Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონკურსი


კონკურსებისადმი ორმაგი დამოკიდებულება მაქვს: არასდროს ვმონაწილეობ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვეცნობი პირობებს. თუმცა გამონაკლისებიც ყოფილა. ჰოდა, სწორედ ამ გამონაკლისებზე მოგიყვებით.

ეს ამბავი ენერგოკრიზისების პერიოდში მოხდა. ცივი ზამთრის უდენო ღამეს, დაახლოებით 3-4 საათზე. ტრანზისტორით რომელიღაცა რუსულენოვან FM სადგურს ვუსმენდი. უცებ დი ჯეი ხელოვნურად ომახიანი ხმით აცხადებს: კონკურსს ვიწყებთ და სანამ ეს სიმღერა მორჩება, იგი პოპის ნამდვილი სახელი მითხარითო. მორჩა სიმღერა, მაგრამ არავის დაურეკავს. ის კი ამჯერად ბზარშეპარული ხმით იმეორებს კითხვას. ისევ არაფერი. ის კი უკვე სასოწარკვეთილია. რამდენიმე ღამე მეც გამითენებია სხვადასხვა FM-ის ეთერში და ვიცი, რა ცუდი გრძნობაა, როცა თვლი, რომ არავინ გისმენს, არავის სჭირდები. მოკლედ, გული ამიჩუყდა და როცა მესამე სიმღერაც გაუშვა, დავურეკე. გაუხარდა. მითხრა, კონკურსისთვის პრიზი არა გვაქვს, მაგრამ ძალიან გთხოვ, ეთერში გაგიყვან და იქ გაიმეორე პასუხიო. მორჩა სიმღერა და ისევ ომახიანად გამიყვანა ეთერში და გახარებული ტინეიჯერივით მაპასუხებინა. ერთი სული მაქვს, დავუკიდო ყურმილი, ის კი სახელს მეკითხება. მოვატყუე, ჟორა მქვია-მეთქი. როგორც იქნა, დამემშვიდობა და ახალი საკონკურსო კითხვა გამოაცხადა. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ Jesus Christ Superstar-ის ავტორებს შეეხებოდა. ყველაფერი წინა კითხვის სცენარით განვითარდა, მაგრამ მესამე სიმღერის წინ ისეთ დეპრესიაში ჩავარდა, რომ არავინ ურეკავდა, ძალიან შემეცოდა და ისევ დავურეკე. მიცნო, ძალიან გაუხარდა. ამ ეტაპზეც ყველაფერი განმეორდა. მაგრამ უფრო გათამამდა და ეთერში რომ პასუხი გამამეორებინა, მსუბუქად შემეპასუხა კიდეც. არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი, ახი იყო ჩემზე - ვინ მექაჩებოდა, რომ ვრეკავდი?! ერთი სიტყვით, მორჩა ჩემთან საუბარს და, სანამ მესამე კითხვას გამოაცხადებდა, რადიო გამოვრთე, ისევ რომ არ შემცოდებოდა და არ დამერეკა.

მეორე შემთხვევაც დაახლოებით იმ ეპოქას განეკუთვნება და ტელევიზიასთან არის დაკავშირებული. მაშინ ამდენი ქართული არხი არ გვქონდა, მაგრამ რომელი იყო, მაინც არ მახსოვს. ერთადერთი, რაც ნამდვილად ვიცი - პირველი არხი არ იყო. ჩემმა 8-10 წლის შვილმა დამიძახა, ტელევიზორში მუსიკალური კონკურსია, პრიზად კასეტა აქვთ და იქნებ მომაგებინოო. ასეთი კონკურსი იყო: აჩვენებდნენ მუსიკალური ვიდეოს ნაწყვეტს და ვინც პირველი გამოიცნობდა შემსრულებლის სახელს და ტელეფონით აცნობებდა სტუდიას, აუდიოკასეტას ჩუქნიდნენ. ძირითადად ტინეიჯერებზე გათვლილ პოპვიდეოებს აჩვენებდნენ – მერაია კერი, კაილი მინოგი და ა.შ. რაც შეეხება პრიზებს, ანუ კასეტებს, ისინი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა: ულიცენზიოდ დამზადებული დაბალხარისხიანი, უგემოვნებო ჩანაწერებს ქსეროქსზე გამრავლებული ყდები ახლდა. ყველაფრის მიუხედავად, ბავშვისაც მესმოდა - ჩანაწერების მოპოვების პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ მოგებული კასეტა მისთვის სულ სხვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოცნობის დიდი იმედი არ მქონდა (ეს არ იყო “ჩემი მუსიკა”), მაინც მივედი ტელევიზორთან. ჩემდა გასაკვირად, ვიცანი ჯგუფ TLC-ის ვიდეო. ბავშვი ეცა ტელეფონს, მაგრამ დააგვიანა: სულ დაკავებული იყო და ამასობაში გამარჯვებულიც გამოაცხადეს. შემდეგ კითხვაზე დარეკვა კი მოასწრო, მაგრამ უპასუხეს, სხვამ დაგასწროო. მესამე კითხვისთვის უკვე საგულდაგულოდ მოვემზადეთ: ვიდეო ჯერ გაშვებულიც არ იყო, ბავშვმა ნომრის აკრეფა რომ დაიწყო, მე კი ტელევიზორთან ჩავსაფრდი. ჩემდა გასაოცრად, ისეთი რამ აჩვენეს, რაც არაფრით ჯდებოდა გადაცემის ფორმატში. ეს იყო 70-ანი წლების ბრიტანული არტ-როკ ტრიოს „ემერსონ, ლეიკ ენდ პალმერის“ საკონცერტო გამოსვლა. დღესაც ვერ გამიგია, როგორ მოხვდა იმ გადაცემაში. შეიძლებოდა იმისთვის ყოფილიყო, რომ ჩემი თაობის მაყურებელიც მიეპყროთ, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მსგავსი აღარაფერი გაუმეორებიათ - სულ “პაპსავიკებს” უჩვენებდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიდეოს დაწყებიდან, ალბათ, სამ წამზე მეტი არ იქნებოდა გასული, რომ ბავშვმა სტუდიაში დარეკა. და ისევ გაწბილება: უკვე დარეკეს სწორი პასუხითო. ასეთმა პასუხმა სერიოზული ეჭვი გამიჩინა კონკურსის მიმართ, რადგან, პრაქტიკულად, თითქმის გამორიცხული იყო, ვინმეს დაესწრო ჩვენთვის.

მესამე შემთხვევა უკეთ დამთავრდა. აქ საქმე საგაზეთო კონკურსთან გვექნება. წელიც კი მახსოვს, როდის იყო – 1994. მაშინ "7 დღეში" ვმუშაობდი და რედაქციაში ყოველთვის იყო რამდენიმე სხვადასხვა გაზეთი. გაზეთი, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებ, ზედიზედ 10 ნომერში აქვეყნებდა როკსიმღერების ტექსტებს ავტორების მიუთითებლად და ის, ვინც ყველაზე მეტ შემსრულებელს გამოიცნობდა, საბოლოოდ დაჯილდოვდებოდა. ზაზა წულაძემ მაჩვენა პირველი საკონკურსო ნომერი და მკითხა, ეს რა სიმღერააო. "ლედ ზეპელინის" „კაშმირი“ იყო. ადგა და დარეკა გაზეთში, ოღონდ თავისი გვარი კი არ უთხრა, "7 დღე" ჩააწერინა. ორი დღის შემდეგ იგივე განმეორდა. მერე კიდევ ერთხელ და მერე მოგვბეზრდა. გავიდა ხანი. ერთხელაც ვიღაც მირეკავს რედაქციაში. იმ გაზეთიდან ვარ და თქვენ მოიგეთ კონკურსიო. რატომ გადაწყვიტეთ, რომ მაინცდამაინც მე გირეკავდით-მეთქი. აბა “7 დღიდან” სხვა ვინ იქნებოდაო. პრიზი TDK-ს 10 კასეტა აღმოჩნდა. იმ დროისათვის ასეთი საჩუქრის გამაზვა არ იქნებოდა, ამიტომ მეორე დღესვე გავცუქცუქდი იმათ რედაქციაში. თბილად მიმიღეს. ცოტა ხანი ჩამოვჯექი, გავისაუბრეთ. უცებ მეუბნებიან, ისე მოგვეწონა თქვენი საპირველაპრილო ინტერვიუ მაკკარტნისთან, რომ ჩვენც იგივე გავიმეორეთ, ოღონდ მარადონასთანო. საქმე ისაა, რომ 1 აპრილის ნომრისთვის სიაბანდი სტატია დავწერე, თუ როგორ შევხვდი მაკკარტნის ლონდონში და როგორ მესაუბრა. ისეთი გამოვიდა, ზოგიერთ თანამშრომელსაც კი სჯეროდა, რომ მართლა ვნახე ექს-ბიტლი, თუმცა იმ პერიოდში თბილისიდან ფეხიც არ გამიდგამს. ჰოდა, სწორედ ამ წერილს გულისხმობდნენ. ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ და უცებ გავაცნობიერე, რომ იმ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ერთი წელი არ იყო გასული. ჰოდა ვეკითხები: კი მაგრამ, 1 აპრილი ჯერ არ ყოფილა და როდის გამოაქვეყნეთ-მეთქი. აპრილამდე ვერ მოვითმინეთ და ნოემბერში დავბეჭდეთო. გაგიგიათ ოდესმე საპირველაპრილო ხუმრობა ნოემბერში?

საუკეთესო სურვილებით,

Merry Xmas and a Happy New Year!!!

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG