Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის ისლამური ცენტრის იმამი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს


იმამი ფეისალ აბდულ რაუფი
იმამი ფეისალ აბდულ რაუფი
იმამი, რომლის სახელიც უკავშირდება ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის ტერაქტების მახლობლად, ისლამური ცენტრის მშენებლობას, ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილმა მისი გეგმები არასწორად გაიგო. ფეისალ აბდულ რაუფმა სცადა ამ პროექტის გარშემო არსებული დაძაბულობის დაცხრობა და თქვა, რომ გამეთვალისწინებინა რეაქცია, რომელიც ცენტრის გახსნის გეგმას მოჰყვებოდა, მას სხვაგან გავხსნიდიო.

იმამი ფეისალ აბდულ რაუფი 13 სექტემბერს ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წინაშე წარდგა და ილაპარაკა იმ დაძაბულობის შესახებ, რომელიც მუსლიმური კულტურის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ გეგმებს მოჰყვა. რაუფმა, რომელიც ამერიკის მოქალაქეა და სასულიერო მოღვაწეობას 1983 წლიდან ეწევა, თქვა, რომ ცენტრი მხოლოდ მუსლიმებისათვის არ იხსნება: „ეს ცენტრი იქნება ადგილი ყველა რწმენის ხალხისათვის, რათა გაერთიანდნენ ურთიერთპატივისცემით როგორც პარტნიორები, როგორც თანამფლობელები. ის ღირსებას შესძენს ნიუ- იორკს, ამერიკელ მუსლიმებს მთელ ქვეყანაში და ამერიკელებს მთელ მსოფლიოში.“

იმამმა ასევე თქვა, რომ არ ელოდა მწვავე გამოხმაურებებს, რომლებიც ცენტრის სამომავლო ადგილის შერჩევას მოჰყვებოდა ნულოვანი მიწის მახლობლად - ამერიკული მედია ასე უწოდებს ადგილს, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი იდგა. მანვე აღნიშნა, ოპონენტები 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ადგილს წმინდას უწოდებენ და ამ მიზეზით ეწინააღმდეგებიან მუსლიმური კულტურის ცენტრს, თუმცა იქვე უკვე გახსნილია აზარტული თამაშების რამდენიმე ცენტრი და სტრიპტიზ ბარი.

რაუფმა თქვა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ამერიკაში შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და დაპირისპირება საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად გამოიყენეს.

„ნულოვან მიწასთან“ ისლამური ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით დებატები ამერიკაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ცენტრი, რომელშიც მეჩეთიც შედის, შეურაცხყოფს 11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნას, რადგან ტერორისტული აქტი რადიკალმა მუსლიმებმა მოახდინეს.

მომხრეები კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ, ჯერ ერთი, თვით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაშიც იყო განთავსებული მეჩეთი, რომ ტერორისტული აქტის დროს შენობაში მყოფი მუსლიმებიც დაიღუპნენ და რომ საერთოდ ამერიკაში რელიგიის თავისუფლებაა და ტერორისტები სწორედ ამას, ანუ ამერიკული ცხოვრების წესს, - მათ შორის, რელიგიისა და სიტყვის თავისუფლებას, - ებრძოდნენ.

რაუფმაც თქვა, რომ დაპირისპირება, სინამდვილეში, ისლამსა და არაისლამს შორის კი არაა, არამედ რადიკალებსა და არარადიკალებს შორის: “რადიკალურ ექსტრემისტებს სურთ დაგვარწმუნონ იმ თეორიაში, რომ მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის მთელ მსოფლიოში ბრძოლა მიმდინარეობს. ზოგიერთმა ინტელექტუალმა და მოაზროვნემ ეს იდეა განავრცო კიდევაც. ეს იდეა, ქალბატონებო და ბატონებო, არასწორია. ნამდვილი ფრონტი, ნამდვილი ბრძოლა, რომელშიც ყველა ერთად უნდა ვიყოთ ჩართულები, მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის არ მიმდინარეობს. ის მიდის ყველა რწმენის ზომიერ ადამიანებსა და ყველა სახის რელიგიურ ექსტრემისტებს შორის.“
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG