Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 24 მაისი 2010


მიმოხილვას ”მთელი კვირით” დავიწყებთ, სადაც დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს ამერიკის ელჩთან საქართველოში ჯონ ბასთან. ”ამერიკას საქართველო არ მიუტოვებია” - ასეთია სტატიის სათაური. ”შემიძლია გავიგო, თუ რატომ გამოითქმება ასეთი მოსაზრებები, - თქვა ელჩმა და დასძინა: ”რაც შეიცვალა ობამას მოსვლის შემდეგ, არის რუსეთთან ურთიერთობების მიდგომა. ჩვენ ვცდილობთ დიალოგი გვქონდეს საერთო საკითხებზე და მივუდგეთ განსხვავებული გზით. მაგრამ ჩვენ რუსეთთან ამ დიალოგს ვმართავთ ისე, რომ ძალიან ნათლად და მკაფიოდ ვამბობთ, რომ გვაქვს უთანხმოება ცალკეულ საკითხებში. ძალიან მკაფიოდ და ნათლად არ ვეთანხმებით რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში”, - უთხრა ჯონ ბასმა ”მთელ კვირას.”

ეს, რაც შეეხებოდა ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებს. სხვათა შორის, იგივე ”მთელი კვირა” დღეს აქვეყნებს რადიო ”ამერიკის ხმის” კორესპონდენტის სტატიას, სათაურით ”ვაშინგტონმა თბილისისგან დაშორება დაიწყო“. ისე კი ქართული პრესის უდიდესი ნაწილი დღესაც წინასაარჩევნო სტატიებს ეთმობა. ”კვირის პალიტრა“, მაგალითად, აქვეყნებს ვრცელ სტატიას, უფრო სწორად, ერთგვარი ინტერვიუების ნაკრებს, სადაც მერობის კანდიდატები მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხებენ. ამ პუბლიკაციას სახელად ჰქვია ”წაიკითხეთ გულისყურით, არ აირჩიოთ უგულისყუროდ”.

არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გაესაუბრა ”ახალი თაობა” ექსპერტ გია ხუხაშვილს. არჩევნების დღეს კენჭისყრის გაყალბება არ არის მთავარი”, - თქვა გია ხუხაშვილმა და დაამატა:”რაც ხდება, ამას გაყალბება, ალბათ, არ ჰქვია. სახელისუფლებო რესურსით სრული ნიჰილიზმის, სკეპტიციზმის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. ეს დამთავრებული პროცესია და, ალბათ, ამ ნიშნით ეს არჩევნები გამორჩეული იქნებაო”, - უთხრა გია ხუხაშვილმა ”ახალ თაობას”.

სხვა თემებიც რომ მიმოვიხილოთ, აქვე, „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ ახალი კინოპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც ერთი წლის განმავლობაში კინოსტუდია „სანგუკო“ 5 ახალ ქართულ ფილმს გადაიღებს. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ამ ხუთიდან 4 ფილმის რეჟისორთან, რომლებიც მომავალი ფილმების შინაარსებს ჰყვებიან.

დაბოლოს, არც იმის უხსენებლობა შეიძლება, რომ ბევრი დღევანდელი ქართული გაზეთი ამა თუ იმ ფორმით ეხება ეგრეთ წოდებულ უხამსობის წინააღმდეგ კანონს, რომლის ინიციატორიც საპატრიარქო გახლავთ. ამასთან დაკავშირებით „რეზონანსი“ აქვეყნებს გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 85 პროცენტამდე ასეთი კანონის მიღების მომხრეა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაზეთის საიტზე ჩატარებული გამოკითხვაა, რომელიც შეიძლება არ ასახავდეს რეალობას.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG