Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რამდენი ხიდია ახალციხის მუნიციპალიტეტში?


ახალციხე
ახალციხე
აღმოჩნდა, რომ ხიდების ზუსტი რაოდენობა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უცნობია. სამხედრო და ცენტრალური დანიშნულების ხიდები კი სოფლებში – აწყურში, აგარაში, მუსხსა და მინაძეში მდებარეობს. სხვა დანარჩენი სოფელს სოფელთან ან სოფელს ქალაქთან აკავშირებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ათუნაშვილი, მათ მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებს:

„ყველა ხიდი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ მას დაშლა და თავიდან აწყობა უნდა. ჩვენც ეტაპობრივად ვახორციელებთ იმ ღონისძიებებს, რომ შეკეთდეს და გამაგრდეს, თუ რაღაცა სჭირდება.“

წყალდიდობებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში არაერთი ხიდი დააზიანა. ღვარცოფმა სოფელ წყალთბილას ხიდი მთლიანად წაიღო. დაზიანდა სოფლების წყალთბილა-ნაოხრების დამაკავშირებელი ხიდიც. მათი მშენებლობა უკვე დაწყებულია. სოფელ კლდეში კი სრულდება იმ ხიდის აღდგენა, რომელიც მოსახლეობას მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი კომპანიები აწარმოებენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ თანხა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო:

„ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახსრებიდან დაპროექტდა და დაფინანსდა. თანხები წყალთბილაში – 90 ათასი, ნაოხრებში – 30 ათასი, კლდეში, დააახლოებით, 10 – 12 ათასი დაჯდა.“

მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდი მდინარე მტკვარზე სოფელ მინაძეში მდებარეობს. ხიდი ტექნიკურად გამართულია. შპს “კოლხის“ სამუშაოთა მწარმოებელი დავით სხირტლაძე ირწმუნება, რომ ამჟამად მისი მოპირკეთება მიმდინარეობს:

„საძირკველი და თვითონ ბურჯები ნორმალურ მდგომარეობაშია. ხიდს ეცვლება გვერდითა ბლოკები ხალხის სავალი ნაწილის და ახალი დაუყენდება. მაგას ემატება გვერდით მოაჯირები და შეიცვლება გზის საფარი და, რა თქმა უნდა, მოასფალტდება.“

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველაზე ძველი ხიდი სოფელ მინაძეშია. ის რკინის კონსტრუქციისაა, თუმცა ამ ხიდით ავტომანქანები აღარ სარგებლობენ. სოფელ მინაძის მკვიდრი შალვა შენგელია იმ საფრთხეებს იხსენებს, რომელიც ხიდით სარგებლობისას მოქალაქეებს შეექმნათ:

„დროთა განმავლობაში დალპა ქვეშ ხის მასალა და ძალიან საშიში მდგომარეობა იყო. იყო მომენტი, რომ საქონელსაც ჩაუვარდა ფეხი; იყო მომენტი, რომ ბავშვიც კი ჩავარდა და ორ თითზე ჩამოეკიდა. ასეთი შემთხვევებიც იყო.“

ამჟამინდელი მონაცემებით, სოფელ წნისში ხიდის ჩანგრევა ბოლო პერიოდში საყრდენი ბჯენების ერთმანეთისგან დაშორებამ და ზედმეტმა წონამ გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ანალოგიური მდგომარეობა მუნიციპალიტეტში არც ერთ ხიდს არ ემუქრება. რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტში ხიდების რეკონსტრუქციას, 2009 წელს სტიქიისგან მიყენებული ზარალის გამო მარტო ხიდების შესაკეთებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 75 ათას ლარი გამოიყო.
XS
SM
MD
LG