Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილმის გადაღებამ გორელები შეაწუხა


ფილმის გადაღების პროცესში მონაწილე ტანკები გორის ქუჩებში
ფილმის გადაღების პროცესში მონაწილე ტანკები გორის ქუჩებში
რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ ფილმის გადაღება თბილისში მიმდინარეობს. საქართველოში იმყოფება ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია, რომელიც პრეზიდენტის როლში იქნება.

აგვისტოს ომზე ფილმს ფინური წარმოშობის ჰოლივუდელი რეჟისორი რენი ჰარლინი იღებს. იგი ორ კვირაზე მეტია, საქართველოში იმყოფება. რეჟისორმა ფილმისთვის სცენები წალკასა და გორში უკვე გადაიღო. გორის მთავარი მოედანი რამდენიმე დღით ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა. ამის გამო ბევრი გორელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ცენტრალურ მოედანზე სპეცეფექტისთვის ათეულობით საბურავი დაიწვა, გადამღები ჯგუფი პირბადეებით დადიოდა, იქვე მცხოვრებლები კი ფანჯრებს ვერ აღებდნენ. წითელვარსკვლავიანი ბომბდამშენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ; ქალაქში ტანკებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ასფალტის საფარი დააზიანეს. ერთი კვირით სწავლა შეწყდა მე–3 საჯარო სკოლაში. ჟურნალისტ არინა თავაქარაშვილის თქმით, წინასწარი მომზადების გარეშე ფილმის გადაღებამ ბევრ გორელს პრობლემები შეუქმნა.

გორში ომის თემაზე ფილმის გადაღებით ოპოზიციაც უკმაყოფილოა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით რაზმაძის აზრით, იდეოლოგიური ფილმის გადაღება საქართველოსთვის სასარგებლო არ იქნება. გარდა ამისა, მისი აზრით, არ იყო საჭირო ომით დაზარალებულებისთვის კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ აგვისტოს ომის ტკივილი.

ფილმის გადაღების პროცესში მონაწილე ვერტმფრენები გორის თავზე
ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი, გიორგი რამიშვილი, აცხადებს, რომ ეს არ იქნება პროქართული და ანტირუსული ფილმი. მისი თქმით, ეს ფილმი ომის საშინელებაზე მოგვითხრობს, ომისა, სადაც გამარჯვებული არ არსებობს.

ფილმი, სამუშაო სახელწოდებით „საქართველო“, მოგვითხრობს ამერიკელ ჟურნალისტსა და ოპერატორზე, რომლებიც საომარი მოქმედებების ცენტრში აღმოჩნდებიან და იბრძვიან, რათა მიუკერძოებელი პოზიცია შეინარჩუნონ.

გადაღებები ნოემბერში დასრულდება და კინოეკრანებზე მაისში გამოვა. დიდი დისკუსია მიმდინარეობს ფილმის ბიუჯეტის შესახებ. სახელდება სხვადასხვა ციფრი. რადიო თავისუფლებას კომპეტენტურმა წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განუცხადა, რომ ფილმის ბიუჯეტი 40 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან 40 პროცენტი საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება. ავიაციის, მძიმე ტექნიკის გამოყვანისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო ფარავს. ფილმის ქართველმა პროდიუსერებმა რადიო თავისუფლებასთან მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ ეს ამერიკულ-ქართული ერთობლივი პროექტია, და სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
XS
SM
MD
LG