Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერქეზები მათი გენოციდის აღიარებას ითხოვენ


ნუგზარ წიკლაური, საქართველოს პარლამენტის თანამემამულეებთან და დიასპორასთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
ნუგზარ წიკლაური, საქართველოს პარლამენტის თანამემამულეებთან და დიასპორასთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
თბილისში „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენის“ თანაორგანიზატორობით ჩატარებულმა საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც ჩერქეზებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების წარსულსა და მომავალზე მსჯელობას მიეძღვნა, რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტი შეიცავს მიმართვას საქართველოს პარლამენტისადმი, ცნოს რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული ჩერქეზი ხალხის გენოციდი, რაც აქამდე არც ერთ სახელმწიფოს არ უცნია. კონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ ჩერქეზთა მოძრაობის მიზანს, საკუთარი სახელმწიფოს შექმნის გარდა, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჩაშლაც წარმოადგენს.

ჩერქეზთა გენოციდის შესაძლო აღიარებამ საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ჩერქეზთა დიასპორის რადიკალურმა განცხადებებმა თბილისში, შესაძლოა, უკიდურესად გაართულოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. ჩერქეზი ხალხის გენოციდი ჯერ არც ერთ სახელმწიფოს არ უცვნია.

იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, რადიო თავისუფლება ტელეფონით დავუკავშირდით საქართველოს პარლამენტის თანამემამულეებსა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს ნუგზარ წიკლაურს, რომელიც მონაწილეობდა კონფერენციაში.

ნუგზარ წიკლაური: ძირითადი ლაიტმოტივი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, იყო ჩერქეზთა გენოციდი მე-19 საუკუნეში, 1864 წელს. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეს საკითხი გახდება განხილვის საგანი საქართველოს პარლამენტის კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის ჯგუფისა და იქნება პროგრესი იმ მიმართულებით, რომ დეტალური საგნობრივი განხილვა დაიწყება ამ კონკრეტული მიმართვისა. უფრო შორს მე დღეს არ შემიძლია წავიდე, თუ რამდენად იქნება ეს საკითხი მიღებული პარლამენტის წევრების მიერ და რამდენი იქნება წევრი, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ მოთხოვნას. თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩერქეზებმა გადაწყვიტეს ასეთი მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ საქართველოს პარლამენტთან, ხსნის სრულიად ახალ პერსპექტივებს იმისათვის, რომ იქცეს საკვანძო წერტილად კავკასიური პოლიტიკის ფორმირებაში, საქართველო კვლავ იქცეს იმ პოლიტიკურ ცენტრად, რომელსაც შეუძლია მოახდინოს გავლენა როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

თავისუფლება: ამას ხომ არ მოჰყვება ისედაც გამწვავებული ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა რუსეთთან? მხედველობაში მაქვს კონფერენციაზე ჩერქეზული დიასპორის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, რომ ჩერქეზების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საკუთარი სახელმწიფოს შექმნა და სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჩაშლა. ხომ არ არის ეს პროვოკაციული განცხადება შექმნილ ვითარებაში?

ნუგზარ წიკლაური: იცით რა, კონფერენციაზე, შესაძლოა, იყო მრავალგვარი განცხადება გაკეთებული. მიმართვაში, რომელიც ჩვენდამია მიმართული, მთავარი ლაიტმოტივი, როგორც გითხარით, არის ჩერქეზთა გენოციდის აღიარება. დიახ, ისინი აქ ლაპარაკობდნენ, კონფერენციის მსვლელობისას, სხვადასხვა თემებზე, მათ შორის - სოჭის ოლიმპიადის თემაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მიმართვას საქართველოს პარლამენტისადმი ვერავის ვერ აუკრძალავ. არავითარი გადაწყვეტილება, ცხადია, ამასთან დაკავშირებით არ არის მიღებული. მაგრამ ის, რომ მათი მიმართვა იყოს მიღებული და მიმართვა იყოს განხილული, ამ პროგრესის შესაძლებლობას მე ვხედავ საქართველოს პარლამენტში. ხოლო რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. თუმცა მე მესმის თქვენი შეკითხვის ქვეარსიც, თუ შეიძლება ასე ითქვას: გაღიზიანდება თუ არა რუსეთი. რუსეთი შეიძლება გაღიზიანდეს ყველაფერზე, იმაზეც კი, რომ გუშინ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი დამთავრდა არა იმ შედეგით, როგორითაც რუსეთს სურდა. ჩვენ არა ვართ კონფრონტაციულები რუსეთთან! ჩვენ არ დაგვირღვევია მათი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ არ ვცდილობთ დეზინტეგრაციას მისი სახელმწიფოს ერთიანი სხეულის! ხოლო ის, რომ კავკასიელ ხალხებთან ათასწლოვანი ურთიერთობა ქართველი ხალხისა უნდა გაგრძელდეს, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული - მიუხედავად იმ ძალიან დესტრუქციული როლისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ამ რეგიონში ასრულებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG