Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტი


როგორც ამბობენ, ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 4000 წლით ადრე, ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანი ნადირობიდან და შემგროვებლობიდან მიწათმოქმედებაზე გადავიდა და ცხოველების მოშინაურება დაიწყო, გაჩნდა სპორტის პირველი ელემენტები.

დაახლოებით 1400 წელს ინგლისში პირველად იხმარეს სიტყვა „სპორტი“ ვარჯიშის მნიშვნელობით. სპორტის ცნებაში შეჯიბრი ცოტა გვიან შემოვიდა. სპორტი კი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შეჯიბრის ელემენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მხოლოდ ვარჯიშია.

ხოლო შეჯიბრის ჟინი, ისევე, როგორც ყველა ცხოველს, ადამიანსაც გენებში აქვს ჩადებული. ასე რომ, სპორტული შეჯიბრი საზოგადოებისთვის ისევე ჩვეული და მკაცრია, როგორც ფრინველების მიგრაცია, ირემთა ბრძოლა და ცხოველთა სამყაროს სხვა რიტუალები.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ დღესაც კი, ადამიანებს ყველაფერზე მეტად ერთმანეთთან გაჯიბრება და სხვათა შეჯიბრის ყურება მოსწონთ.

ამ მხრივ, წელს სპორტის მოყვარულებს დიდი დატვირთვა აქვთ. გარდა ტრადიციული, ყოველწლიური ტურნირებისა, 2010 ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და პლანეტის ყველაზე პოპულარული შეჯიბრის - ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის - წელია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არც ზამთრის სპორტის სახეობები და არც ფეხბურთი საქართველოს საქმე არ არის.

საერთოდ, ორი უკანასკნელი ოლიმპიური თამაშების გახსნა საქართველოსთვის უბედურებებთან არის დაკავშირებული: ორი წლის წინ, პეკინის თამაშების გახსნას რუსეთთან ომის დაწყება დაემთხვა, წელს კი ჯერაც არ განელებულა ახლგაზრდა ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი.

საქართველოს სპორტსმენების ყველაზე დიდი მიღწევა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრე ადგილია. ასეთი შედეგი აჩვენა 50 წლის წინ ტრამპლინიდან მხტომელმა კობა წაქაძემ. წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების იმედი გაჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ელენე გედევანიშვილი ფიგურულ სრიალში მხოლოდ მე-14 ადგილს დასჯერდა.

თუმცა, ჩემი აზრით, ამ თამაშებზე უფრო სამწუხარო ჩვენი ფიგურულ მოციგურავეთა წყვილის გამოსვლა იყო; უფრო სწორად კი ის, თუ როგორ შეფუთეს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს გამოსვლა. წყვილის მიერ დაკავებული 22-ე ადგილი ისე მოგვაწოდეს, როგორც ერთგვარი წარმატება. თითქოს, მართლაც, 22-ე ადგილი არ უნდა ყოფილიყო ცუდი პირველ ჯერზე, ვთქვათ, 35 მონაწილეს შორის.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეჯიბრში მხოლოდ 23 წყვილი მონაწილეობდა.

სპორტს რომ მუდმივად იყენებენ საზოგადოებისთვის საეჭვო თეორიების თავსმოსახვევად და პროპაგანდისთვის, ახალი არ არის, მაგრამ ეს ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. ბუნებრივია, ეჭვი გაგიჩნდება, რომ ოფიციოზი ბევრად უფრო მნიშვნელოვან სფეროებშიც ანალოგიურ მეთოდებს იყენებს მოსახლეობის ზომბირებისთვის. სულ ახალ მაგალითს მოვიყვან ფეხბურთის სფეროდან: სიუჟეტს ნოღაიდელთან კახა კალაძის შეასაძლო პოლიტიკური პარტნიორობის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფონად კალაძის ორი ავტოგოლის კადრები ედო.

ივნისის დასაწყისში კაცობრიობის ძალიან დიდი ნაწილი, სულ ცოტა, ერთი თვით დაივიწყებს პოლიტიკას, ბიზნესს და ყოველდღიურ ბრძოლას არსებობისთვის. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იქნება ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისკენ, რომელიც დაადგენს, თუ რომელი ქვეყნის ზემაღალი შემოსავლების მქონე ათლეტები ურტყამენ უკეთ ტყავის ბურთს ორ ძელს შუა გაჭიმულ ბადეში მოსათავსებლად.

ამ ზეიმზე საქართველო მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ისარგებლებს. არ არის ეს ჩვენი ტურნირი. თუმცა, საქართველოს ეკუთვნის ერთი რეკორდი, რომელსაც ვერავინ გაიმეორებს: კახი ასათიანი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, ეს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მოხდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი წარმატება, ალბათ, 2003 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრების დამარცხებაა. ამის მიუხედავად, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავედით. სამაგიეროდ, რუსეთს მოვუგეთ!

რაგბიში ხომ საერთოდ - რუსეთს გამუდმებით ვამარცხებთ და ყოველ ჯერზე ისე გვიხარია, თითქოს სერიოზული მეტოქე ყოფილიყოს. ამასთან დაკავშირებით, ერთი ამბავი მახსენდება. ერთხელ, ინგლისისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრისას, მარგარეტ თეტჩერს დაუნინგ სტრიტზე ანგარიში უკითხავს. სამწუხაროდ, გერმანელები გვამარცხებენ ჩვენს ეროვნულ თამაშშიო - მიუგეს. „გულს ნუ გაიტეხთ – უპასუხა პრემიერმა. - ამ საუკუნეში ჩვენ ორჯერ დავამარცხეთ გერმანელები მათ ეროვნულ თამაშში.“

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG