Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოუბიზნესის მეტრი ქუინსი ჯონსი


ქუინსი ჯონსი
ქუინსი ჯონსი
ლოს-ანჟელესის ჟურნალ ”ვენისის” გარეკანიდან გვიცქერის სიმპათიური შავკანიანი მამაკაცი. პოპულარულმა ჟურნალმა, რომლის პროფილი ხელოვნება და გართობაა, თავის ყდაზე თანამედროვე შოუბიზნესის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწის, ქუინსი ჯონსის, ფოტო დაბეჭდა. ცნობილი კომპოზიტორი, პროდიუსერი, პედაგოგი და ფილანტროპი მთელ მსოფლიოში მუსიკალური პოპ-კულტურის მამოძრავებელ ძალად ითვლება. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მისი ფიგურა, თავისი მასშტაბით, რენესანსის კორიფეებს უახლოვდება. ამბობენ აგრეთვე, რომ ქუინსი ჯონსი მუსიკაში იგივეა, რაც სტივენ სპილბერგი კინოში - მან ხომ დაწერა მუსიკა ორმოცდაათზე მეტი კინოფილმისა და ტელესერიალისთვის, რომელთა პროდიუსერიც ხშირად თავად იყო. მათ შორისაა: ”მაკენას ოქრო”, ”ახალი ცენტურიონები”, ”ოსტინ პაუერსი” და სხვ. 26 ”გრემის” და 7 ”ოსკარის” მფლობელი ამ უკანასკნელის ერთ-ერთ ცერემონიასაც პროდიუსერობდა. მან კინოში ყველაზე ცნობილი შავკანიანი ტელეჟურნალისტი, ოფრა უინფრი, მოიყვანა. 76 წლის ქუინსი ჯონსის მოღვაწეობა შოუბიზნესის სფეროში 50 წელზე მეტს ითვლის. ბევრს, ალბათ, ახსოვს 1985 წლის გახმაურებული პროექტი ”ჩვენ ვართ სამყარო”, პოპ-მუსიკის ყველა ვარსკლავის მონაწილეობით. იმ პროექტს სწორედ ჩვენი სიუჟეტის გმირი ხელმძღვანელობდა და დირიჟორობდა. ჯონსის პროდიუსერობით ჩატარდა აგრეთვე ”მილენიუმის” შეხვედრის ცერემონია თეთრ სახლში.

ქუინსი დილაიტ ჯონსი-უმცროსი ჩიკაგოში 1933 წლის 14 მარტს დაიბადა. ბიჭუნა ხუთი წლის იყო, როცა დედამისს მძიმე ნერვიული აშლილობა დაეწყო და სიცოცხლის დარჩენილი წლები ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. ქუინსი მამისა და უფროსი ძმის ანაბარა დარჩა. მუსიკით ის ბავშვობიდან იყო გატაცებული და 10 წლის ასაკში, როცა ოჯახი საცხოვრებლად სიეტლის გარეუბანში გადავიდა, უკვე ცდილობდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას. საბოლოო ჯამში, არჩევანი მან საყვირზე შეაჩერა. სულ მალე ქუინსი კიდევ ერთ ნიჭიერ მოზარდს, მასზე სამი წლით უფროს დამწყებ პიანისტს და ვოკალისტს, რეი ჩარლზს დაუმეგობრდა - ნორჩმა მუსიკოსებმა საკუთარი ანსამბლი ჩამოაყალიბეს და დაიწყეს ადგილობრივ კლუბებში და ქორწილებში გამოსვლა. სულ მალე აღსრულდა ჯონსის ოცნება - ის ბოსტონში მდებარე პრესტიჟული ბერკლის მუსიკალური კოლეჯის სტუდენტი გახდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პროფესიული მოღვაწეობა ქუინსიმ ლაიონელ ჰემპტონის ბიგ-ბენდში დაიწო. 50-იან წლებში ის საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სერა ვოანთან, რეი ჩარლზთან, კაუნტ ბეისისთან, დიუკ ელინგტონტთან მოუწია თანამშრომლობა. სამშობლოში სწრაფად მოპოვებული პოპულარობის მიუხედავად, ჯონსი კერძო გაკვეთილებს იღებდა პარიზში მცხოვრებ ცნობილ მუსიკოს ნადია ბულანჟესგან. იმავდროულად, წერდა მუსიკას კინოფილმებისთვის.

ქუინსი ჯონსს დიდი მეგობრობა აკავშირებდა ფრენკ სინატრასთან. მათ ერთად ჩაწერეს

ვიდეოკონცერტი ”პორტრეტი ალბომში”. აი, როგორ ახასიათებდა მეგობარს ქუინსი: ”მას არ უყვარს სამუშაოს გაჭიანურება, მყისვე ახერხებს ენერგიის კონცენტრაციას, სწრაფად აკეთებს ყველაფერს და, იმავდროულად, ამოწმებს სხვების მზადყოფნასაც. ექსტრემალურ პირობებში ფრენკი საოცარ შრომისმოყვარეობას ამჟღავნებს. ერთხელ ჩვენ ლას-ვეგასში მივფრინავდით, სადაც ფრენკს პირველად უნდა შეესრულებინა სიმღერა ”The shadow of your smile“ (შენი ღიმილის ჩრდილი), რომელიც შემდგომში ჰიტი გახდა. სინატრამ არ იცოდა სიმღერის ტექსტი და დასაზეპირებლად თვითმფრინავში თურმე 18-ჯერ გადაუწერია. შედეგი კი ის იყო, რომ მეორე დღეს სიმღერა გენიალურად შეასრულა. მისი ხელოვნების ფესვები ბიგ-ბენდის ჟანრის სიღრმეშია ჩამალული”. ამას ამბობდა ქუინსი ჯონსი, რომლის გარეშეც შოუბიზნესის სამყარო ძნელად წარმოსადგენია და რომელმაც თვით სიკვდილზეც კი გაიმარჯვა: ტვინის ანევრიზმის ორი ურთულესი ქირურგიული ოპერაცია ისე გადაიტანა, რომ მუშაობა თითქმის არ შეუწყვეტია. ბრავო, მაესტრო!
XS
SM
MD
LG