Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსიკა, სპორტი და სხვა


მასკულტურის ეპოქაში, - ჩვენი დრო კი უდავოდ სწორედ ამ ეპოქას მიეკუთვნება - კომერციალიზაციამ ხელოვნების უკლებლივ ყველა სფერო მოიცვა, მათ შორის მუსიკაც. პროცესი ხშირად შენიღბულად მიმდინარეობს. ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ პროდიუსერებს, მენეჯერებს და, ნაწილობრივ, კრიტიკოსებსა და ჟურნალისტებსაც. მათი ზეგავლენის შედეგად საშუალო მსმენელი თანდათან, შეიძლება ითქვას, „კარგავს კვალიფიკაციას“. ხშირად სწორედ შენიღბვის მიზნით კომერციალიზაციის ნაცვლად იყენებენ სხვა ტერმინს - „პოპულარიზაციას“. ამასთან დაკავშირებით საბჭოთა კულტურის ისტორიიდან საინტერესო ფაქტი გამახსენდა: ორმოციანი წლების ბოლოს მოსკოვის ფილარმონიის ხელმძღვანელს, პარტიის მიერ დანიშნულ „მუშათა კადრს“, მოახსენეს, რომ ახლო მომავალში ფილარმონიას დაგეგმილი აქვს ცნობილი პიანისტის ემილ გილელსის გასტროლები ურალის ქალაქებში. „როგორ, ის მარტო დაუკრავს?“ - გაოცებულა კომუნისტი ჩინოვნიკი. მსმენელისთვის ეს ხომ მოსაწყენი იქნება, გააყოლეთ თუნდაც აკრობატთა წყვილიო. იმხანად მასობრივ რეპრესიებს გადარჩენილ მოაზროვნე ადამიანებისათვის ეს ერთდროულად სასაცილოც იყო და სატირალიც.

ავად მოსაგონარი საბჭოთა დროისგან განსხვავებით, მუსიკის სფეროში ამჟამად შექმნილი ვითარება მხოლოდ და მხოლოდ სევდისმომგვრელია. უპირველეს ყოვლისა, ზოგიერთი მსოფლიო დონის მუსიკოსი, კლასიკური მუსიკის გამოჩენილი შემსრულებელი, მოიხიბლა დიდი ჰონორარით და, გარკვეულწილად, მასკულტურის მსახურად იქცა. მაგალითისათვის შემიძლია დავასახელო მევიოლინეები ვანესა მეი და ნაიჯელ კენედი. ორივე შემსრულებელი გამუდმებით ეწევა კლასიკური მუსიკის პროფანაციას (საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც კენედის მიერ შესრულებული ვივალდის ციკლი „წელიწადის დრონი“). იმავე გზას დაადგა უაღრესად პოპულარული „კრონოს-კვარტეტიც“; საკუთარი შემოქმედების კომერციალიზაციას ეწევა გამოჩენილი ჩელისტი იო-იო-მაც. ასტრონომიულმა ჰონორარებმა საგრძნობლად გაამდიდრა ჩინელი წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი, თუმცა, სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად დასცა მისი პრესტიჟი ჭეშმარიტ მუსიკოსთა წრეში. აღნიშნული ტენდენცია თავის თავზე გამოსცადა იმ თბილისელმა მსმენელმაც, რომელიც ფილარმონიის დიდ დარბაზში დაესწრო ცნობილი ჯაზური პიანისტის ჰერბი ჰენკოკის კონცერტს.

მსოფლიოში ძალიან ცოტა დარჩა კოლექტივი, კლასიკური მუსიკის არა პროფანაციას, არამედ ჭეშმარიტ პოპულარიზაციას რომ ეწეოდეს. ერთ-ერთი მათგანია ჯეიმს ლასტის საესტრადო ორკესტრი, რომელიც, სხვათა შორის, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში თბილისსაც ესტუმრა. კოლექტივი დღესაც წარმატებით განაგრძობს გასტროლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თითქმის ორმოცი წლის წინ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენ მოვისმინეთ კლასიკური მუსიკის მრავალი შედევრის ახლებური ინტერპრეტაცია. უზადო გემოვნება, არანჟირების დახვეწილობა, კლასიკური მუსიკისადმი ფაქიზი დამოკიდებულება და დიდი პატივისცემა - სწორედ ეს იყო ლასტის ნოვაციების ძირითადი კომპონენტები. არ დამავიწყდება, მაგალითად, თბილისის კონცერტზე გაჟღერებული ბრამსის მესამე სიმფონიის მეორე ნაწილის ნაწყვეტი...

რაც შეეხება შოუ-ბიზნესს, მასში ამჟამად გადამწყვეტ როლს თამაშობს არა შოუ, არამედ სწორედ ბიზნესი. ხშირად ამა თუ იმ შემსრულებლის პოპულარობა გარეგნული გაფორმებითა და მის „გაპიარებაში“ ჩადებული თანხით განისაზღვრება. ამის „ხარჯზე“ (ეს სიტყვა აქ ორმაგ მნიშვნელობას იძენს) სპონსორები და პროდიუსერები ფართო აუდიტორიის გემოვნებით მანიპულირებენ: იმედია, ყველას ახსოვს, ვთქვათ, „ევროვიზიის“ კონკურსზე აზერბაიჯანის ჯგუფის გამოსვლა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია მიბაძვის ფაქტორი - ბევრ შემთხვევაში საქმე ეხება არა მარტო რეპერტუარს, არამედ შემსრულებლის მანერასაც. ახალგაზრდა მომღერლები უნიჭოდ ბაძავენ გამოჩენილ კრუნერებს - ფრენკ სინატრას, ელა ფიცჯერალდს, ელტონ ჯონს, სტინგს... ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ბოლო დროს მუსიკალური ხელოვნების მახასიათებლად გამოიყენება სპორტული შეჯიბრების ცნობილი ფორმულა: „გოლები, ქულები, წამები“. რად ღირს თუნდაც სხვადასხვა ტიპის კონკურსები - იგივე „ევროვიზია“, ჩვენი „ჯეოსტარი“ და სხვა, რომლის გამარჯვებულები ვლინდება არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ სატელეფონო ზარებით (ისინი გარკვეულწილად სპორტული ქულების როლს ასრულებენ).

აქ არ შემიძლია არ მოვიყვანო მილან კუნდერას ციტატა: „ადამიანი არასდროს თვრება რომანის კითხვის ან ფერწერული ტილოს ხილვის შედეგად, სამაგიეროდ ეს ხშირად ხდება ბეთჰოვენის მეცხრე სონატის ან ბიტლზის სიმღერის მოსმენისას“. ესეც თქვენი გოლები და ქულები! რაც შეეხება წამებს, მუსიკის ისტორია საინტერესო ფაქტს გვთავაზობს: ცნობილი პიანისტი სიმონ ბარერი შუმანის „ტოკატას“ ვლადიმირ ჰოროვიცზე თითქმის ორჯერ სწრაფად უკრავდა, მაგრამ მსოფლიოში აზრადაც არავის მოსვლია იმის თქმა, რომ ბარერი ჰოროვიცის გენიალობას უტოლდებოდა.

რახან საუბარი სპორტს შეეხო, მინდა გავიხსენო ჩემი შეხვედრები კოტე მახარაძესთან. ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და სპორტული კომენტატორი აღშფოთებული იყო ფეხბურთის კომერციალიზაციით და დიდი გულისწყრომით ამბობდა: არ მაინტერესებს თუნდაც ლონდონის „არსენალის“ თამაშის ყურება - გუნდში უმრავლესობა ხომ უცხოეთში ნაყიდი ფეხბურთელებიაო! გამოგიტყდებით, ჩემთვის, ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრისთვის, რომელსაც ბორია პაიჭაძისა და გაიოზ ჯეჯელავას თამაში ახსოვს, ეს თემაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ რას იზამ - რედაქტორები მიკრძალავენ ხელოვნების სფეროდან გადახვევას!
XS
SM
MD
LG