Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლური პრესა საქართველოს შესახებ


ჰილარი კლინტონის ტურნემ 5 ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოში - დასავლეთის პრესა კიდევ ერთხელ აალაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე კავკასიაში.

„ვაშინგტონ პოსტი“ საავტორო სვეტში წერდა, რომ ამერიკამ უნდა გააგრძელოს დემოკრატიის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში და ეს უნდა გააკეთოს ისე, როგორც ყოველთვის - ტრენინგის პროგრამებისა და რადიოსადგურების დაფინანსებით. გარდა ამისა, საჭიროა დროდადრო ვინმემ დაადასტუროს, რომ დემოკრატიის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სწორედ ეს გააკეთაო.

საერთაშორისო საქმეთა ექსპერტი ჯორჯ ფრიდმენი კი ინტერნეტგამოცემა „სტრატფორში“ ამერიკის სტრატეგიას მიმოიხილავს კავკასიაში. „ამერიკული სტრატეგია უნდა შეიცავდეს საქართველოს, მაგრამ საქართველო ყოველთვის უფრო სუსტი იქნება, ვიდრე რუსეთია. თუ შეერთებული შტატები არ იქნება მზად, რომ იქ მნიშვნელოვანი ძალა განათავსოს, რუსეთს შეეძლება, ღიად და დაფარულად, იმოქმედოს ისე, როგორც სურს.“

ჯორჯ ფრიდმენი განაგრძობს, თუ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ისე, როგორც მის ოფიციალურ პოლიტიკაშია გამოხატული, მაშინ მან უნდა იზრუნოს აზერბაიჯანის, როგორც ზურგის გაძლიერებაზე და, შესაბამისად, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს მთიანი ყარაბახის დარეგულირების საკითხშიო.

ამერიკა - საქართველოს ურთიერთობებში მთავარი სიახლეა ის, რომ ამერიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ოფიციალურად დაიწყო სიტყვა „ოკუპაციის“ გამოყენება - ამის შესახებ წერს ცნობილი პოლიტოლოგი ვლადიმირ სოკორი ჯეიმსტაუნის ფონდის ანალიტიკურ გამოცემაში. თუ მეტი ქვეყანა გამოიყენებს ამ ტერმინს, ეს, როგორც მინიმუმ, ხელს შეუშლის იმ ქვეყნებს, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე ფიქრობენო, - წერს სოკორი, თუმცა იქვე დასძენს: სიმბოლიზმისა და სემანტიკის გარდა, ეს ცვლილება რაიმე ახალ, ამერიკულ პროაქტიულ პოლიტიკას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, არ ასახავსო.

„ინდეპენდენტში“ კი უილიამ დანბარი წერს, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა აღარ არის ისეთი თბილი, როგორიც ბუშის დროს იყოო. მაგალითად, წერს ავტორი, როდესაც სააკაშვილს კლინტონთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს გაუჩნდა ამერიკული იარაღის შეძენასთან დაკავშირებით, სააკაშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ, „პოლიტიკის კუთხით“, ამ მხრივ პრობლემები არ არისო.

ამერიკის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტაზე წერს გავლენიანი საიტი „ევრაზიანეტიც“. ავტორს მოჰყავს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის სიტყვები, ამერიკას საქართველოსთვის იარაღის ემბარგო არ დაუწესებიაო, და დასძენს: ის, რომ ემბარგო არ დაწესებულა, არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება იყოს ერთგვარი არაფორმალური პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას დაბლოკავდაო. ავტორი ასევე ხაზს უსვამს: „ამერიკას ორი წელია საქართველოსთვის იარაღი არ მიუყიდია, ანუ არ მიუყიდია სამხრეთ ოსეთში ომის შემდეგ. ანუ ბუშის ადმინისტრაციის შემდეგ. ანუ ეს მანამ დაიწყო, ვიდრე ამერიკა „გადატვირთვის“ პოლიტიკას გამოაცხადებდა, რომელსაც ქართული ოფიციალური მხარე „ემბარგოს“ მიზეზად განიხილავს.“

ჰილარი კლინტონის ვიზიტს მივუბრუნდეთ. „ბიბისი ნიუზი“ აღნიშნავს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სააკაშვილის მთავრობის მისამართით მხოლოდ საქებარი სიტყვები ჰქონდაო. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი გამოთქვამს თავის ვერსიას, თუ რატომ ვერ აკრიტიკებს ამერიკა საქართველოს. „გადატვრითვის“ პოლიტიკამ შექმნა შიში, რომ ამერიკა საქართველოს მსგავსი ქვეყნების იგნორირებას დაიწყებს. ამ შიშმა ამერიკაში პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა და ეს ხელს უშლის შეერთებულ შტატებს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს არათანმიმდევრულ გზაზე დემოკრატიისკენო, - უთხრა ლინკოლნ მიტჩელმა „ბიბისი ნიუზს“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG