Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 22 აპრილი 2010


დღევანდელ ქართულ პრესაში ბევრგან შეხვდებით მსჯელობას იმაზე, არის თუ არა დაპირისპირება სახელისუფლებო გუნდში და ასევე სპეკულაციებს, თუ ვინ ვის უპირისპირდება და რატომ. „საქართველოს რესპუბლიკა“ პირველ გვერდზე აქვეყნებს ფოტომონტაჟს, რომელზეც ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა არიან გამოსახულნი. ფოტოზე შინაგან საქმეთა მინისტრს თბილისის მერის თავი იღლიაში აქვს მოქცეული და მას თმას სწიწკნის. ”გიგი უგულავა საშიშია!” - წერს ავტორი და განაგრძობს:”თბილისის მერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაპირისპირებაზე არაერთხელ მიანიშნეს საზოგადოებას, თუმცა კი ეს აზრი საფუძველშივე ქრებოდა, ნაციონალთა ერთობლივი თამაშის წესებიდან გამომდინარე. ”საქართველოს რესპუბლიკის” აზრით, სახელისუფლებო გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე მიანიშნებს რამდენიმე დღის წინ ერეკლე კოდუას ცოლისძმის დაპატიმრება. კოდუას ავტორი კუდ-ის შეფს უწოდებს.

აი, ”ალია” კი უკეთაა ინფორმირებული მისი თანამდებობრივი მდგომარეობის შესახებ. ”ერეკლე კოდუა სოდის უფროსი აღარაა” - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”ვანო მერაბიშვილმა კოდუას ჩამოლაბორანტება ორწლიანი დაპირისპირების ფონზე მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც კოდუას ცოლისძმამ ვაკეში სიძის ერთი ადგილით იბლატავა”. სტატიის სათაურია: ”რატომ გაწირეს ერეკლე კოდუა”. კარგა გრძელი პუბლიკაციაა, სადაც დაწვრილებითაა მოთხრობილი დაპირისპირების ”ალიასეული” ვერსია. ”ალია” წყაროებს არ ასახელებს, მაგრამ ჰყვება ამბებს მინისტრის კაბინეტში სროლებისა, მანქანების წართმევის, ჰყვება, როგორ მიაბეგვინა კოდუამ უკრაინაში დათა ახალაია, რითაც „აბაროტი აუღო მას ზუგდიდში რესტორნის წართმევის გამო.“

ბუნებრივია, გაზეთები მხოლოდ ხელისუფლებაზე არ წერენ. დღეს უფრო ხშირად გია გაჩეჩლაძის ფოტოს ნახავთ და მისი სახელის თუ ფსევდონიმის ხსენებას შეხვდებით. ”უცნობის დილემა” - ასე ჰქვია სტატიას „რეზონანსში“. პუბლიკაციის ავტორი სხვადასხვა პოლიტიკოსებს ეკითხება, თუ რას ფიქრობენ იმის შესახებ, რომ ”უცნობმა”, შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს თვითმმართველობის არჩევნებზე. ”გია არის პოეტი კაცი და ახლა რაღაც პოლიტიკური პოეზია აქვს ჩაფიქრებული”, - უთხრა ზვიად ძიძიგურმა ”რეზონანსს”. ლევან ვეფხვაძემ კი ასე თქვა: ”შეიძლება ადამიანი ჭკვიანი იყოს, კაი ბიჭი იყოს,მაგრამ ამომრჩეველმა ხმა არ მისცეს, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ კარგი პროგრამა აქვს.” - სტატიას ”რეზონანსში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG