Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ბორჯომის 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი


ბორჯომის 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი საზოგადოების განსჯას ელოდება. ერთი თვის შემდეგ კი, საკრებულოში წერილობით შესული მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, პროექტმა საბოლოო სახე უნდა მიიღოს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიაჩნია, რომ ეს არის სოციალური ბიუჯეტი, რადგან მასში კაპიტალური ხარჯები მინიმუმამდეა დაყვანილი. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ხელისუფლებისგან, ძირითადად, ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას ითხოვენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში ერთი კვირის წინ შევიდა და იგი 4 მილიონ 129 ათასი ლარით განისაზღვრა. კანონის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებას უნდა წარედგინოს და, შესაძლოა, მუნიციპალიტეტს გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებაც მოუხდეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვახტანგ მაისურაძე ამბობს, რომ შარშანდელი ბიუჯეტი მხოლოდ 3 მილიონ 900 ათასი ლარი იყო:

,,ჩვენთვის არის გაზრდილი, იმიტომ რომ შარშანდელ ჩვენს ბიუჯეტში 3 მილიონ 900 ათასში იყო 800 ათასი ლარის ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან. წელს ტრანსფერი მხოლოდ 155 ათასია. ასევე ჩვენთვის ტვირთი გაიზარდა, დაახლოებით, 1 მილიონი ლარით, მაგრამ ამ ერთი მილიონით გაზრდა ჩვენ მოგვცა იმან, რომ რესურსის გადასახადი გაიზარდა, კონკრეტულად, ბორჯომის წყლის ლიცენზიით სარგებლობისთვის. ეს არის, დაახლოებით, 800 ათასი ლარის სხვაობა, რაც, პრინციპში, აისახა კიდეც ჩვენს ბიუჯეტში.”

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიაჩნია, რომ ეს არის სოციალური ბიუჯეტი, რადგან მასში კაპიტალური ხარჯები მინიმუმამდეა დაყვანილი. აღნიშნულ ბიუჯეტში მხოლოდ დასუფთავების მანქანის ყიდვა და საკურორტო ქალაქის გამწვანებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებია გაწერილი, დანარჩენი სოციალურ სფეროს მოხმარდება.

,,საპროექტო ბიუჯეტში გაზრდილია ბიბლიოთეკების, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრის, სპორტსკოლის, სადაც სასკოლო ასაკის ახალგაზრდები არიან. ჯანდაცვის კუთხითაც გავზარდეთ დაფინანსება მცირედით, - დაახლოებით, 30 ათასი ლარით, - მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი. საკრებულოსთანაც გვქონდა ამის შესახებ მსჯელობა.”

ახალი ბიუჯეტის ფარგლებში, შესაძლოა, ბაღის მასწავლებელთა დაზღვევაც განხორციელდეს, თუმცა მუნიციპალიტეტმა ჯერ შენიშვნები და მოსაზრებები უნდა გაითვალისწინოს. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ტრისტან ცუცქირიძე ფიქრობს, რომ საკრებულოს წელს გაზრდილი ბიუჯეტის დამტკიცება მოუწევს.

,,უფლება გვაქვს თებერვლამდე მივიღოთ ბიუჯეტი, - მას შემდეგ, რაც, მიღებული იქნება ცენტრალური ბიუჯეტი, - ანუ ჩვენ ყველანაირ ვადებში ვეტევით. საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული გვაქვს და დაველოდებით შენიშვნებს. შარშანდელთან შედარებით ცოტათი გაზრდილია ბიუჯეტი და მისი დამტკიცება მოხდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება ადმინისტრაციული საქმის წარმოება.”

მიუხედავად იმისა, რომ 26 ნოემბრის რაიონის საზოგადოებრივ- პოლიტიკურ გაზეთ ,,ბორჯომში” 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოქვეყნდა, ბორჯომელთა უმრავლესობა მას არ იცნობს. ადგილობრივები ხელისუფლებისგან, ძირითადად, ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას ითხოვენ:

,,ხალხს ყველაფერი უჭირს - რაზე არ ვთქვათ, რომ არ უჭირდეს. უფრო ჯანმრთელობის მხრივ, რომ ექიმთან ვერ მიდის ადამიანი. პირობები არ არის ისეთი, დასაქმების პრობლემაა.”

,,უმუშევრობაა. რაღაცნაირად გაგვაქვს თავი. ვინც არ მუშაობს, ძალიან შეწუხებული ვართ, ძალიან. მასობრივი უმუშევრობაა.. ახალგაზრდებს მაინც ძალიან უჭირთ. ტელევიზორს რომ ჩართავ, თითქოს ყველაფერი კარგადაა, - გაზეთს გადახედავ, გული გისკდება: მთელი პრობლემებია ჩამოთვლილი. ახალგაზრდობის აღზრდა უნდა იყოს მაღალ დონეზე.”

ოპოზიციური პარტიიდან ბორჯომის საკრებულოში მხოლოდ ერთი წევრი, ბესიკ ფოფხაძეა, რომელიც, ამავე დროს, საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობს. იმის გამო, რომ იგი ბორჯომში არ იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებამ მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.
XS
SM
MD
LG