Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის ქართული პრესის მიმოხილვა


საინტერესო შეკითხვა დაუსვამს ტელეკომპანია “კავკასიას” საკუთარი მაყურებლისთვის. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, შეკითხვა შემდეგია: “რამდენად გამოხატავენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალები თქვენს ინტერესებს?” მონაწილე ტელემაყურებელთა 75 პროცენტს უთქვამს, რომ არ გამოხატავენ. თუმცა საქმეში ისევ არა საქმე, თემები, პროგრამები, იდეოლოგიები, არამედ პიროვნული კულტი ერთვება და პოლიტიკური სიცარიელის შესავსებად “რეზონანსი” კახი კალაძისა და პაატა ბურჭულაძის ფოტოებს ბეჭდავს.

“მათ აინტერესებთ რა პოლიტიკური ძალებია ქვეყანაში, რომელთაც აქვთ პრეტენზია მართონ ქვეყანა”, ამბობს პაატა ზაქარეიშვილი დღევანდელი “რეზონანსის” სტატიაში, სათაურით “რატომ მიიწვიეს ნინო ბურჯანაძე ა.შ.შ-ში”.

პრესაში გაცილებით მეტი ინფორმაციაა იმაზე, თუ როგორ არ უნდა გაყალბდეს არჩევნები, როგორ ითვლება, ფალსიფიცირდება, როგორ ქრება ან როგორ ჩნდება ამომრჩეველი, ვიდრე თავად არჩევნების შინაარსსა თუ საარჩევნო პროგრამებზე. Pპოლიტიკოსები საზოგადოებას პრესის ფურცლებიდან პროგრამების ნაცვლად პატრიოტული ლოზუნგებით მიმართავენ, ერთმანეთს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ და ამომრჩეველს სთხოვენ არჩევნებზე მოვიდეს და ხმა სწორედ მათ მისცეს. ზვიად ძიძიგური “რეზონანსის” ფურცლებზე: ”გთხოვთ ყველას როგორც ძმა, როგორც შვილი და როგორც მეგობარი, გამოდით არჩევნებზე და გადავარჩინოთ საქართველო”. ძიძიგური ვარაუდობს, რომ მთავრობას, მთელი თავისი გამყალბებლური მეთოდებით, 150 ათასი ხმის ფალსიფიცირება შეუძლია, ამიტომ, მისი კალკულაციით, 400 ათასი არჩევნებზე მოსული მოქალაქე მისი გამარჯვების ტოლფასია.

“საქართველოს რესპუბლიკა” რუბრიკაში “დღის ჭირ-ბოროტი” საარჩევნოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და ამ მიზნის განსახორციელებლად ლეგალური სარჩულის შექმნის შესაძლებლობებზე წერს. Gგაზეთი ჰყვება პრესკონფერენციაზე, რომელსაც ორგანიზაცია “სიმპათია” და პოლიტიკური მოძრაობა “თეთრები” მართავენ. “საქართველოს რესპუბლიკა” აქვე აზრს ეკითხება ზაქარია ქუცნაშვილს, რომელიც პირდაპირ ამბობს: ”პროცესის შემქმნელი პოლიტიკოსები გვიჭირს, თორემ პრესკონფერენციის მომწყობები ბლომად გვყავს”.

“ალიას” წინა გვერდზე დიდი ასოებითაა დაბეჭდილი ქვეყნის პრეზიდენტისადმი Kკობა დავითაშვილის მიმართვა: ”სააკაშვილო, მაშ მტყუნის, რამდენადაც შენ მართალი ხარ”. სტატიაში დათვლილია პრეზიდენტის ტყუილები, რომელთაც მისი ყოფილი თანამებრძოლი იხსენებს. A”ალია” პრეზიდენტ სააკაშვილის უმრავლესობასთან შეხვედრაზეც წერს, სადაც სააკაშვილი ამბობს: ”ოპოზიცია ღრუბლებში დაფრინავს, ხალხს კომუნიზმს ჰპირდება - უფასო ჯანდაცვა, უფასო წყალი და ასე შემდეგ. ეს ტყუილი დაპირებებია”.Oსააკაშვილის ამ განცხადებას “ალიაში” კობა დავითაშვილი უპასუხებს და დეტალურად ჰყვება რა დროს რა შეუსრულებელი დაპირება გასცა წინაასარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილმა.

არჩევნებზე, მოსალოდნელ დაპირისპირებასა და ამ დაპირისპირებაში რუსეთის კვალზე ამ კვირის გაზეთები ბევრს წერენ. “ალიაში” მამუკა არეშიძე საფრთხეებზე ჰყვება და ამბობს, მოსკოვი თბილისში შემოვაო, ამის ნიადაგად კი საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას გამოიყენებსო. თუმცა სხვა, ქართული პოლიტიკური სივრცის პროგნოზირებაში გაწაფული ექსპერტები უფრო პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ. კრემლის სცენარებზე ისინიც საუბრობენ და ამბობენ, მაგათ ისეთი სცენარები აქვთ, “იმედის” ქრონიკა იავნანად მოგეჩვენებათო, მაგრამ იქვე დასძენენ, არჩევნებს გამჭვირვალედ და სამართლიანად თუ ჩავატარებთ, ეს კრემლისთვის ცივი შხაპი იქნებაო. Aამას ამბობს დღევანდელი “რეზონანსის” სტატიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის სპიკერი კახაბერ ლორია. თუმცა ბატონი ლორია კრემლის სცენარების არიდების ერთადერთ საშუალებად მმართველი ძალის დამაჯერებელ გამარჯვებას მიიჩნევს.

ქვეყანა ექსპერტებითაა სავსე და ეს სოროსის ბრალიაო, წერს “ახალი თაობა” თვრამეტ მაისს ინტერვიუში ექსპერტ სანდრო ბრეგაძესთან. იმავე ნომერში სხვა ბევრი ექსპერტიც საუბრობს პოლიტიკური ელიტის კრიზისსა თუ ფარულ რუსულ კავშირებზე.

გაუნათლებელ და უდიპლომო ჩინოსნებს ჰკრავს წკიპურტს “საქართველოს რესპუბლიკა” რუბრიკაში “პოლიტიკური წკიპურტი”. Yყველაზე მეტი კობა ხაბაზს ხვდება. ”ხაბაზმა რომ პური გამოაცხოს და კანონები კი ჭეშმარიტმა პოლიტიკოსებმა შექმნან, მართლაც აჯობებდაო”, წერს “საქართველოს რესპუბლიკა”.

საფრთხეებზე საუბრისას უფრო პირდაპირია კვირის დასაწყისში “ალია”. ის ინტერნეტში დასკანირებულ ბროშურებზე საუბრობს, რომლებიც, გაზეთის დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუს სამხედროებს ურიგდებათ, რათა ეს უკანასკნელნი ”საქართველოზე თავდასხმისთვის მორალურად და ფსიქოლოგიურად მოამზადონ”. A”ალია” ინფორმაციის წყაროს არ უთითებს, თუმცა ამ გავრცელებულ ინფორმაციაზე აზრს ქართველ ექსპერტს ეკითხება. Eსამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს, ჯარში პროპაგანდა ჩვეულებრივი ამბავიაო, თუმცა “ალია” თავისას არ იშლის და სათაურში კითხულობს: “რუსეთი საქართველოსთან ახალი ომისთვის ემზადებაო?”

ჩაშლის თუ არა ოპოზიცია აღლუმს, აღიზიანებს თუ არა ხელისუფლება საზოგადოებას და გვიგებს თუ არა რუსეთი ახალ ხაფანგს? ოთხი დღით დაცილებული აღლუმი და არჩევნები ქართულ პრესაში ექსპერტებისა და საექსპერტო აზრის მაძიებელი ჟურნალისტებისთვის დიდ სივრცეს ქმნის. ზოგი ამბობს, დაპირისპირება მოხდება, ზოგი - არაო, ზოგი ამბობს, თუ მოხდა, ხელისუფლების, ზოგიც - ოპოზიციის ან ორივეს ბრალიაო. პრესა ქექავს, ვინ ვის უკან დგას და რა მიზნებს ემსახურება, რაც მთავარია, ვის უკან დგას რუსეთი,

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, 26 მაისი არც ოპოზიციას ეკუთვნის, არც ხელისუფლებასო. Bბუნებრივია, პირველ რიგში, ხალხი და საზოგადოება იგულისხმება. ხალხის ძალაზე საუბრობს ოპოზიციონერი გოგა ხაინდრავაც, რომელიც “ალიას” სტატიაში ამბობს: “წყალს წავუღივართ ჩვენც და ნაციონალური მოძრაობაც, მთავარია, რას გადაწყვეტს ხალხიო”. ფიქრია ჩიხრაძე კი ორივე მხარეს, ანუ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ადანაშაულებს: ისინი წინასწარ ძაბავენ ურთიერთობებს და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ორივე მხარემ უნდა გაინაწილოსო.

ერთი დეტალი აშკარად იკვეთება: რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, მით უფრო მეტი და მით უფრო გადაუმოწმებლად იწერება გაზეთებში მტრებზე, მტრულ ხაფანგ-შეთქმულებებზე, სცენარებზე. ერთმანეთის უშვერად მოხსენიება და ხმამაღალი პატრიოტული განცხადებები, როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკური სპექტრის წინასაარჩევნო სტრატეგიად აღიქმება. საინტერესო გამონათქვამია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილისა „ალიაში“: ”არჩევნებამდე არჩევნების გაყალბება შეუძლებელია”. ზაქარეიშვილის თქმით, წინასწარ საფრთხეებზე, ჩავარდნებსა და ხაფანგებზე საუბარი მოქალაქეებში უარყოფით ფონს ქმნის და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს კლავს.“
XS
SM
MD
LG