Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დახმარების მოლოდინში


ნინოწმინდა
ნინოწმინდა
საქართველოს ხელისუფლებამ დუხობორების ყოფილ საცხოვრებელ სახლებში ეკომიგრანტები ჩაასახლა. სასმელი წყლის დაზიანებული მილები, შესაკეთებელი საავტომობილო გზა, მიწის განაწილების საკითხი და სკოლის დანგრეული შენობა - ეს გორელოვკის რეალობაა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს 350-მდე ადგილობრივი და ჩასახლებული ოჯახი ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას სთხოვს:

,,ეს ჩვენი ხმა მივიდეს პრეზიდენტის კარამდე, რომ ჩვენი ძველი რუსული ისტორიული სოფლის, გორელოვკის, აღორძინება დაიწყოს ქართველი მოსახლეობით - მიწის საშუალება ნუ გვექნება პრობლემა და გადაგვიწყდეს დადებითად.”

,,ჩვენ ორ ჰექტარ მიწაზე აქ ვერ ვიარსებებთ. ორი ჰექტარი მიწა ორი ძროხის გამოსაკვებად არის მხოლოდ საკმარისი. აქ კი მესაქონლეობით უნდა ირჩინო თავი. ჩვენ იქ არ გვქონდა მიწა, წყალი, სახლი, კარი და იმიტომ ჩამოვსახლდით აქ, თორემ გაჭირვებულად იქაც ვცხოვრობდით. მე უნდა ვთხოვო მთავრობას, სააკაშვილს პირდაპირ, რომ დაგვეხმაროს როგორმე ამ გაჭირვებულ ხალხს.”

,,სათესი საერთოდ არ გვაქვს, რაცხა კარტოფილი ხომ უნდა დათესო მაინც. ტყემალია, რომ არის ხულოში, აქ ისიც საყიდელი აქვს გლეხკაცს. ორი სული პირუტყვია საჭირო, რომ ეს ყველაფერი გადაცვალო სხვა პროდუქტებზე, ან კარტოფილი დათესო და იყიდო ლობიო, რომ დააკონსერვო... აბა, სხვა რა უნდა ქნა? აქ კარტოფილი და საქონელია მარტო.”

გორელოვკა ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს. ზამთარში აქ ტემპერატურა მინუს 50 გრადუსამდეც ეცემა. აჭარის მაღალმთიანი და ეროზირებული სოფლებიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა საწვავის შემდეგ ხელისუფლებას ყველაზე მეტად დასაქმებას სთხოვს.

,,პატარ-პატარა სესხების ვარიანტი რომ გაგვიკეთონ, რომ საქონელი შევიძინოთ. აბა, ხელცარიელი საიდან რა ვქნათ?”

,,საპატრულო პოლიცია იქნება, ,,ტამოჟნია” თუ სხვა რაიონში ადგილი, ახლად ჩამოსახლებული მოსახლეობა დაგვასაქმონ.”

,,ძალიან გამიჭირდა, მაგრამ რას იზამ? იქ პირობები არ არის ისეთი, რომ ოჯახები ვარჩინოთ. ჩვენთან რვა თვე ზამთარია. სამი და ოთხი თვის ნაშრომმა რვა თვე არ გაიტანა. მეცხოველეობის იმედი მაქვს, რომ ამ მეცხოველეობით ოჯახი დავაპურო და ლუკმაპური მოვუტანო სახლში.”

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემებს კარგად იცნობენ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამსონ ფნჯოიანის განცხადებით, მათ, ძირითადად, სოციალური პრობლემები აწუხებთ.

,,ახლა ჩამოასახლეს კიდევ ასპინძის, ვალესა და ახალციხის მუნიციპალიტეტებიდან. ჩვენ სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ და ყველა პირობას ვქმნით, რომ მათ კომფორტულად და ნორმალურად იცხოვრონ. აჭარიდან ბევრნი არიან და შეიძლება კიდევ ჩამოასახლონ. სასოფლო-სამეურნეო მიწის საკითხი საკრებულოს პრეროგატივაა და მას ეკუთვნის ამ საკითხის გადაწყვეტა. რაც გამგეობას ეკუთვნის, შესაბამის ფარგლებში გადავწყვეტთ.”

ამ დროისათვის ჯავახეთის სოფლებში 200-მდე ეკომიგრანტი ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მათი რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG