Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლია კაპუსტინი, რიხარდ ვაგნერი და სხვები


ამას წინათ ერთ-ერთ პოპულარულ მუსიკალურ საიტზე აღმოვაჩინე ნიკოლაი კაპუსტინის ორმოცდარვა პრელუდია და ფუგა ფორტეპიანოსთვის, ავტორის შესრულებით. პატარა ფოტოსურათიდან შემომყურებდა ბაფთით შემკულ სმოკინგში გამოწყობილი ქედმაღალი ბატონის სახე. ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს კოლიაა!

მეხსიერებაში უმალ ამოტივტივდა ჩემი, სამოციანელის, ახალგაზრდობის პერიოდი, რომელიც საბჭოთა იმპერიის შუაგულში, მოსკოვში, გავატარე. რარიგ პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, სწორედ იქ მხვდა წილად ბედნიერება, ჩამესუნთქა თავისუფლების ჰაერი ტოტალიტარიზმის დამყაყებულ ატმოსფეროში. უნდა ითქვას, რომ საიტის ის მნახველები, რომლებმაც გადაწერეს კაპუსტინის მუსიკა, გულწფრელი გაოცებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს: ვინ არის ამ შესანიშნავი მუსიკის ავტორი? და გამახსენდა...

გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ბოლოს მე, თბილისიდან ჩასული მოსკოვის ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიტიკური ქიმიის ინსტიტუტის მოკრძალებული ასპირანტი, ღვთის ნებით აღმოვჩნდი დედაქალაქის ნონკონფორმისტული „ოქროს ახალგაზრდობის“ წარმომადგენელთა საზოგადოებაში, რომლებიც თითქოსდა ცდილობდნენ, თავი დაეღწიათ საბჭოთა ხელისუფლების მარწუხებისთვის. ძირითადად, ესენი იყვნენ მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი მოღვაწეების შვილები და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საბჭოთა პარტიული და სამხედრო „ბობოლების“ შთამომავლებიც. მაგონდება ტანია შჩაპოვას, კოსტია ტიმოშენკოს, ავოჩკა ტელეგინას, მოსკოვში აკრედიტებული ფრანგი ჟურნალისტის ვაჟის, ლიუსიენ ნოს სახელები. ამ წრეს მიეკუთვნებოდა შჩაპოვას ქმარიც, ჩვენი თანამემამულე დათკა კელენჯერიძე.

დღევანდელი გადასახედიდან არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი მათგანი კაგებეს ინფორმატორი იყო. მაშინ კი მთელი ეს „საძმო“ ერთმანეთს ვხვდებოდით კერძო ბინებზე, აკრძალული საბჭოთა და უცხოური ფილმების (მათ შორის, ალეკ გინესისა და გრეტა გარბოს მონაწილეობით) დახურულ ჩვენებებზე, ჟან ვილარისა და მარია კაზარესის სპექტაკლებზე, არტურ რუბინშტეინისა და კატარინა ვალენტეს კონცერტებზე, ღმერთმა უწყის, კიდევ სად...

იმხანად განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მოსკოვის სასტუმრო „ნაციონალის“ პირველ სართულზე მდებარე რესტორანი. იქ თითქმის ყოველდღე იკრიბებოდა საბჭოთა ხელისუფლებაზე გაბრაზებული ახალგაზრდული ბოჰემა, რომელშიც უამრავი მომავალში ცნობილი მოღვაწე იყო - მაგალითად, მოქანდაკე ერნსტ ნეიზვესტნი. რესტორანს შინაურულად „უგოლოკს“ (კუთხეს) უწოდებდნენ. „უგოლოკი“განთქმული იყო ინტიმური ატმოსფეროთი და უგემრიელესი ვაშლის ნამცხვრით. მის მუდმივ სტუმართა შორის იყვნენ ახალგაზრდობის მაშინდელი კერპები, პოეტები ანდრეი ვოზნესენსკი და ჟენია ევტუშენკო.

