Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მინისტერიალი დასრულდა. როგორია შედეგები?


ბრიუსელი: ნატოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები
ბრიუსელი: ნატოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები
ამ დღეებში ბრიუსელში რამდენიმე საყურადღებო საკითხზე მსჯელობდნენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები. მთავარი თემები იყო ალიანსისა და მისი მოკავშირეების მისია ავღანეთში, ისევე როგორც ნატოს მომავალი გაფართოების პროცესი, რის შემდეგაც მუშაობა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომით გაგრძელდა. ნატოს მინისტერიალზე, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაც ახსენეს, თუმცა ყურადღების ცენტრში სხვა ქვეყანა მოექცა: ჩერნოგორია.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩერნოგორიას შესათავაზეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, განსხვავებით ბოსნიისაგან, რაც, უნდა ითქვას რომ მოსალოდნელი იყო მისი, ნატოს ზოგი წევრის თვალში, არასაკმარისი სტაბილურობის გამო.

ასევე, როგორც მოსალოდნელი იყო, ნატოს მინისტერიალზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას. ორივე ქვეყანას უთხრეს, რომ მართალია, ორივე განაგრძობს წინსვლას ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ორივეს ჯერ კიდევ დიდი სამუშაო აქვს გასაწევი. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ორდღიანი მინისტერიალის დასაწყისშივე განაცხადა, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის შარშან ბუქარესტში მიცემული დაპირება, რომ ორივეს მიიღებენ ალიანსში, ძალაში რჩება. ამასთან, როგორც უკვე ვიუწყებოდით ბრიუსელის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში კვლავ არ დამდგარა საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ის მინიჭების საკითხი.

ნატოს მინისტრებმა საქართველოს ურჩიეს, გააუმჯობესოს მეზობლებთან ურთიერთობა საკუთარი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.
პარასკევს, დღის მეორე ნახევარში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები სწორედ საქართველოს მეზობელი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდნენ „ნატო-რუსეთის საბჭოს“ ფორმატით. „მე ეს-ეს არის, პირველად გავუწიე თავმჯდომარეობა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას მინისტრთა დონეზე და უნდა გითხრათ, რომ თუ ყველა სხდომა ასეთ სოლიდურ შედეგებს მოიტანს, მართლაც კარგი სტარტი გვაქვს აღებული“, განაცხადა სხდომის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, რასმუსენმა.

რასმუსენს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჯერ კიდევ დაწყებამდე ჰქონდა ნათქვამი, რომ დაგეგმილი იყო იმ საფრთხეებზე მსჯელობა, რომლებიც ნატოსაც და რუსეთსაც ემუქრება 21-ე საუკუნეში. სხდომის შემდეგ რასმუსენმა გამოაცხადა, რომ პროცესი დაწყებულია. ამას გარდა, მიღწეულია შეთანხმება „სამუშაო გეგმაზე 2010 წლისთვის, რაც ითვალისწინებს სამხედრო თანამშრომლობის განახლებას, ავღანეთის საკითხში თანამშრომლობის გააქტიურებას და თანამშრომლობის გააქტიურებას ტერორიზმთან ბრძოლაში“.

ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ბოლოს მიღებულ დასკვნით განცხადებაში საქართველოსთვის განსაკუთრებით საყურადღებო პუნქტი სწორედ რუსეთს ეხება. მასში ნათქვამია, რომ ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსკოვს, გააუქმოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების შესახებ, ასევე მოუწოდებს მოსკოვს, შეასრულოს ვალდებულებები, ნაკისრი ევროკავშირის შუამავლობით გასული წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებებით.

ნატოს ბოლო მინისტერიალზე საუბრისას, რასაკვირველია არ შეიძლება, არ ვახსენოთ თემა, რომელიც მინისტერიალის ორივე დღეს აქტიურად განიხილებოდა - ავღანეთში სტაბილიზაციისაკენ მიმართული ძალისხმევა. ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ საქართველომ ქება დაიმსახურა მზადყოფნისთვის, ასობით ჯარისკაცი გააგზავნოს ავღანეთში. პარასკევს ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატოს წევრი და მოკავშირე 44 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
„ამ მაგიდასთან წარმოდგენილმა 44-მა ქვეყანამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველა გამოწვევის, ყველა ამ გაურკვევლობისა და მსხვერპლის მიუხედავად, ერთსულოვნად აპირებენ მისიის გაგრძელებას. მინისტერიალის ამ დარბაზში დღეს მთავარი გზავნილი იყო სოლიდარობა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ბრიუსელში ხუთშაბათს განაცხადა, რომ 900-ზე მეტი ჯარისკაცი გაიგზავნება ავღანეთში. რაც შეეხება სხვა ქვეყნების წვლილს, ნატოს გენერალურმა მდივანმა შემდეგი მონაცემები დაასახელა: „სულ ცოტა, 25 ქვეყანა გააგზავნის მეტ ჯარისკაცს ამ მისიისთვის 2010 წელს. მათი შეთავაზებაა დამატებით 7000 ჯარისკაცი, რასაც კიდევ მეტი უნდა მოჰყვეს. აშშ-ის დამატებითი კონტინგენტის ჩათვლით, ეს ნიშნავს, რომ ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი მრავალეროვანი ძალების განკარგულებაში 2010 წელს 37 000 ჯარისკაცით მეტი იქნება, ვიდრე წელს არის“.

ასე რომ, ავღანეთში თალიბანის მმართველობისთვის ბოლოს მოღებიდან 8 წლის შემდეგ, 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, აპირებს 150 000-მდე გაზარდოს მრავალეროვანი სამხედრო კონტინგენტი გააქტიურებული თალიბანისა და ალ-ყაიდის დასამარცხებლად.

თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის სიტყვებს მოვიშველიებთ (ეს სიტყვები მან ბრიუსელში მოლაპარაკებების შემდეგ წარმოთქვა), საქმე ეხება „გადამწყვეტი მნიშვნელობის გამოცდას ნატოსთვის, მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი და ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსისათვის“.
XS
SM
MD
LG