Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჭკნობი ”U-2”


კომპაქტდისკების ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა ჩემთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სტაჟიანი როკ-ჯგუფებიდან ყველაზე პოპულარული დღემდე ”U-2” რჩება. ოცდაცამეტი წლის წინათ ირლანდიაში დაარსებული კოლექტივი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა: მისი გაყიდული ალბომების საერთო რაოდენობამ დღესდღეობით 170 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. ჯგუფის აქტივში ”გრემის” 22 პრემიაა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დუბლინში 1976 წლის 26 სექტემბერს 14 წლის ლარი მალენმა სასკოლო სტენდზე სასაცილო განცხადება ჩამოკიდა: ”მთელი ჩემი ფული დასარტყამი საკრავების შეძენაზე დავხარჯე. თუ მოიძებნება ჩემსავით ტუტუცი, ვინც გიტარა შეიძინა, მოვუწოდებ შემომიერთდეს - ერთად დავაარსოთ ჯგუფი.” მოსმენაზე, რომელიც მალენების სამზარეულოში გაიმართა, შვიდი თინეიჯერი გამოცხადდა.

მომდევნო ერთი წლის მანძილზე ”ლარი მალენის ჯგუფმა” (ასე ეწოდა ახალ კოლექტივს) რამდენიმე ცვლილება განიცადა, რის შედეგადაც კოლექტივში, გარდა ლარი მალენისა, დარჩნენ ბონო (ვოკალი და ბას-გიტარა), ეჯი (გიტარა, კლავიშები და ვოკალი), ადამ კლეიტონი (ბას-გიტარა). აღსანიშნავია, რომ სანამ ახალ როკ-ჯგუფს ”U-2” დაერქმეოდა, მისი სახელწოდებაც რამდენჯერმე შეიცვალა. დღემდე უცნობია, ბოლოს და ბოლოს, რატომ დაერქვა კოლექტივს ”U-2” - ეს ხომ ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის, ”ლოქჰიდ იუ-თუ”-ს, შემოკლებული სახელწოდებაა! ცნობილი პანკ-გურუ სტივ ავერილი დღემდე დაჟინებით ამტკიცებს, რომ თავის დროზე სწორედ მან და ადამ კლეიტონმა შესთავაზეს ჯგუფის წევრებს სახელწოდებების გრძელი სია, საიდანაც სწორედ ”U-2” აირჩა. სხვათა შორის, ლარი კინგთან ინტერვიუში ბონომ აღნიშნა, რომ პირადად მას ეს სახელწოდება არ მოსწონს. ”სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ”U-2” ინგლისურად ”შენ აგრეთვე”-ს ნიშნავს”, - თქვა მუსიკოსმა.

1978 წელს ”U-2”- მა ირლანდიაში წმინდა პატრიკის დღეს გამართულ ტალანტთა კონკურსზე გაიმარჯვა. პრიზი 500 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა და სწორედ ამ თანხით ჩაიწერა მათი პირველი დემო-სიმღერა. ოთხმოციან წლებში კოლექტივმა უკვე 4 ალბომი გამოსცა. იმხანად ჯგუფის საგასტროლო გამოსვლებზე უამრავი ფანი იყრიდა თავს: ბონოს ხმა, ეჯის გიტარა, სიმღერის სიღრმისეული ტექსტი ”U-2”-ის სავიზიტო ბარათად იქცა. მას შემდეგ, რაც 1987 წელს მაღაზიების დახლებზე შესანიშნავი ალბომი ,,The Joshua Tree” გამოჩნდა, ჯგუფის თითოეულმა წევრმა როკის ნამდვილი ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა, თვით ალბომი კი ამ ჟანრის შედევრად აღიქმებოდა. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ალტერნატიულ და საცეკვაო მუსიკაში მომხდარ რევოლუციას ”U-2”-მა ახალი ალბომით ”Achtung Baby“ და გრანდიოზული შოუთი ”Zoo TV” უპასუხა. იმხანად ჯგუფი მუდმივი ექსპერიმენტების მდგომარეობაში იმყოფებოდა და სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს მისდევდა. XXI საუკუნის დასაწყისში ”U-2” მისთვის ჩვეულ მუსიკას დაუბრუნდა, თუმცა აუდიტორიისა და კრიტიკოსების ყურადღება მას არ დაჰკლებია.

2004 წელს ”U-2”-მა ჟურნალ ”როლინგ სტოუნის” ყველა დროის საუკეთესო არტისტების რეიტინგში 22-ე ადგილი დაიკავა, მომდევნო წელს კი როკ-ნ-როლის დიდების დარბაზში მოხვდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ირლანდიელ როკ-მუსიკოსებს დიდი წვლილი შეაქვთ სოციალური თანასწორობისა და ადამიანთა უფლებების სფეროში. ჯგუფმა თავისებური რეკორდი დაამყარა: მათ მიერ ლონდონის სტადიონ ”უემბლიზე” გამართულ კონცერტზე მსმენელების არნახული რაოდენობა - 88 ათასი კაცი - მივიდა. ”U-2”-ს ახალმა ალბომმა "No Line On The Horizon" (”ჰორიზონტი სუფთაა”) ბრიტანეთის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ეს კოლექტივის უკვე მეათე ალბომია, რომელმაც საპატიო ტიტული მოიპოვა. მსოფლიოში ამ მაჩვენებლით მან მადონას და ჯგუფ ”როლინგ სტოუნზს” გაუსწრო და მხოლოდ ელვის პრესლის ჩამორჩება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG