Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა. 20 თებერვალი 2010


“ამ ეტაპზე პოლიტიკური ოპოზიციის ერთიან საარჩევნო კანდიდატურაზე შეთანხმების დიდ ალბათობას ვერ ვხედავ, ვინაიდან თავად ოპოზიციის სხვადასხვა შემადგენლები საკმაოდ განსხვავებული არიან ერთმანეთისგან”, - უთხრა კვირის დასაწყისში “ალიანსი საქართველოსთვის” წევრმა ვახტანგ ხმალაძემ “ახალ თაობას” და სწორედ ეს პრობლემა იყო მიმდინარე კვირას ქართული პრესის მთავარი თემა.

მოგვიანებით კი “რეზონანსი” წერდა: “თბილისის მერის არჩევნებზე საერთო ოპოზიციონერი კანდიდატის წარსადგენად “ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარეების დავით გამყრელიძისა და დავით უსუფაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულმა “ერთიანობის ფორმულამ”, რომელიც მოლაპარაკებებში ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობას გამორიცხავს, მკვეთრი დაპირისპირება უკვე გამოიწვია.”

გაზეთი წერს, რომ “პრაიმერის მომხრე ოპოზიციონერები გახლეჩის მცდელობაზე ალაპარაკდნენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში არ მოიძებნება საღი აზრის მქონე ძალა, რომელიც ამ ფორმულას დაეთანხმება. ოპოზიციის ის ნაწილი კი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ აპირებს, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სცენარზე ალაპარაკდა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ორ ნაწილად უნდა გაიყოს - ერთი მხრივ, დაბალანსებულ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციად და, მეორე მხრივ, “მარგინალებად”. “ახალი თაობა” კი წერდა, რომ ”ოპოზიცია ბოკერიას გეგმის შესრულებას შეუდგა.”

შაბათის პრესაში გრძელდება საუბარი ოპოზიციის მოლაპარაკება-ვერმოლაპარაკების თაობაზე. “ალია” წერს: “საქართველოში გიჟების “პარადია”, კუშტურიცა რომ იყოს აქ, განუმეორებელ ტრაგიკომიკურ ფილმს გადაიღებდა. გუშინ “უცნობი”, ეროსი კიწმარიშვილი, კოკა გუნცაძე და ბიძინა გეგიძე “დაიცავი საქართველოს” ოფისში შეიკრიბნენ და რაღაცაზე ითათბირეს. “რა მოვილაპარაკეთ, ამას ორშაბათს გეტყვითო”, - დაიბარეს და წავიდნენ სახლებში. მაინც, რა ხდება პოლიტიკურ ჯოჯოხეთში”, - სვამს კითხვას „ალია“.

“დაპირისპირება არ არის. ნამდვილად ვიცი, - მოჰყავს გაზეთს გოგა ხაინდრავას სიტყვები. - ვნებათაღელვა არის, მიდის კონსულტაციები, გადარბენა-გადმორბენა... სამწუხაროდ, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური კულტურა დაბალია, პოლიტიკა მეორადი პროფესია გახდა. ვფიქრობ, ასეთი მწარე პოლიტიკური განცხადებები სწორი არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, “ალიანსის” პოზიცია ამ შემთხვევაში არის სწორი, იმიტომ რომ სააკაშვილისა და ნოღაიდელის მიერ მოხარშულ “ბორშჩში” თავის ამოყოფა არის სისულელე. ჩემი აზრით , ალასანიას აზრადაც არ გაუვლია ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა. ალასანია კანდიდატურას არ მოხსნის. სხვა საქმეა, ჩატარდეს პრაიმერი თბილისში ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის. ეს არის კარგი იდეა, რადგან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნები მოუგო”, - უთხრა „ალიას“ გოგა ხაინდრავამ და დასძინა: “ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პოტენციის მქონე არის ირაკლი ალასანია, მაგრამ დემოკრატიული პროცესისთვის კარგი იქნებოდა, ჩატარებულიყო შეჯიბრი ალასანიასა და გაჩეჩილაძეს შორის“.

შაბათს „რეზონანსი“ კვლავ უბრუნდება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ბედს, კომახიძისა, რომელიც ახლა შვეიცარიში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ამ პრობლემაზე „რეზონანსი“ სოზარ სუბარს ესაუბრება: ”მე შევხვდი შვეიცარიის ელჩს საქართველოში, რომელსაც ვუამბე მთელი ისტორია, რაც ხდება და როგორი შავი პიარი მიდის ხელისუფლების მიერ ვახო კომახიძეზე, რა მუქარებს ჰქონდა ადგილი და აღმოჩნდა, რომ მან კარგად იცოდა ყველაფერი”, - უთხრა გაზეთს სოზარ სუბარმა. პუბლიკაციიდან ვიგებთ ასევე, რომ იგი აპირებს ვახო კომახიძე შვეიცარიაში მოინახულოს და ამ საქმეზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ესაუბროს.

”საქართველოს პარლამენტის ჩრდილოკავკასიური გზავნილი” – ასეთი სათაური აქვს შაბათის „რეზონანსის“ კიდევ ერთ სტატიას და ამ თემაზე საკმაოდ ბევრი პუბლიკაციაა შაბათის პრესაში.

“საქართველოს პარლამენტი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტების მისამართით საგანგებო მიმართვას ამზადებს. უკვე ცნობილია მიმართვის შინაარსი და პრინციპი, სადაც ცალსახადაა აღნიშნული, რომ ქართველი კანონმდებლები, მიუხედავად რუსეთთან მტრული დამოკიდებულებისა, მათ მეგობრობის ხელს უწვდიან“, - წერს “რეზონანსი” და მოჰყავს ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის კომენტარი:

“ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან ურთიერთობების აღდგენა ჩემი დიდი ხნის სურვილია, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები დაძაბულია, მაინც ვფიქრობ, რომ კავკასიელ მეზობლებთან ურთიერთობის აღდგენისთვის საქართველომ მაინცდამაინც კარგი დრო ვერ შეარჩია“, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

განსხვავებულ თვალსაზრისს გამოთქვამს „რეზონანსის“ იმავე ნომერში პოლიტოლოგი ვასილ ჭყოიძე . მისი თქმით:”იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები პუტინის რუსეთთან, აუცილებელია კონტაქტების შენარჩუნება ეთნიკურად და ლინგვისტურად მონათესავე ჩრდილო კავკასიის ხალხებთან და მათ ლიდერებთან. სამწუხაროდ, - ამბობს ექსპერტი, - მოსკოვი დღემდე ატარებდა ჩრდილო კავკასიელების ქართველების წინააღმდეგ წაქეზების პოლიტიკას და მეტ-ნაკლებად ახერხებდა ამას. საქართველომ აუცილებლად უნდა მოახდინოს მწვავე რეაგირება ჩრდილოეთ კავკასიაში დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ადამიანის უფლებების დამცავების თუ უიარაღო ადამიანების მკვლელობების და წამების ფაქტების მიმართ... ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ასეთ თემებზე დუმილი რუსეთის მხრიდან აგრესიას ვერ აგვაცილებს”, - მიაჩნია ვასილ ჭყოიძეს. ამ და სხვა მოსაზრებებს ამ თემაზე შაბათის პრესაში გაეცნობით.
XS
SM
MD
LG