Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 მარტი 2010


დღევანდელი პრესის მიმოხილვის დასაწყისში მოკლედ გაგაცნობთ ამონარიდებს, რომლებიც ოპოზიციის გეგმებს ეხება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში. მოკლედ კი იმიტომ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სწორედ ეს თემა დომინირებს ქართულ გაზეთებში და, არსებითად, პრესის მიმოხილვა ყოველდღე შეიძლება ამ თემაზე და, ალბათ, არ იქნება ეს მთლად მიზანშეწონილი. ”მთელი კვირით” დავიწყებთ, რომელიც დღეს ამ თემას ბევრ პუბლიკაციას უთმობს, ნახევარ გაზეთზე მეტს. ”მაქვს უფლება, გავერკვიო, რას ნიშნავდა ალასანიას მისვლა ჭადრაკის სასახლეში ნოღაიდელთან. თუმცა ჯერჯერობით ამ ქმედებას არ ვაძლევ საბოლოო შეფასებას, რადგან ის შეიძლება მისი მცდელობა იყოს, გააფართოოს მხარდამჭერთა წრეო”, - უთხრა ”მთელ კვირას” სალომე ზურაბიშვილმა. ”მე მაინც მაქვს იმედი, რომ ალასანია ნოღაიდელს მკვეთრად გაემიჯნება და არა ისე, კენტ რიცხვებში რომ ემიჯნებიან და ლუწ რიცხვებში იხუტებენო”, - ეს უკვე დავით ბერძენიშვილის სიტყვებია, რომელთან ინტერვიუსაც ასეთი სათაური აქვს: ”უპარტიო, ჯიგრული გაჩეჩილაძის ხიბლი: მორიგი იმპულსი პოლიტიკური რევანშისთვის“. ხოლო იმავე ”მთელ კვირაში” ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ალასანიასა და გაჩეჩილაძის დაახლოება ლოგიკურად შეაფასა და თქვა: ”გაჩეჩილაძეს დაახლოებით იმდენი მეგობარი ჰყავს, რამდენიც ”რესპუბლიკელებს” მხარდამჭერიო“. ამ სტატიებს ”მთელ კვირაში” ნახავთ.

”კვირის პალიტრა” ბეჭდავს წერილს, რომელიც მათ ჩრდილო ოსეთში მცხოვრებმა გამოუგზავნა. ორგანიზაცია ”დარიალის” ყოფილი წევრი ვარო, - ამბობს წერილის ავტორი, რომელიც წერს: „ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს წაჰგლიჯოს საქართველოს ყაზბეგის რაიონი, თრუსოს ხეობითურთ, და გუდაური. აქვთ რუკები და პროექტები, სადაც ჩამოყალიბებულია, როგორ უნდა შეუერთდეს თრუსოს ხეობის გავლით ცხინვალის მხარე კობსა და გუდაურსო”. ამ წერილის კომენტირებისას მამუკა არეშიძემ ”კვირის პალიტრას” უთხრა: „ამ წერილში მოთხრობილი სრული სიმართლეა. ეს შეკრება ვლადიკავკაზში იანვარში გაიმართა და ჩრდილოეთ ოსეთის ბევრი გავლენიანი პირი და რუსეთის დუმის დეპუტატი არსენ ფაძაევი ესწრებოდაო”. მამუკა არეშიძე საფრთხეს პირდაპირ უკავშირებს ლარსის გზის გახნის საკითხს და ამბობს: ამ გზის გახსნა ხელისუფლებამ არაფრით არ უნდა დაუშვას, თორემ დავკარგავთ ყაზბეგს, შემდეგ კი ხევსურეთსაც და თუშეთსაცო”. სტატიას „კვირის პალიტრაში“ წაიკითხავთ.

”ვერსიაში” წაიკითხავთ ინტერვიუს თეა თუთბერიძესთან, რომელიც ხსნის, თუ რატომ უჩივის გადაცემა „სიმართლის დროს“: ”გადაცემაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მივედი, რომ მინდოდა, ჩემთან დაკავშირებულ მწვავე თემებზე მესაუბრა, მაგრამ შემდეგ ეს ამოჭრეს. გადაცემის მიმდინარეობისას პასუხს ვცემდი ანკა კალატოზიშვილის გოიმურ გამოხტომებს, რაც ასევე ამოღებულია ეთერიდანო“, - უთხრა თეა თუთბერიძემ ”ვერსიას”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG