Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურმა მხარემ დიალოგზე უარი თქვა


ერგნეთი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
ერგნეთი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
დღეს ერგნეთში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ოსური მხარის უარის გამო ჩაიშალა. პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიდრე ქართული მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ეროვნების მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდის, ერგნეთის შეხვედრაში ოსური მხარე მონაწილეობას არ მიიღებს.

ბორის ჩოჩიევი
ჩოჩიევი დე ფაქტო რესპუბლიკის ხუთ მოქალაქეს ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს, რასაც ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს. ბორის ჩოჩიევმა ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებიც დაუკავშირდნენ და შეხვედრაში მონაწილეობა სთხოვეს, მაგრამ ოსური მხარის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

ოსური მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ქართულ მხარეს ყველა შეხვედრისას სთხოვს. ქართულმა მხარემ კი დღემდე ამ ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის. ერგნეთის ბოლო შეხვედრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თუ ქართველი სამართალდამცავები დაკარგულების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ, ოსურ მხარეს აუცილებლად გადასცემენ. შოთა უტიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოსური მხარის გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის შეჩერების შესახებ დროებითია.

ჰანს იორგ ჰარბერი
საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ჰაბერი აღნიშნავს, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი ინფორმაციის გაცვლის და კონკრეტული შემთხვევების განხილვის საშუალებას ქმნის.

მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის განცხადებით, მიუხედავად მექანიზმის ეფექტურობით უკმაყოფილებისა, ფორუმის მნიშვნელობას მისი ყველა მონაწილე უნდა აფასებდეს. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელმა ყველა მონაწილეს მოუწოდა, მოსახლეობისადმი ვალდებულებები შეასრულოს და მოლაპარაკების პროცესს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს.

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარების გამო, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს შემდეგ, შეშფოთება ნატომაც გამოთქვა. ალიანსის ოფიციალური
ჯეიმს აპატურაი
წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარებისკენ ნატო პასუხისმგებლობის მქონე ყველა მხარეს მოუწოდებს.

ერგნეთის შეხვედრის მთვარი თემა ცხინვალში დაკავებული ტირძნისელი მოზარდების საკითხი უნდა ყოფილიყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსურმა სასამართლომ არასრულწლოვანებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ამ ინფორმაციას გორსა და თბილისში ვერ ადასტურებენ. ახალი ინფორმაციის შესახებ არაფერი იციან დაკავებულების ოჯახების წევრებმაც. მათთვის ასევე უცნობია, მისცემს თუ არა ოსური მხარე მშობლებს ბავშვების მონახულების უფლებას.
XS
SM
MD
LG