Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სურთ სერბებს?


ომში დაღუპულთა მემორიალი, ბელგრადი, სერბია
ომში დაღუპულთა მემორიალი, ბელგრადი, სერბია
როდესაც საქმე კოსოვოს შეეხება, დასავლეთი და სერბია განსხვავებულ რეალობებში ცხოვრობენ. სერბია კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის პროცესი დასრულებული არ არის, დასავლეთი კი, უფრო და უფრო გაღიზიანებული, საპირისპიროს ამბობს.

გიდო ვესტერველე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბელგრადში სამდღიანი ბალკანური ტურნეს ფარგლებში ჩადის. ის ეცდება, რომ სერბიის ხელისუფლება დაარწმუნოს რეალობის მათეული ვერსიის უარყოფაში. მას ამისათვის სხვებზე მეტი ბერკეტი აქვს. ირენა ჩეროვიჩი, სერბიის პოლიტიკის ექსპერტი, რომელიც ახლა ბერლინშია ბაზირებული, ამბობს, რომ ვესტერველე აკონტროლებს ბელგრადისთვის უმნიშვნელოვანეს ორ საკითხს - ფულსა და ევროკავშირის წევრობას.

ვესტერველეს მგზავრობა ჯერ კიდევ 6 თვის წინ დაიგეგმა, თუმცა ის ახლა დაემთხვა სერბია-კოსოვოს ურთიერთობის ერთ მნიშვნელოვან ეტაპს. ბელგრადი ცდილობს, რომ ხელახლა წამოჭრას დებატები კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით გაეროში.

სერბიის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის თანახმად, ცალმხრივი გამოყოფა მიუღებელ გზადაა მიჩნეული ტერიტორიული საკითხების გადასაჭრელად. ბელგრადი მოუწოდებს გაეროს წევრ 192 ქვეყანას, მოუბრუნდეს პრიშტინას მიერ 2008 წელს მიღებულ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ლეგალურობის საკითხს.

გაეროს გენერალური ასამბლეა, როგორც ივარაუდება, სერბიის რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს. ბევრი ქვეყნისთის დებატები კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით გასულ თვეს დასრულდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულ დადგენილებასთან ერთად, რომლის მიხედვითაც, კოსოვოს დამოუკიდებლობა კანონიერადაა მიჩნეული.

დასავლეთის ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ბელგრადის მიერ კოსოვოს სტატუსის საკითხთან კიდევ ერთი მობრუნება ხელს უშლის ბალკანეთის რეგიონს წინსვლაში. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ვესტერველე მოსთხოვს ბელგრადს რეზოლუციის ტონალობის შეცვლას, ან საერთოდ მის გამოხმობას.

სერბების ნაწილი დასავლეთის ტონის გამკაცრებას მიესალმება კიდეც. გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ სერბების დიდი ნაწილისთვის ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტების სიას სათავეში უდგას. კოსოვოს საკითხს კი ამავე სიაში გაცილებით ქვედა პოზიცია უჭირავს. ამ მხრივ, ექსპერტების აზრით, მთავრობისა და ხალხის დამოკიდებულებას შორის დიდი სხვაობაა - მოსახლეობის ნაწილს იზიდავს უვიზო მგზავრობის შესაძლებლობა, რაც ევროკავშირის წევრობას მოჰყვება, ხელისუფლება კი განსაკუთრებული ეჭვიანობის ან შურის გარეშე ადევნებს თვალს იუგოსლავიის კიდევ ერთი ყოფილი რესპუბლიკის, ხორვატიის მიერ მიღწეულ პროგრესს: ის ევროკავშირის წევრი 2012 წელს გახდება.

კორნელიუს ადებარი, ბალკანეთის რეგიონის ექსპერტი, ამბობს, რომ ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიცაა, რომ სერბიას ევროპასთან ურთიერთობაში მეტი გასდის, ვიდრე სხვებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერბიას არც ევროკავშირისკენ გზის მიტოვება სურს და არც კოსოვოს სტატუსზე მსჯელობის მიტოვება. პრეზიდენტ ტადიჩის დევიზი არჩევნებზე სწორედ ეს იყო - კოსოვო და ევროკავშირი. ამ ფორმულას ის 2012 წლის არჩევნებამდე, ალბათ, არ შეეხება, თუმცა დამოკიდებულების შეცვლა არც სხვა პარტიებისგან არის მოსალოდნელი. დუშან ჯანჯიჩი, ბელგრადის ეთნიკურ კავშირთა ფორუმის კოორდინატორი და ახლად დაარსებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ამბობს, რომ სერბია კიდევ დიდხანს არ აღიარებს, რომ კოსოვო დაკარგულია, მაგრამ, ამატებს ის, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ბელგრადს პოზიციის შერბილებაში.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG