Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 15 სექტემბერი 2010


დავიწყოთ გაზეთით, რომლის სახელწოდებაცაა „რეგიონის დროით“ და რომელიც, კონსტიტუციაში ადგილობრივი თვითმმართველობის მუხლების გაჩენასთან ერთად, მეტ მნიშვნელობას იძენს. გაზეთს დევიზად ილიას სიტყვები აქვს გამოტანილი: ”ყოველი სახელმწიფო, რიგიანს წესზედ ცოტად თუ ბევრად დამდგარი, ნაწილ-ნაწილად არის დაყოფილი, რომ მოვლა და პატრონობა ადვილი იყოს”. გაზეთის ძირითადი ნაწილი ჰალსტუხიან ჩინოვნიკთა სურათებს, ტყავის სავარძლებში მოკალათებულ მინისტრებს და წარმატებებზე საუბარს ეთმობა. სათაურები კი ასეთია: „ეფექტიანი მმართველობა“, „წარმატებული ზაფხული“, „ურიცხვი დამთვალიერებელი“, „მოქალაქეთა თანამონაწილეობა, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედი“.

კონსტიტუცია. საკონსტიტუციო კომისია ფინიშთან მიდის, მაშინ როცა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია შეთქმულებებსა და გადატრიალებებზე იწყებს საუბარს და პროექტის პარლამენტიდან გამოთხოვას ითხოვს. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი კომისია სახელმწიფო კომისიისგან დამოუკიდებლად მუშაობს. „რეზონანსი“ სტატიაში საზოგადოებრივი კომისიის წარდგენას ორგანული კანონის საკითხის განხილვით იწყებს. შეგახსენებთ, ეს მარტივი რანგირების სისტემაა კანონთათვის. მის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რანგირება უნდა იყოს, რათა პარლამენტარებმა იცოდნენ, რომელი კანონია უფრო მნიშვნელოვანი. კანონებს რანგში თუ არ აიყვანენ, პარლამენტარებს საქმე გაუადვილდებათ, ყველა კანონპროექტის წაკითხვას, ბუნებრივია, ბევრი დრო მიაქვს. აწი ეცოდინებათ პარლამენტარებს, რომელი კანონია „უფრო მნიშვნელოვანი“ და რომელ სხდომაზე საერთოდ არაა დასწრება აუცილებელი. ამ რანგირების მხარდამჭერთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი სწორედ ეს იყო. მხარდამჭერებმა ეს ცვლილება გაიტანეს, კომისია დათმობაზე წავიდა. ეს კარგიაო, ამბობს საზოგადოებრივი კომისია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არაფერსაც არ ცვლისო. საინტერესოა საზოგადოებრივი კომისიის მოსაზრებანი ნდობის თემაზე. ახალი საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთობებში ნდობის ფაქტორი ჩნდება. ანუ ახალი პროექტის მიხედვით, კანონპროექტის პარლამენტში შეტანის დროს მთავრობას აქვს უფლება ამ კანონს საკუთარი ნდობის მანდატი დაუკავშიროს, რაც მარტივად იმას ნიშნავს, რომ თუ პარლამენტი კანონს არ მიიღებს, ავტომატურად მთავრობის ნდობის საკითხი დადგება, მთავრობისთვის ნდობის თავიდან გამოცხადებას კი პარლამენტში უმრავლესობა სჭირდება და თუ პარლამენტი გაწელავს პროცესს, რაკი ნდობის კონსენსუსამდე ვერ მივა, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა შეუძლია. მოკლედ, საზოგადოებრივ კომისიას მიაჩნია, რომ ცვლილებები პარლამენტის ძალას ასუსტებს და მთავრობას და პრეზიდენტს აძლიერებს, მათი თქმით, თუ მთავრობამ და პრეზიდენტმა პირი შეკრეს, ახალი საკონსტიტუციო ჩასწორებებით, პარლამენტის ავტომატური გამოთიშვა მოხდება თამაშიდან. თუმცა რა კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს საზოგადოებრივი კომისია ამ მიმართულებით სახელმწიფო კომისიას, „რეზონანსი“ არ წერს. ამას გარდა, საუბარი არც იმაზეა, რომ პარლამენტის გათიშვა და დათხოვნა თავად მთავრობას აგდებს არასათამაშო მდგომარეობაში და არც იმაზე, რომ, საბოლოო ჯამში, პარლამენტს მხოლოდ საზოგადოება, ანუ ამომრჩეველი, აკომპლექტებს.

რუსეთ-საქართველოს ცივილიზებულ სასამართლო ურთიერთობებზე პრესა, ძირითადად, ნიშნის მოგებით საუბრობს - ახსენებს იმ ფაქტს, რომ საქართველომ დაჯაბნა რუსეთი ეთნიკური დისკრიმინაციის კონვენციის წინა პლანზე წამოწევით. პრესა ბეჭდავს ინტერვიუებს „ექსპერტებთან“, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ არ იცნობენ საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელს და, მიუხედავად ამისა, ერთ საგაზეთოგვერდიან ინტერვიუებს იძლევიან. საქართველოს რესპუბლიკამ უფრო საინტერესო გზა მოძებნა და უბრალოდ გადმოთარგნა როსბალტის სტატია, უფრო სწორად, ინტერვიუ სენტ ჯონსის უნივერსიტეტის პროფესორთან კრისტოფერ ბორგმენთან, რომელიც, როგორც ჩანს, ჭკვიანურ ნაბიჯად მიიჩნევს საქართველოს მხრიდან სარჩელის ამ კუთხით წარმოებას. ბორგმენს მიაჩნია, რომ სხვა შემთხვევაში - მაგალითად, ინტერვენციის საკითხის დაყენების შემთხვევაში - ტალიავინის კომისიის მსგავსი დასკვნების არსებობა საქართველოს რეალურ მარცხს გამოიწვევდა. თუმცა რა მოხდება ამ შემთხვევაში, ეს არც ბორგმენმა იცის, ბუნებრივია.

ისე, თუ გაინტერესებთ წარღვნა როდის იქნება, ისევ „საქართველოს რესპუბლიკა“ ეძებს ამ და სხვა საინტერესო თემებზე პასუხებს დასავლეთში.
XS
SM
MD
LG