Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 6 აპრილი 2010


ქართული პრესა დღესაც დასვენების რეჟიმში მუშაობდა. ასე რომ, დღეისათვის მხოლოდ ორ გაზეთს მიმოვიხილავთ - ”რეზონანსს” და ”ახალ თაობას”. მეტი არ გამოსულა და იმიტომ.

„რეზონანსი“ პირველი გვერდის დიდ ნაწილს უკრაინის გადაწყვეტილებებს უთმობს. ”უკრაინა ნატოზე უარს ამბობს” - ასეთია სტატიის სათაური. ”პოლიტოლოგების შეფასებით, იანუკოვიჩმა მოსახლეობის მოსაზრება ოფიციალურად გააფორმა, თუმცა უკრაინის მიერ ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმა ქვეყნის სტრატეგიული კურსის შეცვლას არ ნიშნავსო”, - წერს გაზეთი და ექსპერტ სოსო ცინცაძის სიტყვებს იშველიებს: „უკრაინის ახალი ხელისუფლება პროდასავლური რჩება და მას კურსი ”ევროპა მინუს ნატო” ექნებაო”.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ”ეროვნული საბჭოს” წევრის ალექსანდრე შალამბერიძის გრძელ პასუხს სოზარ სუბარის წერილზე, რომელშიც სუბარი გამარჯვების და ერთიანობის ფორმულაზე ლაპარაკობდა. ”რაც შეეხება უარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე, მიუხედავად დასაფასებელი ჟესტისა, ეს თანამდებობა დღეს არ ირჩევა და მხოლოდ არჩევნების შემდეგი ეტაპია და თქვენი მხარდაჭერა დღეს, როდესაც ჯერ არ გადავმხტარვართ, მიმართული უნდა იყოს გამარჯვების გზების ძიებისკენ, რომელიც, როგორც მინიმუმი, გადის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის წესების ჩამოყალიბებისკენ და სრულად გამორიცხავს მერის პოსტის მაძიებელი კანდიდატების დისკრიმინაციას, ირაკლი ალასანიას ჩათვლით.”

ამავე თემას აგრძელებს ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ეროვნული საბჭოს“ წევრი კახა კუკავა. ”საკრებულოს თავმჯდომარეობა არავის აინტერესებს. საკრებულოს თავმჯდომარეობას ვინ დათმობს და ვის დაუთმობს, ეს არ არის დიდი თემა. საკრებულოს თავმჯდომარეობას უფრო ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე რომელიმე მაჟორიტარულ ოლქს თბილისში“, - უთხრა კახა კუკავამ „ახალ თაობას“ და დაამატა, ალასანია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ვერ იქნება, რადგან ჩვენ არჩევნების მოგება გვჭირდება, მან კი, გამორიცხულია, რომ არჩევნები მოიგოს. ”მე, როგორც ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი, მეტ ხალხს ვხვდები, ვიდრე თბილისის მერობის კანდიდატი ალასანია.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG