Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა


სამთავრობო საკადრო ცლილებებთან დაკავშირებული ეჭვებისა და ვარაუდების რამდენიმეკვირიანი ეტაპი 25 ივნისს დასრულდა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებას კონკრეტული გვარები დაუსახელა. რეალობას, ასე ვთქვათ, ახალ და ძველ პოსტებზე გადანაწილებული ძირითადად ძველი სახეები წარმოადგენენ, თუმცა არის ”ახალი სისხლიც”. გამართლდა რამდენიმეჯერ უარყოფილი მოლოდინი ეკონომიკის მინისტრის შეცვლასთან დაკავშირებით. სწორედ ეს პოსტი მოექცა 25 ივნისს საგანგებო ყურადღების ცენტრში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ძველი საქმიანობის სფეროში დააბრუნეს და მას სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. მისი ადგილი დავით ტყეშელაშვილმა დაიკავა, რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, რომლის მოადგილის პოსტიც პრეზიდენტის გარემოცვაში გადასულმა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირმა ნადირაშვილმა დაიკავა.

იმისათვის, რომ დასახელებული პირები საქმიანობას შეუდგნენ, სხვა პროცედურების გავლა აღარ არის საჭირო. სამაგიეროდ, პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას თვის ბოლომდე უნდა დაელოდონ ის თანამდებობის პირები, რომლებსაც მინისტრთა კაბინეტის წიაღში განხორციელებული ცვლილებები შეეხოთ. ახლა ჩვენ სწორედ ამ სეგმენტზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ახალი მინისტრი ეყოლება რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ნამუშევარი რამაზ ნიკოლაიშვილი სამომავლო საქმიანობის მთავარ პრიორიტეტებსაც დიდწილად სწორედ გზების მშენებლობას უკავშირებს. სრულიად ახალი სამინისტროს მინისტრობა დაევალა პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს შიდა ქართლში ვლადიმერ ვარძელაშვილს. მისი უწყება, რომელიც კულტურის სამინისტროდან გამოყოფილი დეპარტამენტის ბაზაზე აღმოცენდა, ამიერიდან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სახელით იმუშავებს.

ახალი მოადგილე ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრსაც და ის თორნიკე გორდაძეა, რომელიც 25 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა ”პარიზში ძალიან ცნობილ და წარმატებულ პოლიტოლოგად” დაახასიათა. გორდაძე საგარეო უწყებაში ”ევროპულ მიმართულებას” უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის გარკვეული ქება და მადლობა ხუთშაბათს ზურაბ პოლოლიკაშვილმაც დაიმსახურა, თუმცა მას შემდეგ, რაც მას ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტი დაატოვებინეს. არსებითად, მიხეილ სააკაშვილი პოლოლიკაშვილს აქებს როგორც ”პროფესიონალ დიპლომატსა” და ”პატრიოტს”, ხოლო პოსტიდან მისი დათხოვნის მიზეზებს საქართველოს მთავრობის ზოგადი ბუნებითა და მოთხოვნილებებით ხსნის:

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
”მთავრობა, რომელიც ეფუძნება კადრების სტაბილურობას, ასევე ეფუძნება ადამიანების რეზულტატით შეფასებას... თუ ადამიანი რეზულტატს კონკრეტული მიმართულებით ვერ აღწევს, ის აუცილებლად უნდა იყოს გადასროლილი სხვა მიმართულებაზე... და მეორე, ეს არის მთავრობა, რომელიც ეფუძნება მუდმივ განახლებას ასევე და მუდმივად, თუნდაც მცირე დოზებით, მაგრამ ახალი სისხლის შეშვებას და შეშხაპუნებას.”

საით ”გადაისროლეს” პოლოლიკაშვილი, ჯერ უცნობია, თუმცა გარკვეულია ”ახალი სისხლის” ვინაობა და ის ვერა ქობალია გახლავთ, ოდნავ სახელშეცვლილი სამინისტროს ახალი მინისტრი. მის უწყებას ამიერიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ერქმევა. აფხაზეთიდან დევნილი ქობალიას წარსული კანადაში ქართული პურის ცხობის ოჯახურ ბიზნესს უკავშირდება, ხოლო უახლოესი წარსული - დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციის ”კოალიცია სამართლიანობისთვის” ხელმძღვანელობას. მოდით, ვნახოთ, რა პრინციპით იწონებს მას პრეზიდენტი სააკაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტისთვის:

”ვერა ქობალია, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვეში გააცნო თავი ჩვენს ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს... ძალიან საინტერესოდ იმუშავა და მე თვითონ ვიყავი მოწმე იმ რამდენიმე ძალიან მაგარი ღონისძიების, რაც გაკეთდა პოპულარიზაციისთვის (თუ შეიძლება ამას პოპულარიზაცია ერქვას...) იმ თემის, რომელიც არის ის ტრაგედია, რომელიც მოხდა საქართველოში... მათ შორის, მისი და მისთანების დიდი ქმედების შედეგია ის განცხადება, რომელიც გაკეთდა გუშინ ვაშინგტონში და მთელი რიგი მნიშვნელოვანი გარღვევები უკეთესობისკენ, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტში და სხვა საპარლამენტო ტრიბუნებზე, მათ შორის რამდენიმე ევროპულ პარლამენტში... ”

თუმცა ამ ეტაპზე ძირითადად ორგანიზატორული და ერთგვარი დიპლომატიური საქმიანობისთვის დაფასებული ვერა ქობალიას მთავარი სამომავლო ამოცანა ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა იქნება. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მისი წინამორბედის მისამართით გამოთქმული მთავარი საყვედური სწორედ მოზიდული ინვესტიციების სიმცირეს უკავშირდება.

სახელისუფლო გუნდს დიდი იმედი აქვს, რომ ვერა ქობალია აუცილებლად მოახერხებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ასე აუცილებელი ახალი ინვესტიციების მოზიდვას და რომ მას ამაში საერთაშორისო კონტაქტების ფართო წრეც დაეხმარება. თუმცა ეკონომიკის სფეროს ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ თავის დროზე სწორედ ასეთი კონტაქტებიდან გამომდინარე იმედები უკავშირდებოდა ესპანეთის სამეფოში ელჩად ნამუშევარი ზურაბ პოლოლიკაშვილის დანიშვნას ეკონომიკის მინისტრის პოსტზე.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მინისტრის პირადი კონტაქტები მნიშვნელოვანია, თუმცა, საბოლოო ჯამში, არც ერთი ინვესტორი არ დააბანდებს ფულს ამა თუ იმ ქვეყანაში თუნდაც ყველაზე თბილი პირადი კონტაქტების გამო. მათი შეფასებით, გადამწყვეტ როლს ამ პროცესში მაინც ის ხელსაყრელი გარემო თამაშობს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანამ უნდა შესთავაზოს ინვესტორს. საქართველოში კი საინვესტიციო გარემო, ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, ამ ეტაპზე არცთუ სახარბიელო კონდიციაშია.

ამ კონტექსტში რადიო თავისუფლებასთან საუბარში 3 ძირითად პრობლემას გამოყოფს ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. ესენია: ”საგარეო აგრესიის მომეტებული საფრთხე, საკანონმდებლო ბაზის დაუხვეწაობა და ეკონომიკური განვითარების არათანმიმდევრულობა.” ნარმანიას აზრით, ასეთი ხელისშემშლელი ფაქტორების ფონზე, ეკონომიკის ყველაზე კარგ მინისტრსაც კი გაუჭირდება ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG