Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკმაყოფილება „ჯაშუშების რესპუბლიკაში“


18 აგვისტოს ჟურნალმა „ნიუსვიკმა“ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „ჯაშუშების რესპუბლიკა“. ავტორი ამ ტერმინით აფხაზეთს აღნიშნავს. ანა ნემცოვა წერს, სეპარატისტული რესპუბლიკა რუსული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ არის კოლონიზებული, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავსო.

რუსეთის უშიშროების სამსახურის ურთიერთობა აფხაზეთთან ჯერ კიდევ საბჭოთა კაგებეს დროიდან დაიწყოო, - წერს ანა ნემცოვა „ნიუსვიკში“ გამოქვეყნებულ სტატიაში. ჯერ კიდევ სტალინის დროიდან ყოველ მეორე აფხაზურ ოჯახს ერთი ნათესავი მაინც ჰყავდა ან კაგებეს ოფიცერი, ან საიდუმლო აგენტი და ან კიდევ ინფორმატორიო, - ნათქვამია სტატიაში.

ნემცოვა ამბობს, რომ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა კაგებეს მემკვიდრე ეფესბესა და სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის დღესაც გრძელდება. ეფესბეს ყოფილი და მოქმედი ოფიცრები ქირაობენ და ყიდულობენ სასტუმროებს, სანატორიუმებს და აგარაკებს. ეფესბე იცავს აფხაზეთის საზღვრებს... აფხაზების ნაწილს ეს არ მოსწონს, - წერს ანა ნემცოვა. კი, მაგრამ რატომ? თუ აფხაზეთსა და კაგებეს ურთიერთობის დიდი ტრადიცია აქვს, რა შეიცვალა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში? ამ კითხვას ანა ნემცოვა ასე უპასუხებს:

„ტრადიციები კი ძველია, მაგრამ ახლა იმდენად დიდია ზეწოლა, იმდენი სატვირთო მანქანა და ტანკი ჩამოვიდა, თან სამხედრო ბაზაც შენდება, რომ აფხაზები უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათ ხომ არ სურთ კოლონიაში ცხოვრება, მათ უნდათ დამოუკიდებლობა. მაგრამ მათ უკვე რუსული სატელეფონო ნომრები აქვთ, რუსი მესაზღვრეები იცავენ და ეს ადგილობრივ მოსახლეობას არ მოსწონს.“

რამდენად გავრცელებულია ეს უკმაყოფილება? ანა ნემცოვა ამბობს, რომ არც თუ ისე. პროტესტს აფხაზეთში მცხოვრებთა გარკვეული ფენა გამოთქვამს - ისინი, ვისაც უშუალოდ შეეხო პრობლემა. მაგალითად, ზოგ არქიტექტორს არ მოსწონს რუსეთის გეგმა, ბიჭვინთაში აშენდეს ფეშენებელური საკურორტო კომპლექსი. ათსართულიან შენობას, რომლის დასრულებაც სოჭის ოლიმპიადისთვის არის ნავარაუდევი, გეგმის მიხედვით, ექნება კერძო პლაჟები, გამაჯანსაღებელი კლუბები და პორტი იახტებისთის. მას, წერს სტატიის ავტორი, ადგილობრივები პუტინ-სიტის უწოდებენ. არადა, ეს იგეგმება ქალაქში, სადაც, უმეტესწილად, 3-4 სართულიანი შენობები დგას.

სტატიის ავტორი წერს, რომ განსაკუთრებით უკმაყოფილო ეფესბეთი აფხაზეთში მესაზღვრეები არიან - უფრო სწორად, ყოფილი მესაზღვრეები. ნემცოვა ამბობს: „ისინი უკვე აღარ იცავენ აფხაზეთის საზღვარს. აფხაზეთის საზღვარს ახლა რუსი მესაზღვრეები, ეფესბე იცავს. ეს უკმაყოფილების მეორე მხარეა. ის ხალხი, ვინც პრობლემას უშუალოდ აწყდება, ძალიან ნაწყენია - არც კი ველოდი ასეთ წყენას. აფხაზ მესაზღვრეებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ მათთან ურთიერთობა არ სურთ, რომ ისინი „არ აიყვანეს გუნდში“.

თუმცა, როგორც ანა ნემცოვამ უკვე აღნიშნა, უკმაყოფილებას ეფესბეთი აფხაზეთში მცხოვრებთა მხოლოდ ნაწილი გამოთქვამს, ანუ ისინი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვისაც უშუალოდ ეხება პრობლემები. მაშ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი აზრი? შეკითხვას ნემცოვა ასე უპასუხებს: „აფხაზეთი იმიტომაცაა კარგი, რომ ის ძალიან გამჭვირვალეა. იქ ნამდვილად დემოკრატიაა. აფხაზეთში არსებობს სიტყვის თავისუფლება, არსებობს ოპოზიცია და იქ ყველა ყველაფერს მყისიერად იგებს - შეიძლება იმიტომაც, რომ ის ასეთი პატარაა. ის, რომ მესაზღვრეები უკმაყოფილოები არიან, მთელმა აფხაზეთმა იცის.“
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG