ამ ბლოგისთვის მასალაზე ფიქრი რომ დავიწყე, ყველაზე შესაფერისად საშობაო ზღაპრის სტილი მომეჩვენა. აი ისეთი, კლასიკური - თბილი, კეთილი, სენტიმენტალური, ოდნავ სევდიანი... დიდი დრო არ დამჭირდა იმის დასადგენად, რომ ამ საქმის ისე მომგვარებელი, როგორც მე წარმომედგინა და მინდოდა, არ ვიყავი. ამის მერე შვებით ამოვისუნთქე და უფრო მიწიერ რაღაცეებზე დავიწყე ფიქრი.
გონებაში გადავხედე 2009 წელს. ბევრი ვერაფერი აღმოვაჩინე საინტერესო. შეიძლება იმის გამო, რომ ერთი მოვლენა აშკარად დომინირებდა სხვა ყველაფერთან შედარებით. ვგულისხმობ 9 აპრილს დაწყებულ და უგემოვნებოდ განვითარებულ დაპირისპირებას “გაბლატავებულ” ხელისუფლებასა და მის უსუსურ კონკურენტებს შორის, რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებდნენ. ამ მოვლენამ კი იმდენად დამთრუნგველად იმოქმედა ჩემზე, რომ მისი გამოყოფა შეუფერებლად მივიჩნიე. მერე გადავხედე 2009 წლის საიუბილეო თარიღებს და იქაც ტრაგიკული 9 აპრილის 20 წლისთავი დამიხვდა, რაც ნამდვილად არ გამოდგებოდა საშობაო თემად.
მივხვდი, რომ მიდგომა უნდა შემეცვალა. საქართველოს თავი დავანებე და საერთაშორისო ამბებზე გადავერთე. თანაც ვცდილობდი რაც შეიძლება მსუბუქი, ზედაპირული, არაფრისმთქმელი მოვლენები მეძებნა. ამ მეთოდმა გაამართლა. უამრავ სისულელეს მივაგენი. მერე ცოტა გავცხრილე და დაახლოებით ასეთი სურათი მივიღე:
50 წლის წინ რუთ ჰენდლერმა შექმნა უპოპულარულესი თოჯინა ბარბი. ის უბრალო თოჯინა არ არის - მას აქვს ბიოგრაფია და აქვს სახლი, ჰყავს ნათესავები, მეგობრები და პარტნიორი კენი, რომელთანაც დროდადრო კონფლიქტები აქვს. ის არ უყვართ ფემინისტებს: თვლიან, რომ თინეიჯერი გოგონები, რომლებიც მის ფორმებს აღმერთებენ, შესაძლოა ანორექსიის მსხვერპლი შეიქნენ; მიჩნეულია, რომ მის შავკანიან ვერსიას მხოლოდ ფერი აქვს შავი; რელიგიური მოსაზრების გამო, ის აკრძალულია არაბულ სამყაროში. მისი იუბილე მწარმოებლებმა იმით აღნიშნეს, რომ 2009 წლიდან ის იყიდება სვირინგების კომპლექტთან ერთად.
40 წლის წინ გამოვიდა “ბითლზის” უკანასკნელი ალბომი Abbey Road. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, პლანეტაზე რამდენი დასახლებული პუნქტია? რამდენი ქუჩაა ამ დასახლებულ პუნქტებში და რამდენი გადასასვლელი ფეხითმოსიარულეებისთვის ამ ქუჩებში? ამ ალბომის ყდის გამო ამ გადასასვლელებს შორის მსოფლიოში ყველაზე ცნობილია ლონდონის ები როუდზე, ხმის ჩამწერ სტუდიასთან მდებარე გადასასვლელი.
25 წლის წინ ირლანდიელმა და ბრიტანელმა მუსიკოსებმა გამოუშვეს საქველმოქმედო სინგლი Do They Know It’s Christmas?. ეს ამბავი დაიწყო BBC-ს რეპორტაჟით, რომელიც ეხებოდა ეთიოპიაში გვალვის შედეგად გამეფებულ შიმშილობას. მოსიარულე ჩონჩხების ნახვამ მძიმედ იმოქმედა ირლანდიური ჯგუფის Boomtown Rats-ის ლიდერზე ბობ გელდოფზე, რომელსაც ჩვენთან უფრო იცნობენ, როგორც მთავარი როლის შემსრულებელს Pink Floyd-ის The Wall-ის მიხედვით ალან პარკერის მიერ გადაღებულ ფილმში.
მან გადაწყვიტა ფული შეეგროვებინა აფრიკელებისთვის. ამისათვის თავის კოლეგასთან, მიჯ იურთან ერთად სახელდახელოდ დაწერა სიმღერა და დაიწყო ბრიტანელ მუსიკოსებთან რეკვა წინადადებით - ანაზღაურების გარეშე ჩაეწერათ ეს სიმღერა. ერთობ სერიოზული თავყრილობა გამოვიდა - იმდროინდელი ბრიტანული პოპულარული მუსიკის ნაღები: ჯგუფები U 2, Queen, Status Quo, Duran Duran, Kool & The Gang, ბოი ჯორჯი, ფილ კოლინზი, სტინგი, დევიდ ბოუი, პოლ მაკკარტნი და სხვები. დისკის ყდა გააფორმა ცნობილმა პოპ მხატვარმა პიტერ ბლეიკმა. მაგრამ მარტო ეს არ იყო საკმარისი.
მნიშვნელოვანი იყო, რომ ხმის ჩამწერ სტუდიებს, ჩანაწერის გამომშვებ გრამჩამწერ ფირმებს და მაღაზიებს, სადაც სინგლი გაიყიდებოდა, თავიანთ წილ მოგებაზე უარი ეთქვათ. საბედნიეროდ, ყველა გაგებით მოეკიდა წამოწყებას. საზოგადოებაც მზად იყო კეთილი საქმისთვის - იცოდნენ რა, რომ მათი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდებოდა, ბრიტანელები დასტობით ყიდულობდნენ საშობაოდ გამოსულ სინგლს და ღია ბარათებივით ურიგებდნენ ახლობლებს. ბუნებრივია, სინგლი ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა და 5 კვირა შეინარჩუნა ეს პოზიცია. მხოლოდ ბრიტანეთში გაიყიდა 3,5 მილიონზე მეტი დისკი, რაც 1997 წლამდე ბრიტანეთის ყველა დროის რეკორდი იყო. შემოსავალმა 8 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი შეადგინა.
აი ასეთი საშობაო საჩუქარი გაუკეთეს ბრიტანელებმა აფრიკელებს. შეიძლება ეს თანხა დღეს მაინცდამაინც შთამბეჭდავად არ გამოიყურება, მაგრამ აქ იდეაა მთავარი: ძალიან მალე მსგავსი პროექტები მთელ მსოფლიოს მოედო, რომელთაგან, როგორც კომერციულად, ისე შემოქმედებითად ყველაზე წარმატებული We Are The World-ია.
ბედნიერ შობას გისურვებთ!