Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 23 თებერვალი 2010


დღევანდელი პრესის მთავარი თემა ”ალიანსში” გაჩენილი უთანხმოება და ოპოზიციის მომავალი გეგმები იყო. ”სარწმუნო ფიცი, საკვირველი ბოლო” - ასე შეაფასა ”რეზონანსმა” ”ალიანსის” ლიდერთა განცხადებები. ”შიდა დაძაბულობას თუ დაპირისპირებას გაერთიანების წევრები კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ ფაქტები ამ ოფიციალურ კომენტარებს დაუჯერებელს ხდისო”, - წერს ავტორი. ”24 საათს” კი ალასანიას გადაწყვეტილების შესაფასებლად რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის სიტყვები მოჰყავს: არის ეს ერთობა საქართველოსთვის თუ ერთობა რუსეთისთვისო. ავტორი წერს, ეტყობა ალასანიას ბიძგი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრამაც მისცა. ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი, რაც, შესაბამისად, ეჭვების გაჩენის უფლებას იძლევა. თორემ ერთ დღეში რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ალასანიას ასე რადიკალურად შეეცვალა აზრიო”, - კითხულობს ”24 საათი”.

ახლა სხვა თემებზე გადავიდეთ. ”ალია” მოზრდილ სტატიას უთმობს საკადრო გადაადგილებებს ჯანდაცვის სამინისტროში. ”გასაიდუმლოებული საკადრო ცვლილებები ჯანდაცვაში” - ასეთია სტატიის სათაური, სადაც, სანდო წყაროზე დაყრდნობით, მოთხრობილია სამინისტროში დანიშვნა-მოხსნების შესახებ. ”ბევრი იყო დასაჭერი, მაგრამ განცხადებები დააწერინეს და ისე გაუშვეს სახლში. ბოლომდე ვერ გაწირეს თუ ხმაურს მოერიდნენ, არ ვიციო”, - უთხრა დაუსახელებელმა წყარომ ”ალიას”.

და სხვა, გადაუმოწმებელ, ინფორმაციას რაც შეეხება, იმავე ”ალიაში” ნახავთ სტატიას ქუთაისში სათამაშო ბიზნესის შესახებ. სტატიაში ბევრ სლენგს ნახავთ. ავტორი წერს, ქუთაისის ერთ-ერთ ტოტალიზატორში პოპულარულია, ”პოსლეზე თამაში, თავნის ამოღება კი ძველ ბიჭებს აქვთ მინდობილიო”. სწორედ ამ ტოტალიზატორის ვალის გამო ჩამოიხრჩო თავი ერთმა არასრულწლოვანმა და კიდევ ორი ქუთაისელის სიცოცხლეც შეიწირაო. ქუთაისის სათამაშო ბიზნესის გადაუმოწმებელ დეტალებს ”ალიაში” გაეცნობით.

დავუბრუნდეთ ”24 საათს”, სადაც დღეს წაიკითხავთ ერთგვარ დისკუსიას სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის შესახებ. ორი განსხვავებული მოსაზრება ადვოკატებს - ზაზა ხატიაშვილს და იასონ ბესელიას ეკუთვნით, რომლებიც მსჯელობენ მოწმის ინსტიტუტზე, ნაფიც მსაჯულებსა და ადვოკატების როლზე ახალ საპროცესო კოდექსში. დაწვრილებით ორივე მხარის არგუმენტებს ”24 საათში” წაიკითხავთ.

დაბოლოს, ”საქართველოს რესპუბლიკაზეც” მოგახსენებთ. აქ წაიკითხავთ პროფესორ ბიძინა სავანელის ვრცელ სტატიას, რომლითაც ის ეპასუხება მანამდე ”24 საათში” გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომელიც პროფესორ ლევან ალექსიძეს ეკუთვნოდა და რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა სავანელის მანამდე გამოქვეყნებული პუბლიკაციის პასუხი გახლდათ. ”პასუხი რუსეთის მსტოვარს ანდრეის, ანუ შიშველი ლევან ალექსიძის პორტრეტი” - ასეთია სტატიის სათაური.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG