Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა, 18 სექტემბერი 2010


მიმდინარე კვირას ერთ-ერთი უმთავრესი თემა ქართულ პრესაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და ვენეციის კომისიის დელეგაციის თბილისში ვიზიტი იყო.

ორშაბათს კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც დავით ბაქრაძე უძღვებოდა. “ახალი თაობა” წერს, რომ დახურულ კარს მიღმა კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სამ შენიშვნას გაითვალისწინებენ - კომისიამ გაითვალისწინა მემარჯვენეების, მრეწველებისა და ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნა, რომელიც ვენეციის კომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ. “კონსტიტუციაში დარჩება ორგანული კანონი, ასევე დაზუსტდება საკუთრების უფლების საკითხები და მოხდება გუბერნატორების დანიშვნის წესზე შეთანხმება", - წერდა "ახალი თაობა" ორშაბათს.

მომდევნო დღეს “რეზონანსი” საზოგადოებრივი კომისიის დასკვნას აქვეყნებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით: "მომზადებული ცვლილებები არათუ არ ემსახურება ჩვენი ერისა და ქვეყნის ინტერესებს, არამედ მეტად სახიფათო და საშიშ პერსპექტივას გვიქადის."

"ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს: ”ის ფაქტი, რომ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა მზაობა გამოთქვეს, საკუთარი ხედვა გამოეხატათ შემოთავაზებულ ვერსიასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, პოზიტიური მოვლენაა... სამწუხაროდ, ბატონი ბაქრაძე არ გახლავთ მისი ქვეყნის მეორე პირის თანამდებობის რეალურად მფლობელი და გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ კონსტიტუციის დირექტორი - ზურაბ ადეიშვილი. სხვა პირი დღეს არ არის ქვეყანაში უფლებამოსილი კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს... ”

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო-საჯარო განხილვის ფარგლებში დავით ბაქრაძეს ირაკლი ალასანიაც შეხვდა. ამის თაობაზე იგი გაზეთ "ყველა სიახლეში" საუბრობს:

"... შეხვედრით უკმაყოფილო ვერ ვიქნებოდი, რადგან არც ველოდი, რომ ამ შეხვედრით რამე შეიცვლებოდა. საერთოდაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით სააკაშვილი თავისი სურვილების განხორციელებას გეგმავდა და არც არავის მოუსმენდნენ, ამიტომაც არ შევედით თავის დროზე ამ კომისიაში. ის, რაც დღეს კონსტიტუციასთან დაკავშირებით ხდება, ყველა იმ პარტიის პასუხისმგებლობაა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. მათვე უნდა აგონ პასუხი, როცა მიშა უკვე რეალურად მოინდომებს გაპრემიერებას. ჩვენ ვემხრობით დაბალანსებულ და გაწონასწორებულ საპრეზიდენტო მოდელს, ძლიერი საპარლამენტო კონტროლითა და დამოუკიდებელი ძლიერი სასამართლოთი”, - ამბობს ირაკლი ალასანია ინტერვიუში.

ამასობაში თბილისში ვენეციის კომისიის დელეგაცია ჩამოვიდა.

”უჩვენოდ კონსტიტუციას ნუ დაამტკიცებთ” - ასეთია ვენეციის კომისიის რჩევაო, - წერს „რეზონანსი“ უკვე შაბათის ნომერში და ეს სიტყვები პირველ გვერდზე გამოაქვს. გაზეთში ვკითხულობთ, რომ ვენეციის კომისიის მთავარი შენიშვნა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთმიმართებას ეხება და მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს. მეორე რეკომენდაცია კი ის არის, რომ პარლამენტს ურჩევენ, პროექტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე არ მიიღოს. ეს დასკვნა 15-16 ოქტომბრისთვის მზად იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება არც ერთი რეკომენდაციის გაზიარებას არ აპირებსო, - წერს „რეზონანსი“.

გაზეთის არგუმენტი ის არის, რომ პარლამენტი მომავალი სასესიო კვირისთვისაც კი არ აპირებს გადადოს საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დაწყება. პარასკევს პარლამენტში ითქვა, რომ მომავალ კვირას გაიმართება რიგგარეშე სესია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული. ცხადია, ხელისუფლების ასეთი სიჩქარე გარკვეულ ეჭვებს აჩენსო, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”ამ ეჭვებს კი უკვე ის ფაქტი ამძაფრებს, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციასაც კი არ ასრულებს, რომ მისი განხილვა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს.“

ამასთან დაკავშირებით გაზეთს ვენეციის კომისიის დელეგაციის ხელმძღვანელის, კომისიის მდივნის ტომას მარკერტის სიტყვები მოჰყავს:

"საპარლამენტო უმრავლესობასთან გვქონდა დიდი დისკუსია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქამდე გამოქვეყნებული ტექსტი არ არის საბოლოო და პარლამენტის მიერ იქნება შეცვლილი... საკონსტიტუციო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყნის ისტორიაში და მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი ამას ყურადღებით განიხილავს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ჩვენ მხოლოდ ჩვენი მოსაზრებების მიწოდება შეგვიძლია - საბოლოო პასუხისმგებლობა კი საკუთარ თავზე ხალხის არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა აიღონ", - განაცხადა ტომას მარკერტმა. ვენეციის კომისიის დასკვნაში კი, მისი თქმით, "ძალიან ბევრი კრიტიკული მოსაზრებაა”. „რეზონანსის“ მიხედვით, ვენეციის კომისიის წევრებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ არ მოატყუებს და ცვლილებების მიღება რეალურად დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.

ტომას მარკერტის პრესკონფერენციის თაობაზე შაბათის „24 საათიც“ წერს. მედია იმის გარკვევასაც შეეცადა, ეთანხმება თუ არა ვენეციის კომისია ზოგიერთი ოპოზიციური ძალის მოთხოვნას, დღეს მოქმედი პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მისთვის პოლიტიკური თანამდებობის დაკავების აკრძალვის საკითხი კონსტიტუციურად გაფორმდეს. გაზეთი წერს, რომ მარკერტის თქმით, ვენეციის კომისია ამ საკითხზე რეკომენდაციას ვერ გასცემს, რადგან მსგავსი პრაქტიკა ევროპის ქვეყნების კონსტიტუციაში არ არსებობს. თუმცა ვენეციის კომისიის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ქვეყნის შიგნით, ქართული საზოგადოების მოთხოვნით უნდა გადაწყდეს. კერძოდ, მან თქვა: ” თუ ამაზე კონსენსუსი იქნება, მიზანშეწონილია, რომ ასეთი დებულება ჩაიდოს. მაგრამ ეს იქნება თქვენი გადაწყვეტილება”, უთხრა ტომას მარკერტმა ჟურნალისტებს.

ვენეციის კომისიის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისა და საკონსტიტუციო ცვლილებების თობაზე უფრო მეტს შაბათის პრესის ფურცლებზე წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG