Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:39 0:00
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მალევე შეწყდა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს, ქართული, ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლები საგუშაგოებს შორის - ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე - სპეციალურად მოწყობილ კარავში შეხვედრის დაწყებას უშედეგოდ ცდილობდნენ. ქართული მხარის განცხადებით, ეს შეხვედრა ოსურმა მხარემ მიატოვა და, შესაბამისად, შემდეგი შეხვედრის თარიღიც გაურკვეველი დარჩა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ოსურმა მხარემ წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის განხილვა არ ისურვა, რაც ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო სოფლებში მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიას და საქართველოს მოქალაქეების დაკავების შეწყვეტას ეხებოდა.

ოსურ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ ერგნეთის საგუშაგოზე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ბოლათ ნურგალიევი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჰანს იორგ ჰაბერი გამოჩნდნენ. პირველი კომენტარი ჟურნალისტებს ბოლათ ნურგალიევმა მისცა , რომელმაც აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მხარეებს შორის შეხვედრები გაგრძელდეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის თქმით, ერთი საათის განმავლობაში მხარეებმა მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა შეძლეს, თუმცა ისიც ზოგადად.

დღევანდელ შეხვედრაზე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშის მოსმენაც იგეგმებოდა. ექსპერტები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ. როგორც ბოლათ ნურგალიევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ექსპერტებმა სამუშაოს დასრულებამდე ვადა 15 ივნისამდე ითხოვეს, რომლის შემდეგაც მხარეებთან კონსულტაციებს გამართავენ, ხოლო 15 ივლისისთვის ანგარიში საჯარო გახდება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ერგნეთში 5 თვეზე მეტია არ გამართულა, ოსური მხარე მასში მონაწილეობას დაკარგულების ბედის საბოლოო გარკვევამდე არ აპირებდა, მაგრამ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ბოლო ვიზიტისას ეს პრობლემა დადებითად გადაწყდა, თუმცა დღევანდელი შეხვედრა მაინც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებს მორიგი შეხვედრა ექნებათ უკვე 8 ივნისს ჟენევაში, დისკუსიის მორიგ რაუნდზე, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების საკითხიც გადაწყდება.
XS
SM
MD
LG