ამასობაში, „ნაციონალის“ მეორე სართულზე მდებარე რესტორანი საღამოობით მხოლოდ უცხოელებითა და სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილი „ხელოვნებათმცოდნეებით“ (კაგებეს აგენტებით) იყო სავსე. უბრალო მოკვდავებიდან იქ ვერავინ შეყოფდა ცხვირს. გავიგე რა, რომ რესტორანში შესანიშნავი მცირე ჯაზური შემადგენლობა უკრავდა (სიტყვა „კომბო“ ჩვენთვის მაშინ ჯერ კიდევ უცნობი იყო), გადავწყვიტე, რამენაირად შემეღწია მეორე სართულზე. „ნაცნობების ნაცნობების“ მეშვეობით მოვახერხე რესტორნის ადმინისტრატორის, ვასილი დმიტრიევიჩის (ის სამ დღეში ერთხელ მუშაობდა) დახმარებაზე მიმეღო თანხმობა. ამგვარად შევაღწიე „ოცნების დარბაზში“. შემდგომ იქ სწორედ იმ დღეებში დავდიოდი, როდესაც ჩემი მწყალობელი არ მუშაობდა, და შესასვლელში თამამად ვკითხულობდი: „რაო, დღეს ვასილი დმიტრიევიჩი არ არის?“ წარმატება ყოველთვის ასპროცენტიანი იყო, თუმცა დღესაც ვეჭვობ, რომ ჩემი იმ დროისათვის უნაკლო კოსტიუმი და სარწმუნოდ გათამაშებული თავდაჯერება მცირე რანგის „კაგებეშნიკებისთვის“იმის დასტური იყო, რომ მე „რაღაც ვიცი“ და, უხეშად რომ ვთქვათ, მათ „კანტორაში“ ვმუშაობ. მთავარი კი ის იყო, რომ „ჩიტი ბდღვნად ღირდა“!

რესტორნის ორკესტრში უკრავდნენ მოსკოვის ჯაზის კორიფეები: პიანისტი კოლია კაპუსტინი, მეტრომბონე კოსტია ბახოლდინი, საქსოფონისტი ალიოშა ზუბოვი, მესაყვირე ანდრეი თოვმასიანი, ბასისტი ადიკ სატანოვსკი. მათ ხშირად უერთდებოდა აწ განსვენებული შესანიშნავი მუსიკოსი ჟორა გარანიანი. ბიჭები ძირითადად I Got Rhythm-ს, Stormy Weather-ს, Misty-სა და ჯაზის სხვა ე.წ. „სტანდარტებს“ უკრავდნენ. ამ მუსიკას უცხოელები ძალზე სერიოზულად უსმენდნენ. ცეკვაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო! „სეტებს“ შორის თხუთმეტწუთიანი შესვენებების დროს კოლია კაპუსტინი, რომელიც იმხანად მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტი იყო, თავისი საყვარელი კომპოზიტორის რიხარდ ვაგნერის ქმნილებებს „პიანისიმო“ უკრავდა. მის მიერ შესრულებული ვაგნერი და „ნაციონალში“ ჩატარებული საღამოები სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში.

მოსკოვის ასპირანტურაში სწავლების პერიოდში ცხოვრებამ კიდევ რამდენიმეჯერ შემახვედრა კაპუსტინს. სრულიად შემთხვევით გავიცანი მისი მეუღლეც: ის ძალიან სასიამოვნო და „საჭირო“ ადამიანი გამოდგა - მუშაობდა ადმინისტრატორად პოპულარულ სასტუმრო „პეკინში“.

მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობდა ჩემი თბილისელი მეგობარიც - შემდგომ ცნობილი ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი, თბილისის კონსერვატორიის რექტორი, სამწუხაროდ, აწ გარდაცვლილი ნოდარ გაბუნია. ნოდარმა დამპატიჟა კონცერტზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში, სადაც მას თავის მეგობარ და თანაკურსელ კაპუსტინთან და დასარტყამ საკრავებზე შემსრულებელთან ერთად (მისი გვარი არ მახსოვს) უნდა დაეკრა იმ დროისათვის საბჭოთა კავშირში აკრძალული ბელა ბარტოკის სონატა ორი ფორტეპიანოსა და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის. რამდენიმე ნაცნობთან ერთად, რომელთა შორის კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული ზვიად გამსახურდიაც იყო, დანიშნულ დროს მივედით მოსკოვის კონსერვატორიის შენობასთან, მაგრამ დარბაზის კარი დაკეტილი დაგვხვდა. იქვე მიკრულ ქაღალდის პატარა ნაგლეჯზე ეწერა, რომ კონცერტი გაუქმებულია. მოგვიანებით ნოდარმა მიამბო, რომ კონსერვატორიის მაშინდელი რექტორი სვეშნიკოვი განრისხებულა, როცა ახალგაზრდა მუსიკოსების განზრახვის ამბავი გაუგია და კონცერტიც ჩაუშლია. მოგვიანებით, თბილისში დაბრუნების შემდეგ, მე მუდამ ვადევნებდი თვალს კოლია კაპუსტინის წარმატებულ კარიერას ჯაზის სფეროში.

და აი, ახლა... ნიკოლაი კაპუსტინმა დაწერა შესანიშნავი პრელუდიები და ფუგები, რომლებშიც უმაღლესი ოსტატობით შეხამებული სხვადასხვა მუსიკალური ჟანრი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე. ნუ დაიზარებთ - იპოვეთ შესანიშნავი მუსიკოსის ახალი ჩანაწერი!
XS
SM
MD
LG