Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო 4 მაღაროელს გლოვობს


ეროვნული დროშები დილიდან დაშვებულია. 4 მარტი საქართველოში გლოვის დღედ 4 მაღაროელის დაღუპვის გამო გამოცხადდა: მიზდონ ონიანი, გიორგი ბრეგაძე, მურმან კუბლაშვილი და ჯუმბერ ჯიშიაშვილი 3 მარტს ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. წინასწარი ინფორმაციით, ტყიბულის მაღაროში აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების მიზეზებს სამთავრობო კომისია შეისწავლის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კომისიაში ჩართვას მოითხოვს. პროფკავშირის თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით უკვე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს. ის რადიო თავისუფლებასთან აფეთქების გამომწვევ მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ასახელებს:

”პროფკავშირი გლოვობს 4 წევრს, რომლებიც დაუდევრობის გამო გარდაიცვალნენ. იქ იყო უსაფრთხოების ნორმები დარღვეული. გარანტიას ვიძლევით, რომ თუკი ჩვენ არ ჩაგვრთავენ კომისიის მუშაობაში, დავდებთ ალტერნატიულ დასკვნას და მერწმუნეთ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან ის ადამიანები, ვინც ამ ე.წ. კვლევაზე მუშაობენ”, - ამბობს პეტრიაშვილი.

ტყიბულის მაღარო
ტყიბულის მაღაროებში უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე უბედური შემთხვევაა. პირველ აფეთქებას, რომელიც გასული წლის დეკემბერში მოხდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და სხეულის მძიმე დაზიანება რამდენიმე მაღაროელმა მიიღო. აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით,საქართველოს ნავთობის, გაზისა და ნახშირის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე გოჩა კვიტატიანი ვარაუდობს, რომ მაღაროებში შრომითი უსაფრთხოების საკითხები დაცული არ არის და ამ მხრივ მაღაროელებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ:

”ბუნებრივი აირის დაგროვება პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან არ იყო გატარებული შესაბამისი უსაფრთხოების ღონისძიებები. არსებობს სავენტილაციო სისტემა, რომელიც პერიოდულად ასუფთავებს მაღაროს ბუნებრივი აირისაგან, რამაც იმ მომენტში არ იმუშავა.”

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს მფლობელი კომპანია ”საქნახშირია”, რომელიც, თავის მხრივ, ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა. როგორც ”ინდუსტრიული ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა სადუნიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, მაღაროში ადმინისტრაციის მხრიდან ყველანაირი უსაფრთხოების ზომა დაცული იყო, დეტალების შესახებ კი კომპანია რამდენიმე დღეში გააკეთებს კომენტარს - მას შემდეგ, რაც კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდება, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი, ექსპერტი ვალერიან ღვინჯილია რადიო თავისუფლებასთან იმ უსაფრთხოების ნორმების სავარაუდო დარღვევებზე საუბრობს, რის შედეგადაც მაღაროში მეთანის დაგროვება და შემდეგ უკვე აფეთქება მოხდა. თუმცა იქვე იმასაც ამბობს, რომ ტყიბულში საკმაოდ გამოცდილი მაღაროელები მუშაობენ:

”სავარაუდოდ, არ ჩატარდა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა ტარდებოდეს ტექნოლოგიით გათვალისწინებულ პირობებში: ეს არის ე.წ. დალამვა, ვსება ჰიდრავლიკური, დაჭინთვა ნახშირის მასაში. ალბათ, სრულყოფილად არ ჩატარდა ყველა ეს ღონისძიება, რამაც შემდეგ აფეთქება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ტყიბულში ძალიან გამოცდილი მაღაროელები მუშაობენ, მე მათ კარგად ვიცნობ”, - ამბობს ვალერიან ღვინჯილია.

3 მარტს, აფეთქების შედეგად, კიდევ ერთი მაღაროელი, 37 წლის ბესიკ ზოსიაშვილი, მძიმედ დაშავდა, ამ დრომდე მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ის უკვე მეორე დღეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
XS
SM
MD
LG