Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეატრი და ცხოვრება


სპექტაკლი ”სხვისი შვილები”, რეჟისორი დათა თავაძე, სამეფო უბნის თეატრი
სპექტაკლი ”სხვისი შვილები”, რეჟისორი დათა თავაძე, სამეფო უბნის თეატრი
ტრადიციულად, საშობაო დღესასწაულების შემდეგ დედაქალაქის კულტურული ცხოვრების მუხტს თეატრალური ხელოვნება განსაზღვრავს. ძველით ახალ წელს, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღე აღინიშნება, შემდეგ კი, თითქმის მთელი თვის განმავლობაში, თავისებური თეატრალური დათვალიერება ეწყობა: აკადემიური და ექსპერიმენტული თეატრალური დასები მაყურებელს მორიგ პრემიერას სთავაზობენ.

ქართული თეატრის დღე წელსაც აღნიშნეს. ამჟამად ქართველი თეატრალების საღამოზე, რომელიც რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა, განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება ჟურნალ ”თეატრი და ცხოვრების” ასი წლის იუბილეზე - გაიხსენეს ჟურნალი, რომელიც ყოველთვის სიახლეს, ექსპერიმენტს უჭერდა მხარს. ახლა ძნელია იმის თქმა, რამდენად თამამი იყო ქართული თეატრი 1910 წელს, როცა ”თეატრი და ცხოვრების” გამოცემა დაიწყო, თუნდაც 2010 წლის ქართულ თეატრთან შედარებით... იმხანადაც იგრძნობოდა თეატრის კომერციალიზაციის ტენდენცია, დამახასიათებელი დღევანდელი ქართული სცენური ხელოვნებისათვის?

ასეა თუ ისე, წლევანდელი თეატრალური იანვარი ნამდვილად ვერ დაიკვეხებს წარმოდგენებით, რომლებმაც ისეთ დისკუსიას შეუწყო ხელი, ოდესღაც რომ იბეჭდებოდა ქართულ თეატრალურ პრესაში. არადა, ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, თეატრალური სეზონის დახურვის წინ, გაჩნდა ახალი თეატრალური ენის დამკვიდრების ნიშნები - გაჩნდა ახალგაზრდულ ფესტივალზე, ”არდიფესტზე”, რომლის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, საუკეთესო დრამატურგად აღიარებულმა დათო გაბუნიამ, სულ ცოტა ხანში, ახალგაზრდა რეჟისორ დათა თავაძესთან ერთად, სამეფო უბნის თეატრში თავისი პიესა, ”სხვისი შვილები”, დადგა (სპექტაკლში მთავარი როლი ”არდიფესტის” კიდევ ერთმა ლაურეატმა, ქეთი შათირიშვილმა, შეასრულა).

”სხვისი შვილები” ერთგვარი მისტერიაა, ზომიერად ფანტასტიკური, კულტურული ციტატებითა და ასოციაციებით მდიდარი წარმოდგენა, რომელიც სწორედაც რომ ფიქრისკენ გვიბიძგებს. უფრო მეტიც, ერთსაათიანი სპექტაკლის ყოველი წუთი მაყურებლისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას, დაძაბულობას მოითხოვს.

”სხვის შვილებში” 4 წყვილი, ე.ი. 8 მსახიობი, ეგრეთ წოდებულ ნაყოფიერების ტაძარში მიდის ბავშვის გასაჩენად...დიახ, ბავშვებს აქ სწორედ ასე აჩენენ - არა სექსუალური კონტაქტით, არამედ ტაძარში, ”სამყაროს ქალღმერთის” დახმარებით... ქალღმერთი, რომლის შესახებაც ბევრს ლაპარაკობენ სპექტაკლის გმირები, მართავს და ”ამრავლებს” სამყაროს. ბავშვების ნაწილებს ქალები და მამაკაცები თანაბრად ატარებენ და ქალღმერთი წყვეტს ვისი სხეულის ნაწილი ვისთან უნდა ”შეაჯვაროს”.

ასე რომ, თავად სიუჟეტშია უხვად ირონია, რომ არაფერი ვთქვათ ტექსტზე, დიალოგებზე. თუმცა ყველაფერი ძალიან სერიოზულად იწყება. რვა ერთნაირკოსტუმიანი მსახიობი, სულ თეთრებში, დიდხანს დგას სცენაზე. ბოლოს ერთ-ერთი კითხულობს, რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ ასეო, და იწყება წარმოდგენა... მუდმივი ხაზგასმა იმისა, რომ სცენაზე თამაშობენ, შეიძლება ითქვას ხუმრობენ და ერთობიან, არ გადააქცევს ”სხვის შვილებს” სალაღობო წარმოდგენად... თუმცა სპექტაკლის ძალიან ლიტერატურული ტექსტი დროდადრო პათეტიკის და, შესაბამისად, სიყალბის განცდას ქმნის, რასაც, ცოტა არ იყოს, ილუსტრაციული მუსიკალური გაფორმება ემატება. თუკი ამას ზოგიერთი მსახიობის, ასე ვთქვათ, ”დაყენებულ მეტყველებას” დავუმატებთ, მივიღებთ თეატრალური ინსტიტუტის მორიგ საკურსო სპექტაკლს, რომლის ავტორებს, როგორც წესი, ძალიან ეჩქარებათ ხოლმე - ყველაფერის თქმა ერთად უნდათ და ამიტომ ეკლექტიკას თავს ვერ აღწევენ. მაგრამ - სწორედ ესაა დღევანდელი ქართული თეატრალური ცხოვრების პარადოქსი - სპექტაკლი, რომელიც დროდადრო სტუდენტურ წარმოდგენებს გვაგონებს, ბევრად უფრო თამამია, ბევრად უფრო ღრმა და სიახლით სავსე, ვიდრე აკადემიური თეატრების ზოგიერთი სპექტაკლი, მხოლოდ და მხოლოდ პუბლიკის მისაზიდად, მხოლოდ და მხოლოდ დარბაზის შესავსებად დადგმული.

”სხვისი შვილები”, როგორც, ალბათ, უკვე მიხვდით, ”ტექსტის სპექტაკლია” - წარმოდგენაში მოქმედება არის, ბევრია მოძრავი მიზანსცენა და პანტომიმაც კი, მაგრამ, მთლიანობაში, უაღრესად სადა სახვითი გადაწყვეტა, მკაცრად გეომეტრიული მიზანსცენებით, რომელშიც თვალშისაცემია თეთრის სიჭარბე დასაწყისში და წითელი ფერის შემოსვლა ფინალში - ეს განტვირთული ვიზუალური რიგი ქმნის ყველა პირობას, რათა მაყურებელმა მოუსმინოს წარმოდგენას და იფიქროს იმაზე, რაზეც სპექტაკლის გმირები საუბრობენ; მხოლოდ სპექტაკლის პირველ ნახევარში, როცა ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების დიალოგებს ვუსმენთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ”სხვისი შვილები” სქესთა ბრძოლას, სქესთა დაპირისპირებას ეძღვნება... წარმოდგენის მეორე ნახევარში (და სწორედ მეორე ნახევარში დაძლევენ ავტორები მონოტონურობას, რომელიც იგრძნობოდა ”სხვისი შვილების” პროლოგში), ნათელი ხდება, რომ სამეფო უბნის თეატრის ეს წარმოდგენა უფრო მეტად ამბოხების ვნებას ეძღვნება - საინტერესო ისაა, რომ ამბოხებას ფარისევლობის, რელიგიური ფანატიზმის, ყველაფერი არაბუნებრივის წინააღმდეგ აქ ქალები აწყობენ - ქალები, რომელთაც ახსენდებათ, რომ ოდესღაც მათი ბებიები და ბაბუები სიყვარულით, ე.ი. შეხებით, საყვარელი ადამიანის სხეულის შეგრძნებით, ”მრავლდებოდნენ”...

ამბოხებას აწყობენ ქალები, რომელთაც ყველაფერი ბუნებრივი დაუთრგუნეს. ამ თვალსაზრისით, ცხადია, დათო გაბუნიასა და დათა თავაძის სპექტაკლი ფემინისტური წარმოდგენაა... უკეთესი რეკლამა, მეტი მაყურებელი სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ”სხვისი შვილები” ცხარე დისკუსიის საბაბი გამხდარიყო... თუნდაც აგრესიული კრიტიკის საბაბი. მაგრამ, სამწუხაროდ, თეატრი საქართველოში დღეს ხელოვნების მოყვარულთა არცთუ ისე ფართო წრის ინტერესებს აკმაყოფილებს... თეატრი დღეს, შეიძლება ითქვას, გამიჯნულია ცხოვრებისგან. შესაბამისად, კარგი სპექტაკლი თუ იდგმება, მას ერთი პატარა წრე ნახულობს და ასე მთავრდება ყველაფერი. შესაძლებელია სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში აღარ გამოდის ”თეატრი და ცხოვრების” მსგავსი ჟურნალი - კრიტიკული ჟურნალი, რომელიც სწორედაც რომ თეატრისა და ცხოვრების, თანამედროვე ხელოვნებისა და ცხოვრების დაახლოებას შეუწყობდა ხელს...არადა, ამის ასწლიანი ტრადიცია გვაქვს თურმე...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG