Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 მაისი 2010


დღევანდელ პრესაში კვლავინდებურად აქტუალურია მსჯელობა თემაზე, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით ბევრს ამაზე დღეს ”რეზონანსი” წერს. მოწინავე სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”თქვა თუ არა ოპოზიციამ რუსული სცენარით საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე უარი”, ძირითადად, განხილულია რუსული გამოცემა ”კომერსანტის” სტატია, სადაც სწორედ ამ თემაზე მსჯელობენ. გაზეთი აქვეყნებს კახა კუკავას კომენტარს: ”თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩვენი დახმარებით საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობს,მაშინ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრან და არა კომენტარები აკეთონ.“

”რეზონანსივე” წერს, რომ რუსეთისგან პროვოკაციას სტეფანწმინდაში ელოდებიან. აქაურების განწყობაზე სტეფანწმინდელი ზაზა წიკლაური ლაპარაკობს, რომელიც ამბობს, წინასაარჩევნოდ რუსებს ანტირუსული განწყობის გაღვივება ხელს არ აძლევთ და ამიტომაც არიან გაჩერებულნი. აი, მერე რა იქნება, ამაზე უნდა ვიფიქროთო.

”ალია” დაწვრილებით მიმოიხილავს ინციდენტს, რომელიც, მისი ცნობით, კლუბ ”ქალაქურში” მოხდა და რომელში ჩართულ ახალგაზრდასაც გაზეთი ერეკლე კოდუას მეჯვარედ მოიხსენიებს. ჟურნალისტი წერს, ჩხუბი უბრალო ხულიგნობა იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ დაცვამ, რომელსაც კოდუას სახელი უხსენეს, პოლიცია არ გამოიძახა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მოჩხუბარს იარაღი ჰქონდა, თუმცა კი არ უსვრიაო.

რამდენიმე გაზეთი წერს დღეს კანონის შესახებ, რომელმაც საზოგადოება უხამსობისგან უნდა დაიცვას. ”საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდზე აქვეყნებს საპატრიარქოს განცხადებას, რომლის სათაურიცაა „თავისუფლება ყველაფრის უფლებას არ ნიშნავს“ და სადაც ნათქვამია, ზოგი მართლმადიდებელთა პროვოცირებას ახდენს, რათა ეკლესიის ავტორიტეტზე განახორციელონ დარტყმა. დღეს თუ გააგრძელეს აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიური გრძნობების შელახვა, ამან შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს, ამიტომაცაა საჭირო კანონის მიღება, რომელიც პიროვნებისა და საზოგადოების პატივსა და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს დაიცავსო.

ამ კანონის შინაარსს ”ახალ თაობასთან” საუბარში განავრცობს პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია, რომელიც განმარტავს, თუ რას ნიშნავს საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა. ”ხაზგასმული იქნება, რომ დედის გინება, რელიგიის, რელიგიური გრძნობების შეგინება, ბილწსიტყვაობა ასევე არის უპატივცემულობის გამოხატვა და ჩვეულებრივი ხულიგნობა, რომელიც კანონით ისჯებაო,- თქვა ბაღათურიამ. უფრო მეტს ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG