Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 29 მარტი 2010


დღევანდელი ქართული გაზეთების პირველ გვერდებზე ყველაზე ხშირად ლევან გაჩეჩილაძეს ახსენებდნენ. ”დაუპირისპირდება თუ არა ლევან გაჩეჩილაძე ირაკლი ალასანიას და რას შეცვლის ოპოზიციურ სპექტრში მისი გადაწყვეტილება?” - კითხულობს „ვერსია“, რომლის სტატიაშიც, სათაურით ”გაჩეჩილაძის ფაქტორი”, ვკითხულობთ: ”ის ჯერ საკუთარ თავს ებრძვის. რა გადასწონის მასში, ლიდერობის ამბიცია თუ იმის აღიარება, რომ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებით ძველ მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ალასანიას, აშკარად ხმებს წაართმევს, სულ რაღაც ორიოდ დღეში გამოჩნდება.”

”მთელი კვირა” კი მოწინავე სტატიას ასე ასათაურებს: ”გაჩეჩილაძემ ალასანიას შტაბის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა”. გაზეთი წერს, „ლევან გაჩეჩილაძეს გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან ცოტა დრო დარჩა, რადგან მისი ორგანიზაცია ”დაიცავი საქართველო” საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს და, დიდი ალბათობით, საკუთარი კანიდატურის დამოუკიდებლად წამოყენება რომც გადაწყვიტოს, ალბათ, ვერ მოახერხებსო. რაც შეეხება ”ალიანსს საქართველოსათვის”, რადგან პარლამენტში წარმომადგენელი მათ არ ჰყავთ, ამიტომ მათ ან 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება უნდა დაიწყონ, ან, რაც უფრო სავარაუდოა, პრობლემას გია ცაგარეიშვილის პარტიაში გაწევრიანებით გადაჭრიან, თუმცა, თუ ამ გზას დაადგნენ, ეს დღეს უნდა მოხდეს, რადგან პარტიული წევრის უპირატესობა მხოლოდ არჩევნების პრეზიდენტის მიერ გამოცხადებამდე მოქმედებსო”.
რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობას, ამ თემისთვის კვლავ ”ვერსიას” მივუბრუნდეთ, სადაც წაიკითხავთ ინტერვიუს პარლამენტარ პავლე კუბლაშვილთან. ”ოპოზიციას დისკრედიტაცია აღარ სჭირდება. ამას თვითონაც მშვენივრად ახერხებენ და ჩვენი ჩარევა საჭირო აღარააო”, - უთხრა პავლე კუბლაშვილმა ”ვერსიას”.
”კვირის პალიტრა” რაზმ ”მონადირის” ყოფილ ხელმძღვანელ, ამჟამად ძებნილ ემზარ კვიციანთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც გაზეთმა მას ინტერნეტის მეშვეობით ჩამოართვა. ის კოდორის ხეობის დაკარგვის თავის ვერსიას ჰყვება და ქართველი პოლიტიკოსების რუსეთში ვიზიტებზე აკეთებს კომენტარს: „ჯერ კიდევ 2001 წელს ვუთხარი ნოღაიდელს, მოღალატე ხარ-მეთქი და იმის შემდეგ რა შეიცვალა? - კითხულობს ემზარ კვიციანი, ნინო ბურჯანაძეზე კი ამბობს: ”ცუდებს შორის უკეთესად გამოიყურება, მაგრამ ყველაზე დიდი ტვირთი, რაც აწევს, კოდორის ჩაბარებაში მიღებული მონაწილეობააო.” ინტერვიუს ემზარ კვიციანთან ”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG