Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამცხე-ჯავახეთში ზამთარს შიშით ელიან


ახალციხე
ახალციხე
მაშინ, როცა სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელმა კომისიამ მარტო ზაფხულის პერიოდის ზარალი დაიანგარიშა და ამის შესახებ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას აცნობა, რეგიონს კიდევ ერთი სტიქია დაატყდა თავს. მილიონიან ზარალს უკვე სეტყვისგან მიყენებული ზარალიც დაემატა. სამცხის მცხოვრებლები მოახლოებულ ზამთარს შიშით შეჰყურებენ.
,,მაშინვე ვიფიქრე, რომ მსხვერპლს მოიტანდა, აქეთ ვეძებე, იქეთ ვეძებე, მაგრამ ძროხა ვერსად ვნახე. დილით გავიგე, რომ წაღებული იყო. მაღლა ბაღები მაქვს, ისიც სულ დაიტბორა, კარტოფილი ზემოთ ამოყრილია”.

,,ხალხს სახლებში შეუვარდა წყალი, ნაკვეთები დაუტბორა, ჩემი მეწველი ძროხა ღელემ მოიტაცა და წაიღო. მთელი წლის კარტოფილის სარჩო გაგვინადგურა, ეგ კი არა და გაყიდვას ვფიქრობდი. ერთი ვედრო ჩამოვიტანეთ სახლში და მთლიანად გაგვინადგურა. ნაკვეთი მოთხარა და წაიღო. საქონელი, ღორი, ფრინველი - თუ რამე ჰქონდა ხალხს – დაეხოცა.”

ასე აღწერენ ადგილობრივები სტიქიის შედეგებს. სამცხე-ჯავახეთი ზაფხულში თუ გადაუღებელმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა, ხოლო სექტემბერში სეტყვამ დააზარალა, საქართველოს სამხრეთი ახლა უკვე ნაადრევად მოსული თოვლისა და ყინვის წინაშე აღმოჩნდა. მოსახლეობას საშემოდგომო მოსავალი დასაბინავებელი, ხოლო მსხვილფეხა პირუტყვი მთიდან ჩამოსაყვანი დარჩა.

,,ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი ამინდი არ მახსოვს. ადიგენში ოჯახი არ არსებობს, ვინც სტიქიისგან არ დაზარალებულა. შექტემბრის ბოლო რიცხვებში ასეთი ამინდი არ ვიცი. ხალხი გამწარებულია. ახლა ის პერიოდია, კარტოფილი ამოღებას რომ ექვემდებარება და თოვლი და ყინვა ახლა მოვიდა. ღა იქნება, არ ვიცი.”

ახალციხის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ხარჯებით მხოლოდ გზების გაწმენდასა და ხიდების შეკეთებას შეძლებს. სოფლის მეურნეობაზე მიყენებული ზარალის ანაზღაურება კი შესაბამისი სამინისტროს პრეროგატივაა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ათუნაშვილს ცენტრალური ხელისუფლებიდან დახმარების იმედი აქვს:

,,მოსახლეობა ძალიან დაზარალდა, ჩვენ შეძლებისდაგვარად, რაც შევძელით, გზები გავწმინდეთ და ხიდები შევაკეთეთ, დათვლილი ზარალი კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადავუგზავნეთ. მათი დახმარების იმედი გვაქვს.”

დატბორილი ნაკვეთები, დახოცილი პირუტყვი, ჩაკეტილი გზები და წაღებული ხიდები – ეს არის სტიქიისგან მიყენებული ზარალის არასრული ჩამონათვალი, რომელიც ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებმა ზაფხულის პერიოდში განიცადეს, ხოლო სექტემბრის თვეში დაზარალებული სამცხის ბედი უკვე ჯავახეთმაც გაიზიარა.
XS
SM
MD
LG