Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ყირგიზეთი სწავლის დაწყებას იმედით და ნერვიულობით ხვდება


სამხრეთ ყირგიზეთში 1 სექტემბერს სწავლა იწყება, თუმცა მშობლები ბავშვების სასკოლოდ აღჭურვაზე მეტად მათ უსაფრთხოებაზე ღელავენ. ერთი მხრივ, სკოლების გახსნა ბავშვებს სტაბილურობის შეგრძნებას დაუბრუნებს, მეორე მხრივ კი, ჯერ ცნობილი არ არის, რამდენად სტაბილურია მშვიდობა რეგიონში.

სასწავლო წლის დაწყებას თან ბუნებრივად ახლავს ხოლმე მოსწავლეთა ღელვა და ნერვიულობა. სამხრეთ ყირგიზეთში კი წელს მშობლები ბავშვებზე არანაკლებ ღელავენ. ზოგისთვის პირველი სექტემბერი დღეა, როდესაც ბავშვებს შეეძლებათ დაიწყონ ზაფხულში მიღებული ემოციური ტრავმების მოშუშება. სხვები კი ფიქრობენ, რომ სკოლებში არასაკმარისი ზომებია მიღებული ძალადობისგან ბავშვების დასაცავად.

ალმაზი, 13 წლის ყირგიზი ბიჭი, რომელიც ოშში ცხოვრობს, სწავლის დაწყებას მოუთმენლად ელის, თუმცა მის მშობლებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გაუშვებენ თუ არა მას სკოლაში. მშობლებმა გადაწყვიტეს ერთი თვე დაიცადონ და ნახონ ივლიან თუ არა სხვა ბავშვები. მისი კლასელების ნაწილი ქალაქში დარჩა, ხოლო ზოგი რუსეთში წავიდა. ერთი მეგობარი ქვეყნის სამხრეთში გააგრძელებს სწავლას, კიდევ ერთი ამხანაგი კი სოფელში გადავიდა.

ოში, ისევე როგორც ყირგიზეთის სამხრეთი, ზოგადად, ზედაპირზე წყნარი ჩანს. ივნისის შემდეგ აქ შეტაკება ეთნიკურ ნიადაგზე აღარ დაფიქსირებულა, თუმცა ძალადობამ, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა ადგილი, კვალი ყველას დაატყო. სულ ცოტა ხნის წინ იყო შეტაკებები, რომლის დროსაც 400-მდე ადამიანი დაიღუპა, 400 ათასზე მეტი კი - ძირითადად, უზბეკი - სახლიდან გაიქცა.

ოშის მერი მელის მირზახმატოვი არ მალავს, რომ ბიშკეკისგან სრულიად განსხვავებული პოზიცია უჭირავს. ის ამბობდა, რომ სკოლის დაწყება უნდა გადადებულიყო, ვიდრე უსაფრთხოების ადეკვატური ზომები არ იქნებოდა მიღებული. მან მთავრობას მოუწოდა, ოშის სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 500 პოლიციელი გამოეყო დამატებით. ის ამბობს, რომ, ამ ზომების გარეშე, არ გამორიცხავს ბესლანისმაგვარი ტრაგედიის განმეორებას.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ სკოლები 24-საათიანი დაცვით იქნებიან უზრუნველყოფილნი. ოშის რეგიონის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აბდუვალი ბალთაბაევი ამბობს, რომ ხელისუფლება ყველა ზომებს იღებს სასწავლო წლის საკადრისად დასაწყებად.

სამხრეთ ყირგიზეთის უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება უკვე გადაიდო ოქტობრის შუა რიცხვებამდე, სტუდენტებს კი სთხოვეს, სწავლის დაწყებამდე საგანგებო უსაფრთხოების სამსახურებს დაეხმარონ სკოლის მოსწავლეების დაცვაში.

ამის მიუხედავად, ბევრი მშობელი ჯერაც ყოყმანობს, გაუშვას თუ არა ბავშვი სკოლაში. და საქმე მხოლოდ უსაფრთხოებაში არ არის. მამლაკატ პატიდონოვა, მაგალითად, ამბობს, რომ ის და კიდევ ბევრი ეთნიკური უზბეკი ბავშვს სკოლაში უფულობის გამო ვერ წაიყვანს.

ფინანსური პრობლემების გამო ბევრი უზბეკი ბავშვი ვერ წავა სკოლაში. ამას კი, შესაძლოა, გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს ოშში მცხოვრები უზბეკებისთვის. ფულის და უსაფრთხოების ნაკლებობის გამო მათი შვილები სკოლაში ვერ ივლიან, თანატოლებს ჩამორჩებიან და, შესაძლოა, ვერასოდეს დაეწიონ...
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG