Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ჯარისკაცის მკვლელობის საქმეს სტრასბურგში განიხილავენ


ქართველი ტყვეები ზემო ნიქოზში. 2008 წლის 11 აგვისტო.
ქართველი ტყვეები ზემო ნიქოზში. 2008 წლის 11 აგვისტო.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში, საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ გაიგზავნა კიდევ ერთი საქმე, რომელიც აგვისტოს ომის დროს ტყვედ აყვანილი ქართველი ჯარისკაცის წამებასა და მკვლელობას შეეხება. საუბარია 1984 წელს დაბადებულ გიორგი ანწუხელიძეზე, უფროს სერჟანტზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონში მსახურობდა. როგორ დადგინდა, ქართველი ჯარისკაცის წამების დეტალები და კონკრეტულად რას ითვალისწინებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი კიდევ ერთი ახალი სარჩელი?

გიორგი ანწუხელიძის კვალი ცხინვალში 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა. ნოემბერში კი, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან თბილისში რამდენიმე დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა, რომ ერთ-ერთი სწორედ უფროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე იყო. მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ, უკანასკნელად ის სიკვდილამდე 3 დღით ადრე ნახა:

”6 აგვისტოს წავედი სოფელში და თითონ გამაცილა... მერე მე დამირეკეს ნაწილიდან და მითხრეს, რომ განგაში იყო და უნდა გამოცხადებულიყო გიორგი... მე გიორგის დავურეკე და ვუთხარი, რომ განგაში იყო და უნდა გამოცხადებულიყო ნაწილში. მე გორის რაიონის სოფელ ძევერაში ვიყავი, იქ საშინელი სროლა იყო და მივხვდი, რაშიც იყო საქმე... გიორგის დანაკლისს ჩვენ ვერაფერი შეგვივსებს. დღემდე ცუდად ვარ და, ალბათ, ასე ვიქნები ცხოვრების ბოლომდე...”

მეორე შვილი, ანა, რომელიც ახლა ერთი წლის არის, მამის დაღუპვის შემდეგ დაიბადა. ჯერ მხოლოდ 2 წლის არის ოჯახის უფროსი ვაჟი - ლევანი.

მეუღლის დაღუპვის გარემოებების შესახებ მაკა ჩიკვილაძემ დიდხანს არაფერი იცოდა, ვიდრე 2009 წლის ზამთარში ინტერნეტით არ გავრცელდა შემზარავი კადრები - თუ როგორ აწამებენ რუსი და ოსი სამხედროები ქართველ ჯარისკაცს. სასტიკი წამების მიუხედავად, დასისხლიანებული ჯარისკაცი, სახელად გიორგი, არაფერს ეუბნება ქართულად მოლაპარაკე მამაკაცს, რომელიც მის დაკითხვას ცდილობს: ”გიორგი, გუშინ სად იყავი?.... როდის იქნები აზრზე?...”

ვიდეომასალაში საკმაოდ კარგად ჩანს ქართველი ჯარისკაცის სახე და ამიტომ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ წამების მსხვერპლი, ქართველი ჯარისკაცი, სწორედ გიორგი ანწუხელიძეა. არსებობს მეორე ვიდეოჩანაწერიც, რომელზეც ჯარისკაცის სახე არ ჩანს, მაგრამ, საერთო კონტექსტიდან გამომდინარე და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამტკიცებს, რომ ამ ვიდეოზეც ანწუხელიძის წამებაა ასახული. ეს ყველაფერი კი ცხინვალში ხდება. საქმე ის არის, რომ რამდენიმე პირმა კადრებზე ცხინვალის მე-5 სკოლის ტერიტორია ამოიცნო.

ხსენებული ვიდეომასალები მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმ სარჩელთან მიმართებით, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გასულ კვირაში სტრასბურგში გაგზავნა. ეს პროცედურა ჩატარდა პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ასოციაცია“ ჰოლანდიაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია ”რუსეთის სამართლებრივ ინიციატივასთან” (RJI) ერთად ახორციელებს.

დადგენილი წესის თანახმად, სარჩელის სტრასბურგში გაგზავნამდე მოთხოვნა გაიგზავნა რუსეთის პროკურატურაში. ახალგაზრდა იურისტები ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას ქართველი ჯარისკაცის წამებისა და მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ მოთხოვნა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეაგირების გარეშე დარჩა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ”სამართლებრივ ინიციატივასთან” ერთად განხორციელებული პროექტის ხელმძღვანელის ნინო ხაინდრავას განმარტებით, სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელი რუსეთს არაერთი იმ უფლების დარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გარანტირებული:

”კერძოდ, საუბარია: სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, წამების აკრძალვის პრინციპის დარღვევაზე, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე... ჩვენ ასევე ვამტკიცებთ, რომ გიორგისა და მისი ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებები რუსეთში და ამით დაირღვა მათი კიდევ ერთი უფლება. დაბოლოს, ვამბობთ, რომ ყველა ეს უფლება დარღვეული იყო იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები იყვნენ და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ... ანუ, შესაბამისად, დაირღვა დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი.”

ნინო ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წარმოებაში მიიღებს ანწუხელიძის საქმეს და რომ ყველაფერი ნაწამები ქართველი ჯარისკაცის ოჯახის სასარგებლოდ დასრულდება.

პირველი საქმე, რომელიც ასევე აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეების უფლებების შელახვას უკავშირდება, სტრასბურგის სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში. საქმეში, სახელწოდებით ”მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, საუბარია 7 ქართველ სამხედრო ტყვეზე, რომლებიც 2008 წლის 8-დან 19 აგვისტომდე ცხინვალში ჰყავდათ დაკავებული და სასტიკად აწამებდნენ. შემდეგ კი ორი მოკლეს, ხოლო დანარჩენები ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლდნენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG