Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა. 27 თებერვალი 2010


“პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ ცხელი გაზაფხული გველოდება. მოახლოებული არჩევნების წყალობით, ბევრი საინტერესო ამბის მომსწრე გავხდებით”, - წერდა „ახალი თაობა“ ორშაბათს და მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება იყო ქართული პრესის მთავარი თემა.

უკვე მომდევნო დღეს „რეზონანსი“ წერდა: “ალიანსი” დაიშალა. არა, არ დაშლილა, ერთიანია, მაგრამ მთავარ საკითხზე ვერ თანხმდება - ეს არის ის განცხადებები, რაც “ალიანსის” ლიდერების მხრიდან კეთდება. მთავარი კი ის არის, რომ ალასანია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შერჩევისთვის დათმობებზე მიდის და, როგორც ჩანს, ეს კანდიდატი, ასე თუ ისე, შეირჩევა - “ახლებისა” და “რესპუბლიკელების” მონაწილეობით ან მათ გარეშე. ალასანიას ეს გადაწყვეტილება რა შედეგის მომტანი იქნება, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ძნელია,მაგრამ ფაქტია, რომ ალასანიამ “ალიანსის” მოჯადოებული წრე გაარღვია და, საკუთარი პარტნიორების წინააღმდეგობის მიუხედავად, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო”, - ვკითხულობთ „რეზონანსის“ სამშაბათის ნომერში.

24 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში „საზოგადოებრივი დარბაზის“ თავყრილობის გაშუქებისას გაზეთი „ყველა სიახლე“ წერდა: ”სამიოდე დღის წინ დავით ბერძენიშვილი ამბობდა, რომ “ალიანსი” ბოლომდე შეეცდებოდა ალასანია მერობის კანდიდატად შეენარჩუნებინა, მაგრამ ეს დღეს თითქმის შეუძლებელიაო.

თავად დავით ბერძენიშვილმა კი იმავე დღეს „რეზონანსს“ უთხრა: “ალასანიას შეცდომები მოსდის, მაგრამ ის ჯერჯერობით რჩება ალიანსის ლიდერად და მერობის კანდიდატად და ჩვენ ის არ მოგვიხსნია. ალასანიამ შეაღო „ალიანსის“ კარი და იმედი მაქვს, ის ამ კარიდან არ გავა.”

უკვე მომდევნო დღეს ევროპიდან დაბრუნებულმა სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ „ვერსიას“ განუცხადა: “ქვეყანაში დიდი არეულობაა. ჩვენ ვართ პროვოკაციის წინაშე და მას ჰქვია ნოღაიდელი. მისმა გამოჩენამ ქართულ პოლიტიკურ არენაზე გამოიწვია არა ერთობა, არამედ ოპოზიციის გახლეჩა; არა გაძლიერება, არამედ ოპოზიციის დისკრედიტაცია. ჩვენს ბრძოლას ეს პროვოკაცია ხელს უშლის და ეს არის ხელისუფლების გეგმაც, რომელიც სულ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ოპოზიცია პრორუსულია და ამაში ნოღაიდელი ეხმარება. ამ პროვოკაციიდან უნდა გამოვიდეთ და გავიმიჯნოთ ნოღაიდელისგან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციის დისკრედიტაციის ინსტრუმენტი”, - გვითხრა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე დასძინა, რომ დღეს ისევ ბრძოლის დროა და ერთადერთ ოპოზიციურ სანდო კანდიდატად კვლავ ირაკლი ალასანია ესახება“, - წერდა „ვერსია“.

შაბათს „რეზონანსის“ პირველი გვერდის კითხვა ამგვარი იყო: „გახდება თუ არა სუბარი ალასანიას კონკურენტი მერობისთვის ბრძოლაში?”

თავად სოზარ სუბარმა ამ კითხვას ასე უპასუხა: “რაც შეეხება ჩემი მერობის კანდიდატობას, ნამდვილად არ განიხილება ეს საკითხი. საერთოდ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან წყალი ძალიან აიმღვრა და რამდენიმე დღეში, როდესაც ეს ამღვრეული წყალი დაიწმინდება, ყველაფერი გამოჩნდება”, - უთხრა სოზარ სუბარმა გაზეთს და დასძინა: ” ძალიან მალე გახდება ცხადი, რომ ვერანაირი ერთობა “ედინაია როსიასთან” ვერ შედგება. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ მათთან თანამშრომლობისკენ, თავად დაინახავენ, რომ რასაც ამბობენ, აბსურდია. რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, “ახლები” და “რესპუბლიკელები” მუდმივად ამაზე საუბრობდნენ, რომ მათ საკუთარი ამბიცია გადადეს უკან და ალასანიას დაუჭირეს მხარი სწორედ ერთიანობის გამო. მაგრამ ეს ერთიანობა არ გულისხმობს ყველაფერს. ეს არ გულისხმობს რუსული პოლიტიკის გატარებას. რა მნიშვნელობა აქვს, სააკაშვილი გამიტარებს ამ პოლიტიკას თუ ნოღაიდელი.”

შაბათსვე პრესის მთავარი თემა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა გახლავთ.

„პრეზიდენტის უცვლელი ანგარიში“ - ასეთი სათაური აქვს „რეზონანსის“ პუბლიკაციას. ცხადია, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში უბრალო ფაქტი არ არის, წერს გაზეთი და დასძენს: ”მაგრამ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ევროპის იმ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებსაც, პრეზიდენტისავე სიტყვით, უკვე დიდი ხანია გავუსწარით, ტელეარხები ონლაინ რეჟიმში გადასცემდნენ, პრეზიდენტი ახლა პარლამენტის შენობას მიუახლოვდა, ახლა კიბეებზე ადის, ახლა სხდომათა დარბაზის კარი იღება და პრეზიდენტი უკვე დარბაზშიაო. ამას ერთი კარგი ვაშა და პლიხრონიონი აკლდა, მაგრამ ეს დანაკლისი დარბაზში მყოფმა უმრავლესობამ შეავსო იმ აღფრთოვანებული სახეებით, როგორითაც პრეზიდენტს შეჰყურებდნენ”.

„როგორ აფასებს ოპოზიცია სააკაშვილის გამოსვლას?“ - ასეთია „ალიას“ პირველ გვერდზე გამოტანილი კითხვა.
პუბლიკაციაში კი ოპოზიციის წარომადგენელთა კომენტარებს ვკითხულობთ.

თინა ხიდაშელის კომენტარი: “სააკაშვილის არასერიოზული გამოსვლის შესახებ ძალიან გრძელი და არასერიოზული კომენტარი შემიძლია გავაკეთო, მაგრამ... სერიოზული კითხვები, რომელიც მე გამიჩნდა, არის ის, რომ ომის შემდეგ სააკაშვილი უკვე მეორეჯერ გამოვიდა პარლამენტში და მან უკვე მეორეჯერ გაუკეთა იგნორირება თემებს - მან არანაირი ყურადღება არ გაამახვილა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტრატეგიულ პარტნიორებზე, ევროკავშირზე. ეს არის უკვე ტენდენცია, როცა ეს კაცი, ამ ვითარებაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ორი წელია ქვეყნისთვის მთავარი პოლიტიკური მოვლენის დროს ქვეყნის მთავარ ორიენტირებზე არ საუბრობს.”

ნინო ბურჯანაძის კომენტარი: “აშკარად და ნათლად ჩანს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიდან ბოლომდე შეგუებულია იმ აზრს, რომ ის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ვერ დაიბრუნებს და მას საამისოდ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. სააკაშვილი იმასაც კი არ ცდილობს, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნების გზები დაგვანახოს. რეალურად, ჩვენ სააკაშვილისგან არ მოგვისმენია არც ერთი სტრატეგიული მიმართულების ანალიზი.“

ამ და სხვა კომენტარებს ამ თემაზე შაბათის პრესაში გაეცნობით.
XS
SM
MD
LG