Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ


26 მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი "გენდერული თანასწორობის შესახებ”. რამდენიმე დღის წინ კი რუსუდან კერვალიშვილის მოლოცვის წერილიც მივიღე ელექტრონული ფოსტით სხვა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ადრესატების დიდი ნაწილი უშუალოდ იყო ჩართული კანონპროექტის მომზადება-ლობირების პროცესში და მათი რეაქცია და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც საკმაოდ ბუნებრივი იყო.

„ოჯახური ძალადობის შესახებ კანონისაგან“ განსხვავებით, ჩვენი მედია საკმაოდ გულგრილად შეხვდა ამ მოვლენას. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისევ და ისევ სენსაციასა და სანახაობაზე დახარბებული მედია პოლიტიკაა. ჩვენი პოლიტიკოსები ამჯერად მოერიდნენ მსგავსი ცირკის გამართვას პარლამენტში. მაშინ თითქმის ყველა მაუწყებლობამ ცალ-ცალკე გვაჩვენა და მოგვასმენინა, როგორ ხორხოცებდნენ ჩვენი ძვირფასი პარლამენტარები ბ-ნი ბესო ჯუღელისა და თამაზ ხიდაშელის ორაზროვან კომენტარებზე. ერთი მათგანი თვლიდა, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის მიღება მხოლოდ კიტრის ფუნქციას უტოვებდა ოჯახში (მისი სიტყვებია), მეორე კი – ცოლზე ქმრის სექსუალური ძალადობის კანონით დარეგულირების მცდელობამ გამოიყვანა წყობიდან:

„როცა მამაკაცი სექსუალური საკითხის გადაჭრას გეგმავს, დროის რა მონაკვეთში უნდა აცნობოს მან ამის შესახებ თავის მეუღლეს და როგორ უნდა გააკეთოს ეს - დეპეშის თუ წერილის სახით? და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ თხოვნაზე თანხმობა უკვე მიღებულია, ვინ უნდა მოიწვიოს წყვილმა აღნიშნულ აქტზე დასასწრებად, რათა დაფიქსირდეს მისი კანონთან შესაბამისობა - რაიონის, ქალაქის ხელმძღვანელობა თუ პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი?".

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ძალიან მოვინდომე ინტერნეტის მეშვეობით მაინც მომეძებნა სხდომის ჩანაწერი ან რაიმე სიუჟეტი ამის თაობაზე. სამწუხაროდ, რუსუდან კერვალიშვილისა და გია არსენიშვილის მცირე კომენტარის გარდა ვერაფერი მოვძებნე. პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული სხდომის ოქმში წერია, რომ კანონი 93 ხმით მიიღეს, წინააღმდეგ კი არც ერთი დეპუტატი არ წასულა. შესაძლოა, ამის მიზეზი კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტიდან ამოკლებული მუხლები იყოს (ამაზე სხვა დროს) ან ჩვენმა პარლამენტარებმა სიტყვა ”გენდერს” უკვე შეაჩვიეს ყური და მაინცადამაინც სახალისოდ აღარ ეჩვენებათ. საინტერესო იქნებოდა თუნდაც დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როგორ უყურებს გენდერული თანასწორობის საკითხის განხილვას პარლამენტში – ეკლესია ხომ ქალს მამაკაცის მორჩილებას უქადაგებს. მისი აზრით კი, კანონები, რომლებიც ქვეყანაში სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს, სრულ თანხმობაში უნდა იყოს სჯულის კანონთან.

ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ომბუდსმენობის კანდიდატი გახლდათ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბევრი გვესაუბრა ამის თაობაზე და გვარწმუნებდა, რომ ის, რასაც ჩვენი ეკლესია ცოდვად მიიჩნევს, ავტომატურად დანაშაულიც უნდა იყოს. ომბუდსმენობის კომპეტენციის ფარგლებს ნამდვილად სცილდება თუნდაც ქვეყანაში ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციის მოთხოვნა. ის პარლამენტშიც ჯერ-ჯერობით და, საბედნიეროდ, უმცირესობას წარმოადგენს. სამაგიეროდ, ამგვარი განცხადების მიუხედავად მშვიდად აგრძელებს თავის მოღვაწეობას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ქართული პოლიტიკა სავსეა ამგვარი პარადოქსებით.

ორიოდე წლის წინ, გადაცემა ”ტაბუში”, რომელიც ქალთა პოლიტიკურ აქტივობას ეხებოდა, ქ-ნმა ეკა ბესელიამ ლამის ბოდიშები იხადა - რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მე, როგორც მორწმუნე მართლმადიდებელი, ყოველთვის ვაღიარებ რომ ქალი მამაკაცს უნდა მორჩილებდესო . მისი პოლიტიკაში მოსვლა კი ქვეყანაში არსებული სიტუაციით ახსნა და დაგვაყვედრა კიდევაც, რომ ჩვენს გამო ასეთ მსხვერპლზე მიდიოდა. ქალი პოლიტიკოსის ახალი იმიჯი - მონანიე ცოდვილი, მგონი მხოლოდ ჩვენნაირი გაუკუღმართებული პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანაში თუ შეიძლება არსებობდეს.

„...დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ, მე, როგორც ერთი თქვენთაგანი, მართლმადიდებელი აღმსარებელი, უპირობოდ ვიღებ ფორმულას, ფრაზასა და მტკიცებულებას, რომ კაცი არის თავი და ქალი მას უნდა მორჩილებდეს, ეს მეც კი, ქალს, რომელსაც მიაჩნია, რომ ყოველთვის ვიყავი დამოუკიდებელი, აქტიური და ა.შ. უპირობოდ ვიღებ ამ ფრაზას და ამ განმარტებას", განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის წევრებსა და გარეთ მყოფ ოპოზიციას თავი რომ დავანებოთ, მართლა საინტერესოა, როგორ იმუშავებს კანონი "გენდერული თანასწორობის შესახებ” ქვეყანაში, სადაც, სჯერათ, რომ ”დედაკაცი შარვალში სძაგს უფალსა”.
XS
SM
MD
LG