Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


პოლიტიკური ბატალიები კვირის პრესაში სხვა - უფრო ფუნდამენტურმა -პრობლემებმა დაჩრდილა. რელიგიური კონტექსტი გაზეთებში კვირის დასაწყისიდან გიორგობის პოლიციის დღედ აღიარებამ გააჩინა და მოგვიანებით უფრო რადიკალური ბრძოლის ფორმებისა და შინაარსის გაშუქებით გაგრძელდა. წიგნი, სათაურით „საიდუმლო სირობა“, თავდასხმები თავისუფლების ინსტიტუტზე, პროტესტის სხვადასხვა - ხშირად ძალისმიერი - ფორმები და სამართალდამცავთა პასიური დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ პრესამ ყურადღებით გააშუქა.

ჭეშმარიტებისთვის ბრძოლის ორი ძირითადი ბანაკი ამ კვირის პრესაში მალხაზ გულაშვილის ახალი მოძრაობა და თავისუფლების ინსტიტუტია.

დღევანდელ „რეზონანსში“, სათაურით „ბრძოლა გაგრძელდება“, მართლმადიდებლები თუ ლიბერალები, მართლმადიდებლობის დამცველნი მეორე მხარეს ჰოლანდიისა და იტალიისკენ ერეკებიან, მათი ადგილი იქ არისო, მეორე მხარე კი უპასუხებს, შენი ადგილი ირანშიაო. აქტივისტები პრესის ფურცლებზე ცდილობენ გაიგონ რა არის დემოკრატია: „დემოკრატია შეურაცხყოფას არ ნიშნავსო“, თუმცა ამ სიტყვების წარმომთქმელნი იმავე სტატიაში უშვერი სიტყვებითა და მუქარით საუბრობენ განსხვავებული აზრის ძალით ჩახშობაზე. მეორე მხრივ, პრესა აქტიურად აშუქებს ახალი წიგნის გამოჩენას, სახელწოდებით „საიდუმლო სირობა“, და ცდილობს დაადგინოს ზღვარი საკუთარ და სხვის თავისუფლებას შორის.

ძალიან საინტერესო წინა გვერდი აქვს დღევანდელ „საქართველოს რესპუბლიკას“. მთავარი სტატიის სათაურია: „მეგობრებო, გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავს“. სტატიაში ბელადსა და საბჭოეთის ფაშიზმთან ბრძოლაზეა მოთხრობილი, ხოლო სათაურქვეშ მეორე სათაური ამბობს, თავისუფლების ინსტიტუტი ამორალობის საამქროაო. თავად სტატია კი ასე იწყება: „ყველაზე დიდი საშინელება თავისუფლების ინსტიტუტია და რატომღაც ამას ვერ ვხვდებით“. შემდეგ უკვე სტატიაში ვითარდება აზრი, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართული იდენტობის დაცვა და ნათქვამია, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოყენებული მეთოდები უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, ვიდრე ტანკები, რადგან ამ მეთოდების გამოყენებას ქართული იდენტობის სხვა ხალხების იდენტობებში ათქვეფას და გაქრობას გამოიწვევსო.

დღევანდელი „ოცდაოთხი საათი“ აქვეყნებს ახლად ჩამოყალიბებული „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ დეკლარაციის ფრაგმენტს, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტს ადანაშაულებს „საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობისთვის და საღი ცნობიერების, ჭეშმარიტი მოქალაქისა და განათლებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებისათვის საფრთხის შექმნაში“.

ნეიტრალური პოზიციის ჩამოყალიბებას ცდილობენ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები „24 საათის“ გვერდზე. ისინი მხარეებს ერთმანეთის აზრის პატივისცემისკენ მოუწოდებენ და მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტი თავისუფალი უნდა იყოს გავლენებისგან, თუმცა აქვე ამბობენ, რომ ერთადერთი პროგრესული გზა პროდასავლური კურსია.

