Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი


გილოცავთ ახალ წელს და გთავაზობთ საახალწლო ეპიზოდს სერიალიდან “ქართველიშვილები”. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.

მე გიორგი ქართველიშვილი ვარ და ეს ჩემი მეთერთმეტე ახალი წელია. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია 1 მაისთან და 7 ნოემბერთან ერთად. მაგრამ მე ახალი წელი მირჩევნია, რადგან „პარადზე“ არ მივყავართ. ისე, ამ ორი „პარადიდან“ მაისის უკეთესია, რადგან ნოემბერში ძალიან ცივა და მაინც თეთრი „საროჩკით“ უნდა იყო და თანაც ხელში ტრანსპარანტი უნდა გეჭიროს. წელს ძალიან ციოდა და ქარი უბერავდა. შარშანაც ციოდა, მაგრამ ქარი სხვა მხრიდან უბერავდა. ამის მიუხედავად, მაინც კარგი იყო, იმიტომ რომ ძალიან გავცივდი და 15 დღე (კვირების ჩათვლით) არ დავდიოდი სკოლაში. ისეთი მაღალი სიცხე მქონდა, რომ ფანჯრებს სულ ღია ვტოვებდით, ოთახში რომ ცოტა აგრილებულიყო. მაგრამ, მთელი ორი კვირის განმავლობაში დედა ყოველდღე ექვს ცალ ვალიდოლს მასმევდა და მოვრჩი. ავადმყოფობის შემდეგ ერთი თვე ვიარე სკოლაში და მერე ზამთრის არდადაგებზე დაგვითხოვეს. სკოლიდან რომ დავბრუნდი, სახლში ჩვეული წინასაახალწლო ფუსფუსი დამხვდა: დედა სამზარეულოში საგოზინაყე მაკარონს ჭრიდა; მამა სამლიტრიან ქილაში მთელი წლის განმავლობაში შეგროვილი კიტრის ნაფცქვენებიდან არაყს ხდიდა. ჩემი და კი საბავშვო ბაღში საახალწლოდ ნაჩუქარ ქაღალდის წებოს ენით სინჯავდა. მეც ამოვიღე ჩანთიდან წიგნი, რომელიც სკოლაში მაჩუქეს საახალწლოდ - „მენავთობის ცნობარი“. მე და ჩემმა დამ ცოტა ხანი ერთმანეთის საჩუქრებით ვითამაშეთ: მე წებოს დავაწე ენა, ჩემ დას კი წიგნი დავაჭერინე. როცა თამაშით დავიღალეთ, გადავწყვიტეთ ნაძვის ხის მორთვა. რადგან მამა მესაფლავეა, ნაძვის ხეს ყოველთვის საფლავებიდან იპარავს. წელსაც ასე იყო, ოღონდ დამატებით კუბოს ლურსმნებიც მოგვიტანა ხის მოსართავად. ოთხი დიდი ლურსმანი იყო და 20 პატარა. დიდი ლურსმნებით კუბოს სახურავს აჭედებენ, იქიდან რომ გვამი არ ამოვიდეს; პატარებით კი შიგნით ქსოვილს ამაგრებენ, გვამმა რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და ამოსვლა არ მოუნდეს. ლურსმნების გარდა, ნაძვის ხეზე მამას ნახმარი „ნევას“ ძველი „ბრიტვები“ ჩამოვკიდეთ; მართალია, ზოგს ჟანგი და სისხლი ჰქონდა შემხმარი, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზად ბრჭყვიალებდნენ. კიდევ დედამ, რომელიც ფოსტალიონია, ყველა საახალწლო მისალოცი ღია ბარათი კი არ დაარიგა, არამედ სახლში მოიტანა. და ჩვენც იქიდან ამოვჭერით ლამაზი სურათები და ისინიც ხეზე დავკიდეთ. ერთი სიტყვით, ძალიან ლამაზი ნაძვის ხე გამოვიდა. ახალი წელი რომ დადგა, რადიო ჩავრთეთ და საახალწლო სუფრას შემოვუსხედით. მეზობლებმა თოფების სროლა ატეხეს. ჩვენ თოფი არ გვქონდა, ამიტომ „ლაგატკა“ ამოვიღე და წინასწარ მომზადებული კენჭების სროლა დავიწყე, მაგრამ ავაცდინე; სამაგიეროდ, კენჭი ერთადერთ ნათურას მოხვდა, გატეხა და ნატეხები მაკარონის წვენის ბაჟეში ჩაიყარა. დაბნელდა და ყველანი დავწექით; მეზობლების ბინებიდან კი მრავალჟამიერი და „აბბას“ „მანი, მანი“ ისმოდა და ტკბილად ჩამეძინა. მეორე დილას მამამ მე და ჩემი და სპორტის სასახლეში წაგვიყვანა ნაძვის ხეზე. შესასვლელში ძალიან ლამაზი მუყაოს ყუთები მოგვცეს, რომელშიც ძალიან ბევრი საჩუქარი იდო: მრგვალი, გამხმარი „პეჩენია“ ნამგლისა და უროს გამოსახულებით, ლეღვის ხმელი ჩირი, კოწახურის კანფეტი, ქლიავის “პავიდლოიანი” კანფეტი, „ფისო-ფისო“ კანფეტი, მაგარი ნუგა, მწვანე კანმიმხმარი მანდარინი და ღია ბარათი ლიპეცკის მეტალურგიული ქარხნის ფოტოთი. ჩემ დასაც ზუსტად იგივე საჩუქრები ერგო, ოღონდ მის ღია ბარათს კრასნოდარის №2 ჩაის კომბინატი ეხატა; თანც, მის ჩირში ნამდვილი მატლი ცხოვრობდა. სპორტის სასახლეში ციოდა, მაგრამ მაინც კარგი იყო: დიდი ნაძვის ხის გარშემო დარბოდნენ, ხტუნაობდნენ და მღეროდნენ თოვლის პაპა, სნეგუროჩკა, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ფოკუსნიკი და კლოუნი. კლოუნი მაყურებელს ვედროდან წყალს ასხამდა - ძალიან სასაცილო იყო, ოღონდ, ცოტათი ცივი. თანაც თოვლის პაპა მამას კლასელი აღმოჩნდა, რომელიც 17 წელი არ ჰყავდა ნანახი. როცა წარმოდგენა დამთავრდა, მან ექვსი ცალი ყუთი გვაჩუქა და მამასთან ერთად ბოლო რიგში დაიწყო არყის დალევა. ხალხი უკვე წასული იყო, ისინი სვამდნენ, ჩვენ კი საჩუქრებს ვჭამდით. როცა ჭამას მოვრჩით, ისინი უკვე მთვრალები იყვნენ და საკუთარ ნარწყევში ეძინათ. ჩვენ გვციოდა; თან ჩემ დას მუცელი ასტკივდა, კუჭი აეშალა და ჩაისვარა. ნახევარი საათის შემდეგ მეც იგივე დამემართა. ორი საათის შემდეგ დარაჯმა მამა გააღვიძა და სახლში წავედით. სიმთვრალის გამო მამას მეზობელი სადარბაზოდან ნათურის მოპარვა დაავიწყდა და რადგან სახლში ბნელოდა, ყველანი დავწექით. მე და ჩემი და გავცივდით, მაგრამ დედას სამსახურიდან მოპარული კროსვორდებიანი გაზეთები აქვს მოტანილი და მთელი ზამთრის არდადეგები გასართობი მექნება. ძალიან მიყვარს ახალი წელი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG