Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსევდოეთნოკონფლიქტები


რუსეთმა, გამოიყენა რა გაეროს წესდების ტერმინოლოგია, საქართველოსთან ომი და მისი ტერიტორიების დაპყრობა "მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციად" მონათლა. ამას მოჰყვა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარება. უშუალოდ ამ "აღიარების" წინ სერგეი ბაგაფშმა (სწორად ასე იწერება ამ კაცის გვარი) ხაზი გაუსვა ორივე კონფლიქტის ეთნიკურ წარმოშობას: ქართველებთან ერთ სახელმწიფოში არც აფხაზები და არც ოსები აღარასოდეს იცხოვრებენო. ზუსტად იგივე გაიმეორა ედუარდ კოკოითიმაც. არადა, სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადააა - ეთნოკონფლიქტურ იარლიყს მიღმა ორივე შემთხვევაში ტიპური პოლიტიკური კონფლიქტები იმალება.

მართლაც, რა ეთნოკონფლიქტზე შეიძლება საუბარი, როცა ქართულ მხარეს აფხაზებთან ერთად უპირისპირდებიან ჯერგენიას, ხოჯაშვილის, ჯინჯოლიას, კირთაძის, ლაღიძის, ლოლუას, შავლოხაშვილის, კობახიას, ფიფიას, სვანიძის, ლორთქიფანიძის გვარების წარმომადგენლები! სია უზარმაზარია - ყველას, უბრალოდ, ვერ ჩამოთვლი. ძირითადად, ესენი არიან არა რიგითი მოქალაქეები, არამედ სეპარატისტთა მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, მერები, ცნობილი მეწარმეები და, წარმოიდგინეთ, იმ ბოევიკების მეთაურები, რომლებიც ოთხმოციან წლებში ქართველებს ებრძოდნენ. ფაქტია, რომ გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი რუსლან ქიშმარია გალელებს მეგრულად ესაუბრება. სწორედ ამ დღეებში სეპარატისტულ რეგიონში მილიციის აფხაზი (!) მაღალჩინოსნის, ამირან კვარაცხელიას გაუჩინარების გარშემო დიდი განგაში ატყდა. პასპორტში აფხაზად ჩაწერილი ქართული გვარის პირთა რაოდენობა დღევანდელ აფხაზეთში 35%-ს აღწევს! აქვე უნდა ითქვას, რომ ეთნოგენეზისის დადგენის დროს თვითიდენტიფიკაცია მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორია. არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ საბჭოთა პერიოდში, სტალინის მითითებით, ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე სწორედ აფხაზები ინიშნებოდნენ. იმხანად ამ გარემოებამ საპასპორტო მონაცემების მასობრივი გადაკეთება გამოიწვია - აფხაზეთში მცხოვრებმა ბევრმა ქართველმა თავის პასპორტში ეროვნების გრაფის გასწრივ "აფხაზი" დააფიქსირა. ჩემი ნაცნობი ძმები შონიებიდან ერთ-ერთს, რომელსაც ავტონომიური აფხაზეთის პროფკავშირებში მაღალი თანამდებობა ეკავა, პასპორტში "აფხაზი" ეწერა და ის ხაზგასმით მხოლოდ რუსულად მეტყველებდა, მისი მკვიდრი ძმა კი თბილისში ცხოვრობდა და პასპორტში ეროვნებად "ქართველი" ჰქონდა ჩაწერილი.

ქართველების მიერ თავის დროზე აფხაზების ე.წ. "დაპყრობა", უბრალოდ, ღიმილის გამომწვევია - 1918 წელს აფხაზეთის რესპუბლიკის დაარსება სანამდვილეში იყო არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგი, არამედ რუსეთის სოციალურ-კლასობრივი დესანტის მოქმედების ერთი ეპიზოდი. ის დესანტი ბოლშევიკებმა საქართველოს იმდროინდელი დამოუკიდებელი რესპუბლიკის წინააღმდეგ იმისთვის განახორციელეს, რათა სამხრეთ კავკასიაში სოციალური გათიშულობის და მტრობის პლაცდარმი შეექმნათ.

მახსენდება ერთი საინტერესო ეპიზოდი: 60-იანი წლების ბოლოს, პარიზში ჩემი სტუმრობისას, ჩემმა შორეულმა ნათესავმა, ქართული ემიგრაციის პირველი თაობის შესანიშნავმა წარმომადგენელმა გოგლიკა ვაჩნაძემ თავისი უახლოესი მეგობარი, აფხაზი თავადი მიშა შერვაშიძე გამაცნო. მონმარტრზე მდებარე იმხანად მიშას საკუთრებაში მყოფ რესტორან "ნოვის" სარეკლამო ბუკლეტზე ეწერა: "Le Prince Michel Chervachidze". სწორედ იმ რესტორანში გამოდიოდნენ საფრანგეთის ესტრადის ემიგრანტული ელიტის ბრწყინვალე წარმომადგენლები: ალიოშა და ვალია დმიტრიევიჩები, ლიდა გულესკო, ვლადიმირ პოლიაკოვი, რომელიც მარინა ვლადის ნათლია და მფარველი იყო, სხვები და სხვები. გოგლიკა და მიშა ძმებივით იყვნენ.

გაეროს წესდების ორ ფუძემდებელ პრინციპს შორის არსებული წინააღმდეგობა თავიდანვე განსაზღვრავდა ამ ორგანიზაციის ქმედითუუნარობას ქართულ-აფხაზურის ტიპის პოლიტიკური კონფლიქტების მოსეწრიგების საქმეში. დავაკვირდეთ - აფხაზები ამბობენ: "გაეროს წესდების თანახმად, ჩვენ ვახორციელებთ ერის უფლებას თვითგამორკვევაზე. დამპყრობელ ქართველებთან ერთად ცხოვრება არ გვსურს." ქართველები უპასუხებენ: "აფხაზები ჩვენი ძმები არიან, მათთან ერთად ვცხოვრობით და მომავალშიც ვიცხოვრებთ. ვხელმძღვანელობთ რა გაეროს წესდებით, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პრინციპს."

იმაზე, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა, სხვა მრავალი ფაქტიც მეტყველებს. ოთხმოცდაათიან წლებში აფხაზების მხარეს ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა ბოევიკთა ჯგუფი, რომელსაც სისასტიკით გამორჩეული როზა მირცხულავა მეთაურობდა. ამაზე დღემდე ხმას არ იღებს ქართული მხარე - ეუხერხულება იმის აღიარება, თუ რა დონის ღალატთან გვქონდა საქმე. ჩუმად არიან აფხაზებიც - ამ სიტუაციაში ეთნოკონფლიქტის ხსენებაც კი უხერხულია. ამას წინათ აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციის, "ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის" ექსპერტმა ლიანა კვარჩელიამ განაცხადა, რომ აფხაზებს და ქართველებს "შეუძლიათ იცხოვრონ ერთად აფხაზეთში, მაგრამ არა ერთიანი საქართველოს ტერიტორიაზე (!)". ისევ და ისევ, ეთნოკონფლიქტზე ლაპარაკიც ზედმეტია. ნუ დაგვავიწყდება, რომ, მაგალითად, ოსები და ქართველები 1990 წლამდე მეგობრულად ცხოვრობდნენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

დღეს ჩემ სადარბაზოში ოსების ორი ოჯახი ცხოვრობს. ერთი მათგანის ერთოთახიან ბინაში თავს აფარებენ სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ნათესავები.
XS
SM
MD
LG