Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაფხული


წელიწადის სხვა დროებთან შედარებით, ზაფხულისადმი განსაკუთრებით ნაზი გრძნობები არ გამაჩნია. თუ მაინცდამაინც, თბილად ჩაცმა არ მიყვარს და ზამთარს მირჩევნია. მაგრამ პატარა სისუსტეს მაინც ვიჩენ მის მიმართ.

არც ვიცი რა დავარქვა - ჩემს მიმართ გაწეული ერთგვარი საინფორმაციო ჰუმანიტარული დახმარეებაა, რომელიც ზაფხულში უფრო ინტენსიურია ხოლმე. იმის გამო, რომ ზაფხული შვებულებიბის პერიოდადაა მიჩნეული, ბევრ ისეთ ახლობელს ვხვდები ხოლმე თბილისში, რომლებიც დიდი ხნის უნახავი მყავს. ესენი ძირითადად არიან უცხოელები, რომლებიც თავის დროზე საქართველოში ცხოვრობდნენ და ქართველები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით საზღვარგარეთ გადავიდნენ საცხოვრებლად. სწორედ ამ ადამიანებს ვხვდები ხოლმე წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად, მაგრამ აუცილებლად ზაფხულში. და სწორედ მათგან მიღებულ სიტყვიერ, ემოციურ, ბეჭდურ, თუ ციფრულ ინფორმაციას ვეძახი საზაფხულო ჰუმანიტარულ დახმარებას.

წლევანდელი დახმარება თბილისის შესახებ გაკეთებულ რამდენიმე დასკვნას, რამდენიმე ჟურნალს და გაზეთს, ერთ ლექციას, ორიოდე წიგნს, ერთ კომპაქტ-დისკს და რამდენიმე არაფრის მომტან ცნობას მოიცავს.

თბილისური დასკვნები ქართულ-ინგლისური წყვილის გაკეთებულია, რომელიც სამი წელია, არ ყოფილა საქართველოში. მათი თქმით, აშკარად თვალშისაცემია ქუჩაში რელიგიურად განწყობილი ადამიანების რიცხვის ზრდა. შევატყე, რომ მათ ჩემი რეპლიკა, - უფალთან ურთიერთობის ფორმას და ინტენსიობას ყველა ინდივიდუალურად ირჩევს და მთავარია, ამით სხვა არ შეაწუხო-მეთქი - არც თუ სავსებით გაიზიარეს, მაგრამ მეორე დასკვნაში მე მათ სავსებით დავეთანხმე.

მათი მეორე დასკვნის მიხედვით კი, ტელეეკრანი გაუმართლებლად უხვად აფრქვევს ყალბ პატრიოტიზმს. მეც ძალიან მაღიზიანებენ რომელიღაცა სოციალური რეკლამის ქართველი გმირები, რომლებიც ერთგვარი ტრაბახით აცხადებენ, რომ მათ უყვართ საქართველო. და კიდევ ქუჩაში დადგმული სტენდები ანალოგიური ტექსტით.

მესამე დასკვნას უფრო მეტი ავტორი ჰყავს. ეს ავტორები განიცდიან, რომ სიონის შემოგარენი ქუჩების კაფეებში იმდენი ხალხი აღარ დადის, როგორც ადრე. ისინი ამ კლებას მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემას უკავშირებენ. ამ შემთხვევაში მე უფრო სხვა კლებას განვიცდი: ყველა ამ კაფეში, ერთის გარდა, ვისკის ულუფა 50 გრამიდან 40-მდე შეამცირეს. იმ ერთს კი ვერ დავასახელებ ბლოგში, რეკლამა რომ არ გამომივიდეს.

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა, რუსეთის და საქართველოს სპეციალისტმა დონალდ რეიფილდმა ბრიტანეთ-რუსეთის საზოგადოებაში გააკეთა მოხსენება საქართველოს შესახებ. ჰოდა ამ მოხსენების გაშიფრულ-დაბეჭდილი ვერსია გამომიგზავნეს, მაგრამ ჯერ ჩემამდე ვერ მოაღწია, რადგან იმ ადამიანმა, ვინც ეს წერილი წამომიღო, გადაწყვიტა ჯერ თავის ახლობლებს გააცნოს. იმედია ჩემამდე მალე მოაღწევს და თუ რამე ყურადსაღები აღმოვაჩინე, აუცილებლად გაგიზიარებთ.