მეორე მხრივ, საინტერესოა კომენტარი „რეზონანსის“ ფურცლებზე ერთ-ერთი მოძღვრისა, რომელიც ამბობს: „თუ ვიტყვით, რომ თქვენც მართლები ხართ და ჩვენც, იმ ადამიანებს ვერ ვასწავლით ცხოვრების გზას.“

ფუნდამენტურად კულტურული თუ რელიგიური თემებითაა განმსჭვალული პრესის ფურცლებზე კვირის პოლიტიკაც. ყველაფერი კი რელიგიისა და ახლად დანიშნული პროფესიული ზეიმის ერთ დღეს, 6 მაისს, შეხვედრით იწყება. ოპოზიცია კვირის დასაწყისიდან იმუქრება, რომ არ დაუშვებს ამ დღის პოლიციის დღედ გამოცხადებას და რომ ამით ხელისუფლება ფუნდამენტურ ღირებულებებს უპირისპირდება. არის უფრო კონკრეტული წინააღმდეგობაც, როგორიცაა პოლიციის მიერ ერთი წლის წინ 6 მაისს ჩადენილი ძალადობა, რის ფონზეც მოწინააღმდეგენი ახლად დანიშნული პროფესიული დღის უკან ხელისუფლების ცინიზმს ხედავენ. ზოგიერთი გაზეთი ამ თემაზე წერისას წინა გვერდზე პოლიციის მიერ დახოცილ ახალგაზრდათა სურათებს აქვეყნებს, ოპოზიცია კი პრესის ფურცლებზე ღმერთს ხშირად ახსენებს და მთავრობის უღმერთობაზე საუბრობს, რის ქვეტექსტიც, ბუნებრივია, სწორი და არასწორი პოლიტიკური კურსის გამიჯვნაა.

ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას პოლიტიკოსები სხვა - უფრო რადიკალური -ფორმითაც ახერხებენ. მაგალითად, ზვიად ძიძიგურს მიაჩნია, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს უნდა უმკურნალო და მათი კომუნიკაცია ჩაკეტო, რათა მათი ტირაჟირება არ მოხდეს. იმავე მოტივით ძიძიგური „რეზონანსის“ ფურცლებზე მხარს უჭერს ახლად ჩამოყალიბებულ მალხაზ გულაშვილის მოძრაობას, როგორც გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლას.

მტრის თემა ამ კვირის გაზეთებში ისევ აქტუალური თემაა. მის გარშემო ბრუნავს პრესის ფურცლებზე ოპოზიცია, რომელიც ერთობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საჭიროებით ხსნის, ხელისუფლება, რომელიც სისტემის ცენტრალიზაციას იმავე მიზანს უკავშირებს და რელიგიური და კულტურული ჯგუფები, რომლებიც ქართული სულის დაცვას ცდილობენ, რაც, მათი თქმით, საქართველოს ბრძოლისუნარიანობას განამტკიცებს.

საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს „კვირის პალიტრა“ ამერიკის ელჩ ჯონ ბასთან, რომელიც ამბობს, რომ განვითარების ამ ეტაპზე ქვეყანაში სამტრო საფრთხეების აღმოფხვრის ერთადერთი გზა საზოგადოების მხრიდან სისტემის რწმენა და ჩართულობაა - ერთობა, რომელიც დემოკრატიულ კულტურაზე დგას, განსხვავებათა თანაცხოვრებაზე, ურთიერთაღიარებასა და პატივისცემაზე. ამის მიღწევა კი, ბასის აზრით, ინსტიტუციების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებითაა შესაძლებელი, ეს კი, თავის მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით მიიღწევა. „სამართალი ბრმაა“ - ასეთ ციტატას იშველიებს ბასი, როცა ცდილობს ახსნას, რომ სამართლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ინდივიდი, იგი ყველას მიმართ თანაბარი უნდა იყოს. ბასის აზრით, ამ პროცესში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და ასევე მთელ პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება. ბასს მიაჩნია, რომ კონკრეტული ეროვნული უსაფრთხოების თემებიც ამ ჭრილში უნდა განიხილებოდეს, ანუ მათი დარეგულირება საზოგადოების ჩართულობით უნდა ხდებოდეს, რადგან სხვა შემთხვევაში ამ თემებს დემოკრატიის რღვევის პოტენციალი აქვს. ბასი მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ეროვნული უსაფრთხოების თემით მანიპულირებისა და ცენტრალიზებული, არადემოკრატიული გადაწყვეტილებებისგან, რაც, ბასის აზრით, უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG