Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 8 ივნისი 2010


დღევანდელ პრესაში რაიმე ერთი საერთო თემის გამოყოფა გვიჭირს, ამიტომ შემოგთავაზებთ რამდენიმე პუბლიკაციას, რომელიც სხვებზე საინტერესოდ მივიჩნიეთ.

ჯერ ”ალია” ვნახოთ, სადაც დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს ”ლეიბორისტების” ლიდერთან. ”შალვა ნათელაშვილი „ალიას“ სამოქმედო გეგმას უმხელს” - ასეთია სტატიის სათაური. სამოქმედო გეგმა კი, თავად ნათელაშვილის სიტყვებით, ასეთია: "ჩვენ შევქმენით ანტიკოლონიური ცენტრი. ჩვენ ვამხელთ ყველა იმ უცხოურ ძალას, რომელიც საქართველოში მართავს სიტუაციას და არ გვაძლევს უფლებას, რომ ქვეყანაში არჩევნები მაინც ჩვენ ჩავატაროთ. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება ეს ძალა - ვაშინგტონიდან თუ მოსკოვიდან. ყველა ეს ძალა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევა და ძალიან მალე თქვენ ნახავთ სიებს, თუ ვინ არიან აქ შემოსული მრჩევლებად, ვისი გადაწყვეტილებები საღდება საქართველოს ინტერესებად, რა მოჰყვა და რა მოჰყვება ამ გადაწყვეტილებებს”, - უთხრა ნათელაშვილმა ”ალიას” და ახსენა შეთავაზებაც, რომლითაც მისი პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს: ”შევთავაზებთ ანტიკოლონიურ პაქტზე ხელმოწერას, სადაც იქნება ვალდებულება, რომ არანაირი უცხოური ეგზიტპოლები, უცხოური სოციოლოგიური გამოკვლევები და უცხოური საელჩოებიდან მიღებული დირექტივები პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოყენებული არ იქნება.”

”რეზონანსი” კი დღეს იმის დადგენას ცდილობს, თუ რატომ არ იგრძნობა მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი. ამ შეკითხვით გაზეთმა სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს მიმართა, რომელმაც ასეთი რამე თქვა: "საზოგადოების მოთხოვნა რადიკალური ქმედებები რომ არ არის, ფაქტია. არჩევნებს არანაირი მღელვარება და გამოსვლები საზოგადოებაში არ მოჰყოლია. ასევე, ეს არ დასტურდება კვლევებით, რომელიც თუნდაც არჩევნებამდე ჩატარდა და საზოგადოების განწყობას ეხებოდა. ამ ეტაპზე მგონია, რომ საზოგადოების მოთხოვნები რადიკალიზმისკენ არ იხრება. არ არის ის განწყობა საზოგადოებაში, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.”

”რეზონანსი” დღეს ასევე ჩერქეზეთში ჩატარებულ ყრილობაზე წერს, რომელზეც ჩერქეზებმა დამოუკიდებლობა მოითხოვეს. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, იქ ძალიან რთული სიტუაციაა და არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება, სიტუაცია სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად დაიძაბებაო.

მამუკა არეშიძე დღეს ”ახალ თაობასაც” აძლევს ინტერვიუს და ამჯერად თრუსოს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობს. "თრუსოში თავდაცვის სამინისტროს ნაწილები არ შეუყვანიათ. იქ შეყვანილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები. იქ ტარდება მანევრები და ჩვენი სამხედროები წვრთნას გადიან. პირდაპირი თავდასხმის საშიშროება თრუსოზე არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე შეიარაღებული თავდასხმა მოსალოდნელი არ არის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თრუსოს გარშემო პროვოკაციები შეწყდება. რუსეთი ამ მიმართულებით აუცილებლად გაატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს”, - უთხრა მამუკა არეშიძემ „ახალ თაობას“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG