Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა


წელს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის თემა ასეთია: ”უნივერსალური ხელმისაწვდომობა, ადამიანის უფლებები!” პირველ დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველო უკვე მეთექვსმეტედ უერთდება. საქართველოში აივ ინფიცირებულთა რიცხვი სტაბილურად, მაგრამ მაინც იზრდება.

შიდსი არ გადადის მეგობრობით, - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც, პირობითად, ნინოს დავარქმევთ, რადგან ანონიმურობის დაცვას შევპირდით. ის 25 წლისაა, ჰყავს 4 წლის შვილი და მეუღლე. პირველად სწორედ მას დაუდგინეს შიდსის დიაგნოზი. სამი წლის წინ ანალიზი ნინომაც გაიკეთა. პასუხი დადებითი იყო, დიაგნოზთან შეგუება კი - ურთულესი: ”თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ მერე შიდსის ცენტრთან თანამშრომლობით, შიდსით დაავადებულთა ფონდთან თანამშრომლობით, სადაც ბევრი ჩემნაირი მუშაობს, მათ მოახერხეს, რომ მე გამოვეყვანე ამ მდგომარეობიდან და ახლა უკვე მე თვითონ სხვებს ვეხმარები და ვცდილობ, რომ რაც მე გადავიტანე, ბევრად უფრო ადვილად გადაიტანონ დანარჩენებმა.”

დღეს ნინო ფიზიკურად თავს იმდენად კარგად გრძნობს, რომ ხანდახან არც სჯერა, რომ აივინფიცირებულია. ჯერჯერობით მას მკურნალობა არ სჭირდება. თუმცა ნინოს მსგავსი ადამიანებისათვის ფიზიკურ ტკივილზე ძნელად ასატანი დანარჩენი საზოგადოების დამოკიდებულებაა. მე-20 საუკუნის შავ ჭირად მონათლული შიდსის მიმართ შიში კვლავ დიდია: ”ძალიან ხშირად გვიწევს ჩვენი სტატუსის დამალვა, იმიტომ რომ გვეშინია, რომ საზოგადოება ზურგს შეგვაქცევს და არავის ჩვენთან დალაპარაკება არ მოუნდება... დალაპარაკება კი არა, გამარჯობასაც არ გვეტყვიან.”

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში სულ ოფიციალურად ინფიცირებული 2204 შემთხვევაა შიდსის. მათგან 1641 - მამაკაცია, 563 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 35 წლამდე ასაკისაა. აივ მკურნალობას 606 პაციენტი იტარებს, მათგან 28 ბავშვია.

გადაცემის გზების მიხედვით, რეგისტრირებულების თითქმის 60% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 34.0 % ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა; წელს 353 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი აკაკი აბუთიძე ამბობს, რომ, შიდსის გავრცელების მხრივ, საქართველო მაინც დაბალი გავრცელების ქვეყნებს შორისაა, განსხვავებით უკრაინისა და რუსეთისგან, სადაც ამ მხრივ, როგორც აკაკი აბუთიძე ამბობს, კატასტროფული ვითარებაა.

აკაკი აბუთიძე განმარტავს, რომ მაღალი რისკის ჯგუფებისთვის შიდსზე ტესტირება უფასოა და ის სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ფასიანია დ,ა დაახლოებით, 12 ლარი ღირს.

შიდსთან ბრძოლის დღე 1 დეკემბერს გაეროს ოფისში აღნიშნეს. შეხვედრაზე მისულმა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა თქვა, რომ ამ სფეროში გაზრდილი ბიუჯეტი, ახალი კანონმდებლობა და უახლოეს მომავალში შიდსის თანამედროვე ცენტრის მშენებლობის ფაქტი ქვეყანას საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს ის დაბალი ციფრები, რაც შიდსის გავრცელების მხრივ საქართველოში არსებობს, მოხდეს პრობლემის პრევენცია. ახალი საკანონმდებლო აქტი კი, მისი სიტყვებით, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს აივინფიცირებულთა უფლებების დაცვას: ”ამ კანონში არც ერთი დისკრიმინაციული ჩანაწერი არ არის - არც პოზიტიური, არც ნეგატიური; მასქიმალურად არის ჩამოყალიბებული როგორც სახელმწიფოს ვალდებულებები, ისე შიდსით დაავადებულთა ვალდებულებები, კონფიდენციალობის საკითხები და ა.შ.”

შიდსთან ბრძოლის დღეს საკანონმდებლო ორგანოშიც გამოეხმაურნენ. ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა დიმიტრი ლორქიფანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესწავლა მოითხოვა: ”რამდენიმე ათეული პატიმარი, რომლებიც არიან დაავადებულნი შიდსით, ასევე ტუბერკულოზითა და ჰეპატიტით, დღემდე იმყოფებიან გაუსაძლის პირობებში და ვერ მოხერხდა ამ პირობების გაუმჯობესება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრების ერთობლივი ბრძანება, არსებობს სპეციალური კომისიაც, თუმცა საქმე წინ არ მიდის.”
ლორთქიფანიძეს იქვე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კოკა ფრუიძემ, რომელმაც თქვა, რომ აივინფიცირებული პატიმრების მკურნალობა გლობალური ფონდის დახმარებით ხდება და რომ ისინი განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავთ აყვანილი არა მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურებს, არამედ „წითელ ჯვარს“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ციხეში არსებული ვითარების შეფასება კი რადიო თავისუფლებამ შიდსის ცენტრის ექიმს მაია ცინცაძესაც სთხოვა. მაია ცინცაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს 14 აივინფიცირებული პატიმარი გამოვლინდა, სულ კი ამ ვირუსის მატარებელი 80 პატიმარია. მათგან ყველა, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, ეს მკურნალობა უტარდება. ხოლო, ზოგადად, ამ მხრივ, ვითარება, ცინცაძის შეფასებით, დაახლოებით ისეთივეა, როგორიც მეზობელ ქვეყნებში.

ჩვენი გმირი ნინო კი ამბობს, რომ ამ დაავადების რისკის ქვეშ არის ნებისმიერი ადამიანი. დაინფიცირდე შიდსით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, არაწესიერად ცხოვრობ.

”ჩვენ ნუ გაგვრიყავენ და ჩვენც შემოგვხედონ როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს. ბევრ ჩვენგანს, რომლებიც ვართ დღეს ინფიცირებულები, არაფერი დაგვიშავებია ცხოვრებაში. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ მსხვერპლი გავხდით ჩვენც. ამიტომ ჩემი ყველაზე დიდი თხოვნაა, ნუ გაგვრიყავენ ასე, რადგან შიდსი არ გადადის მეგობრობით და ხელის ჩამორთმევით, გადაკოცნით და ასეთი ურთიერთობით.”

შიდსთან ბრძოლის დღის სიმბოლო წითელი ლენტია. ატარო ის თუნდაც ერთი დღე, ნიშნავს იყო სოლიდარული შიდსით დაინფიცირებულთა მიმართ, გამოხატო პროტესტი და ებრძოლო სტიგმას და,რაც მთავარია, გქონდეს იმედი, რომ მედიცინა იპოვის შიდსის დამარცხების საშუალებას.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG