საფრანგეთის ჩათვლით - მოვუწოდებ ისეთი პოლიტიკა გაატარონ, რომელიც ბოშებს საშუალებას მისცემს დაძლიონ თავიანთი მარგინალიზაცია.“

საფრანგეთიდან ბოშების გასახლება გასულ კვირაშიც გაგრძელდა, ანუ იმ დროს, როცა პრეზიდენტ სარკოზის ზემოთ მოხსენიებული კამათი მოუვიდა ევროკომისიასთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა „შეურაცხყოფა“ უწოდა ერთ-ერთი ევროკომისრის რეპლიკას, რომელმაც სარკოზის პოლიტიკა ასიათასობით ბოშის გამანადგურებელ ნაცისტურ რეჟიმს შეადარა.

მკაცრი საპასუხო განცხადებების კეთება სარკოზის პარტიის წევრებმა გააგრძელეს - ერთმა სენატორმა, მაგალითად, განაცხადა, ნეტა საერთოდ არ არსებობდეს ლუქსემბურგიო - ქვეყანა, სადაც ევროკავშირის სამართლის კომისრის, ვივიენ რედინგის, ოფისი მდებარეობს. გასულ კვირაში რედინგმა განაცხადა, რომ საფრანგეთს სასამართლოში უჩივლებს, ვინაიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი პოლიტიკა კონკრეტულად ბოშების წინააღმდეგ არის მიმართული. რედინგმა დასძინა, არ მეგონა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა კიდევ ერთხელ გახდებოდა ასეთი „შოკისმომგვრელი“ და „დამამცირებელი“ პოლიტიკის მოწმეო.

რედინგის მსგავსი განცხადებით გამოვიდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგიც. „ევროპაში ბოშათა დისკრიმინაციას გრძელი და მძიმე ისტორია აქვს. რეპრესიებმა მწვერვალს 1930-40-იან წლებში მიაღწია, როცა ბოშები მიზანში ფაშისტურმა რეჟიმებმა ამოიღეს როგორც რუმინეთში, ისე იტალიაში. გერმანელი ნაცისტების მიერ კონტროლირებულ ადგილებში ასიათასობით ბოშა დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანეს ან ადგილზევე დახვრიტეს. ეს გენოციდი არც კი განუხილავთ ნიურნბერგის პროცესზე. იმ ადამიანებს, ვინც რეპრესიებს გადაურჩა, - ან მსხვერპლთა ოჯახის წევრებს, - მცირედი კომპენსაცია, თუკი საერთოდ გადაეცათ, გადაეცათ ძალიან გვიან“, – ვკითხულობთ ჰამარბერგის მიერ გასულ კვირაში გავრცელებულ განცხადებაში. იქვე წერია: „ანტიბოშური განცდები დღესაც ცოცხალია და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ამას ექსტრემისტული ჯგუფები იყენებენო.“

პარიზსა და ბრიუსელს შორის შექმნილმა უთანხმოებამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხეთქილება გამოიწვია. სარკოზის ანტიიმიგრაციული პოლიტიკით გამორჩეული ძალები უჭერენ მხარს - იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი და უნგრეთის ულტრამემარჯვენე პარტია „იობიკი“.

თავად სარკოზი კი აცხადებს, რომ გააგრძელებს არალეგალური დასახლებების დანგრევას. პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთს აქვს უფლება გააძევოს ხალხი, ვინც გამოყოფილ დროზე მეტხანს დარჩება იქ. პარიზი აცხადებს, რომ პრობლემის გადაჭრის უკეთესი გზა ბოშა უმცირესობათა მათ სამშობლოში ინტეგრაციაა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბოშათა ყველაზე დიდი რაოდენობა რუმინეთსა და ბულგარეთში ცხოვრობს. რუმინეთში მათი რიცხვი ორ მილიონამდე აღწევს, ბულგარეთში კი 800,000-ს შეადგენს.

ამ ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ბოშებს საშუალება მიეცათ ეხელმძღვანელათ ევროკავშირში მოქმედი გადაადგილების თავისუფლების პრინციპით და უკეთესი ცხოვრების საძებრად დასავლეთ ევროპაში წასულიყვნენ. ევროპაში კი, რომელიც 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან ცდილობს გამოსვლას, იმიგრანტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება სულ უფრო მეტად იზრდება.

*****

შვეციის პარლამენტში პირველად მოხვდა ულტრამემარჯვენე პარტია

შვეციაში კვირას, 19 სექტემბერს, გამართული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკ რეინფელდტმა მმართველობის მეორე ვადა მოიპოვა, მაგრამ მისმა ოთხი პარტიისგან შემდგარმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა ალიანსმა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ულტრამემარჯვენე პარტია „შვეციის დემოკრატები“ კი პირველად მოხვდა პარლამენტში.

კოალიციამ, რომელშიც რეინფელდტის ზომიერთა პარტია, ლიბერალური პარტია, ქრისტიან-დემოკრატები და ცენტრისტული პარტია შედიან, 172 ადგილი მოიპოვა და უმრავლესობისთვის 3 ადგილი დააკლდა. მემარცხენე ოპოზიციას 157 ადგილი ერგო.
არჩევნების ყველაზე დიდი სენსაცია „შვეციის დემოკრატები“ არიან - ანტიიმიგრაციული პოლიტიკით ცნობილი, ულტრამემარჯვენე პარტია, რომელიც ნეონაცისტურ ჯგუფებთან კავშირით არის ცნობილი, განსაკუთრებით 1980-იან და 1990-იან წლებში. ამ პარტიამ შეძლო ოთხპროცენტიანი ბარიერის გადალახვა და 349 ადგილიდან 20 მანდატი მოიპოვა, ანუ მთელი რაოდენობის 5.7 პროცენტი.

„ემოციები მერევა და აზრის მოკრება მიჭირს. დღეს ერთად დავწერეთ პოლიტიკური ისტორია. ეს არაჩვეულებრივია“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ჯიმი აკესონმა.

ულტრამემარჯვენეთა წარმატება, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ რეინფელდტს უმცირესობისგან შემდგარი მთავრობის ფორმირება მოუწევს. მან უკვე განაცხადა, რომ შვეციის დემოკრატებთან არც ითანამშრობლებს და არც თავის მთავრობას გახდის მათზე დამოკიდებულს.

არჩევნების შედეგები დიდი დარტყმაა სოციალ- დემოკრატებისთვის, რომლებიც ბოლო 78 წლიდან ქვეყანას 65 წელი მართავდნენ. კვირას გამართულ კენჭისყრაში მათ თითქმის 100 წლის მანძილზე ყველაზე უარესი შედეგი აჩვენეს.

45 წლის რეინფელდტი მთავრობაში პირველად 2006 წელს მოვიდა - გადასახადების შემცირების და მოქალაქეების სოციალურ უზრუნველყოფაზე ორიენტირებული სახელმწიფოს რეფორმირების დაპირებებით. მის მიერ მეორე ვადის მოპოვებას ანალიტიკოსთა ნაწილი აღიქვამს შვეციის პოლიტიკაში გარდამტეხ მომენტად, ვინაიდან ამით მემარცხენე-ცენტრისტული ძალების დაღმასვლა უკვე აშკარა ხდება.

ულტრამემარჯვენე ძალებს რაც შეეხება, „შვეციის დემოკრატების“ პარლამენტში შესვლა ევროკავშირის მასშტაბით ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერების ტენდენციის ნაწილია.

ამგვარი პარტიები წარმოდგენილნი არიან იტალიის მთავრობაში და მანდატები აქვთ დანიის, უნგრეთის, ავსტრიისა და ბულგარეთის პარლამენტებში. ჰოლანდიაში ივლისში ჩატარებულ არჩევნებში ანტიიმიგრაციული პოლიტიკით გამორჩეულმა თავისუფლების პარტიამ მესამე ადგილი მოიპოვა და მისი დახმარებით ახლა, შესაძლოა, უმცირესობისგან შემდგარი მთავრობა ჩამოყალიბდეს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG