Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

182 მლნ ლარი სამცხე-ჯავახეთის განვითარებისთვის


ახალციხე, სამცხე-ჯავახეთი
ახალციხე, სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფოს მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების განხორციელება წელს სრულდება, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ასევე სახელმწიფო პროგრამების დასრულება მომავალ წელს იგეგმება.

სამცხე-ჯავახეთში ამ დროისათვის 3 სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ქვეყანას 9 მლნ ლარამდე დაუჯდა. წელს ძირითადი აქცენტები სასმელი, სარწყავი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე, სკოლებისა და ბაღების რემონტსა და სოფლის დახმარების საკითხებზე გაკეთდა. რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსის მარინა გაჩეჩილაძის ვარაუდით, დეკემბრის ბოლოსთვის ყველა პროექტი დასრულდება.

,,პირველი არის თანხა, 5 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც გამოიყო და რეგიონში მოხმარდა წყალსადენების, წყალსაკანალიზაციო სისტემებისა და ხიდების მშენებლობას. მეორე პროგრამაა, საქართველოს მთავრობის 35-ე განკარგულებით, სოფლის დახმარების პროგრამა და მესამე სახელმწიფო პროგრამაა სკოლების რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის 347-ე განკარგულებით. მოხდა 60-მდე სკოლის რეაბილიტაცია რეგიონში.”

სახელმწიფო პროგრამით, სოფლებში მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 20 მლნი ლარი გამოიყო. აქედან სამცხე-ჯავახეთს მილიონ-ნახევარი ერგო. მაშინ, როცა სოფლის დახმარების პროგრამა ამოქმედდა, მოსახლეობის მიერ მთავარ პრობლემად სასმელი და სარწყავი წყლისა და ნორმალური საავტომობილო გზების უქონლობა დასახელდა.

,,მორწყვა ძვირი გვიჯდება. სასუქი ძვირია. მოხვნა, კომბაინით აღება, გალეწვა _ ყველაფერი ძვირი ჯდება. სარწყავი წყალი ფასიანია, ფულს ვიხდით. ყველას არა აქვს შესაძლებლობა. ზაფხულში, მით უმეტეს, გლეხობას ძალიან უჭირს - ბევრმა დაყარა მიწები. ადიგენში ხალხი აღარ ჩერდება. მიდის ნელ-ნელა. მშიერს ვის გააჩერებ? პირველ რიგში უნდა გაკეთდეს გზა, სარწყავი წყალი, რომ გლეხმა რაღაცას ხელი მოჰკიდოს და იმუშაოს.”

სპორტული მოედნებისა და სანიაღვრე არხების შეკეთება, სასაფლაოების შემოღობვა, წყალსაქაჩი სისტემისა და სკოლების რეაბილიტაცია – ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებაც სოფლის მოსახლეობამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაწყვიტა.

,,დახმარების პროგრამის ფარგლებში გაკეთდა სკოლა ახლა, ოღონდ ნახევრად გაგვიკეთეს, გარეთა ფასადი არ გაგვიკეთეს, დანარჩენი ყველაფერი გაკეთდა. თანხა არ ეყოთ და მომავლისთვის შეგვპირდნენ გაკეთებას. საუკუნის სკოლაა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. შიგნით შეიცვალა თითქმის ყველაფერი.”

,,ადრე - სამი-ოთხი წლის წინ - გაკეთდა სტადიონი, მერე - რიტუალების სახლი. ახლა წყალსაქაჩი გააკეთეს.”

სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის მონაცემებით, წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 449 პროექტი განხორციელდა. მთლიანად ინვესტიციების პორტფელმა კი რეგიონში 182 მილიონ ლარს გადააჭარბა. მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის თანხა რეგიონის განვითარების ფონდმა, ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, საგზაო დეპარტამენტმა, განათლების სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა გამოყვეს. რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსის მარინა გაჩეჩილაძის განცხადებით, არის რამდენიმე პროექტი, რომლებიც მომავალ წელს დასრულდება:

,,ეს არის გზების, წყალსაკანალიზაციო სისტემების, გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. დანარჩენი პროექტები პრაქტიკულად კარგ ტემპში და ნორმალურად ჩამთავრდა რეგიონში.”

მარინა გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ 2010 წლისათვის რეგიონში ინვესტიციები გაიზრდება, ხოლო სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების თანხა გასამმაგდება.

XS
SM
MD
LG