მაგრამ ამ არაფრისმთქმელ ცნობას რატომ გიზიარებთ, მე თვითონ არ ვიცი. ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მსუბუქად საქართველოსთან არის დაკავშირებული. ინგლისელმა მეგობარმა შემატყობინა, რომ ჯორჯიო გომელსკი თურმე საქართველოში ყოფილა დაბადებული. აქამდე ვიცოდი, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის პიროვნებებიდან საქართველოში ქართველების გარდა, სომეხი ეროვნების ადმიანები იყვნენ დაბადებულნი, ახლა კი ეს არეალი გაფართოვდა. თუ რამდენად მნიშვნელოვანი პიროვნებაა გომელსკი, თავად განსაზღვრეთ, შეგახსენებთ, რომ ის იყო The Rolling Stones-ის პირველი მენეჯერი. შემდეგ გახდა Yardbirds-ის (ეს ჯგუფი ანტონიონის Blow Up-ში, კლუბის სცენებში უკრავს) მენეჯერი და პროდიუსერი და კიდევ რამდენიმე გავლენიანი ინგლისური როკ-ჯგუფის პროდიუსერი.

უფრო აზრიანია ზაფხულის მუსიკალური დახმარება თეთრკანიანი ამერიკელი ბლუზმენის სისიკ სტივის CD-ის სახით, რომელიც ჩემთვის აღმოჩენა გახდა. კანის ფერის ხაზგასმას რასიზმში ნუ ჩამომართმევთ - ბლუზი ხომ ისევე ეკუთვნით შავკანიან ამერიკელებს, როგორც შავი ხიზილალა კასპიის ზღვას. მისი ნამდვილი სახელი სტივენ ვოლდია და ნამდვილი მაწანწალა, მოხეტიალე ბლუზმენის ცხოვრებით ცხოვრობს - 80-იანი წლებიდან თავის ცოლთან, გიტარასთან და “როლანდის” ხმის გამაძლიერებელთან ერთად 59 (!) საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. თავის პირველი დისკი 63 წლისამ ჩაწერა. მე რომელიც მოვისმინე - I Started Out With Nothin’ And I Still Got Most Of It Left - მესამეა და ერთ სიმღერას ნიკ ქეივთან ერთად ასრულებს. 60-იან წლებში ჯენის ჯოპლინთან მეგობრობდა, 70-იანებში ჯონი მიჩელთან, 90-იანებში კი კურტ კობეინთან. მაგრამ მასში ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ დღეს, როცა თითქმის ყველა მუსიკის ინტერნეტიდან ჩამოტვირთვაზეა გადასული და დისკებს აღარავინ ყიდულობს, ეს 70 წლის კაცი უშვებს გარეგნულად არაფრით გამორჩეულ დისკს, რომელსაც ბუკლეტიც კი არ ახლავს და რომლის მთავარი ღირსება მხოლოდ მუსიკაა.

და ისევ “როლინგსტოუნზთან” არის დაკავშირებული ზაფხულის კიდევ ერთი დახმარება. ჯგუფის გიტარისტმა, რონი ვუდმა გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Ronnie, რომელიც მისივე ნახატებით არის ილუსტრირებული. თუ გაითვალისწინებთ წიგნში აღწერილ ეპოქას, უამრავი არაორდინალური პიროვნებისგან შემდგარ საურთიერთო გარემოს, რონის იუმორს, რომელიც მარტო ტექსტიდან კი არა, ილუსტრაციებიდანაც მოდის, მიხვდებით, რომ საქმე ერთობ სასიამოვნო საფურცლავთან გაქვთ.

თვითონ რონის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 34 წელია რაც “როლინგსტოუნზის” წევრია, ჯგუფში ახალმისულ ბიჭად თვლიან. მართალია, ის ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე 62 წლისაა. ნეტავ ამით ვის დასცინიან მისი უფროსი მეგობრები? ალბათ თავიანთ თავს. მათ ხომ “ბითლზთან” ერთად დაიწყეს, რომელიც დღეს... თუმცა “ბითლზი” დამოუკიდებელი ბლოგის თემაა. “როლინგსტოუნზი” კი უკვე თითქმის 50 წელია რაც როკ-ენ-როლის სამსახურშია. დავიჯერო, რომ ეს მხოლოდ როკ-ენ-როლია? არა, ეს ბევრად მეტია.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG