Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონარდ ბერნსტაინი - გამოჩენილი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი


ლეონარდ ბერნსტაინი
ლეონარდ ბერნსტაინი
91 წლის წინათ, 1918 წლის 25 აგვისტოს, მასაჩუსეთსის შტატის ქალაქ ლორენსში რუსეთიდან, როვნოდან, იმიგრირებულ ებრაულ ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელსაც, ბავშვის პაპის მოთხოვნით, ლუი დაარქვეს. 15 წლის ასაკში ლუის სახელი ოფიციალურად გადაარქვეს და მსოფლიოს ლეონარდ ბერნსტაინი მოევლინა. მომავალი მუსიკოსის მამა, სემი, იღბლიანი კერძო მეწარმე იყო - ლორენსში, ეიმსბერისა და ესექს სტრიტის გადაკვეთაზე, დღესაც ღიაა წიგნების მაღაზია, რომელიც თავის დროზე მისი საკუთრება იყო. სემს არ მოსწონდა ბავშვის გატაცება მუსიკით - სამაგიეროდ, პაპას ბიჭი კონცერტებზე დაჰყავდა. პირველივე მოსმენილმა საფორტეპიანო მუსიკის კონცერტმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლეონარდზე, რომ მან მტკიცედ გადაწყვიტა როიალზე ემეცადინა. პიანისტური განათლება ბერნსტაინმა კერტისის ინსტიტუტში, იზაბელა ვენგეროვოსთან, მიიღო და იქვე სადირიჟორო ხელოვნებას ფრიც რაინერის, კონტრაპუნქტს რიხარდ შტერის, დაორკესტრებას კი რენდალ ტომპსონის ხელმძღვანელობით დაეუფლა. ბერკშირის სამუსიკო ცენტრში მან ცნობილი კონტრაბასისტის და დირიჟორის სერგეი კუსევიცკისთან ასისტენტად იმუშავა და, საბოლოო ჯამში, ორმოცდაათიანი წლების ბოლოს ნიუ-იორკის სახელგანთქმული ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოსტი დაიკავა. ამ თანამდებობაზე ლეონარდმა დიდი ბრუნო ვალტერი შეცვალა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მუსიკის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ სამი ხელოვანია აღიარებული, ერთდროულად, როგორც გამოჩენილი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. ესენი არიან ფერენც ლისტი, სერგეი რახმანინოვი და ლეონარდ ბერნსტაინი. ამ უკანასკნელის კალამს ეკუთვნის სამი სიმფონია, ოპერები, ბალეტები, მიუზიკლები, კამერული ნაწარმოებები, მუსიკა კინოფილმებისათვის. პიანისტი-ვირტუოზი ლეონარდ ბერნსტაინი მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში მართავდა კონცერტებს, ხოლო რაც შეეხება დირიჟორობას, საკმარისია აღვნიშნოდ, რომ სხვადასხვა დროს ის ნიუ-იორკისა და ვენის ფილარმონიულ ორკესტრებს ხელმძღვანელობდა.

ცნობილია, რომ დირიჟორები მძიმე ხასიათით და სიჯიუტით გამოირჩევიან. საკმარისია, თუნდაც, კარაიანი და ტოსკანინი გავიხსენოთ. გამონაკლისს არც ბერნსტაინი წარმოადგენდა. ბახის გენიალური შემსრულებლის, გამოჩენილი კანადელი პიანისტის გლენ გულდის საკონცერტო მოღვაწეობა სწორედ მის სიჯიუტეს შეეწირა. ნიუ-იორკის ”კარნეგი-ჰოლში” 1962 წლის 6 აპრილს გამართული კონცერტი გულდის კარიერაში ბოლო აღმოჩნდა. იმ ავბედით საღამოს გულდს ”ნიუ-იორკ ფილარმონიკის” ორკესტრის თანხლებით ბრამსის პირველი საფორტეპიანო კონცერტი უნდა შეესრულებინა. რეპეტიციაზე სოლისტი და დირიჟორი (როგორც ხვდებით, ეს ბერნსტაინი იყო) შესრულების ტემპებზე ვერ შეთანხმდნენ და ამის გამო კონცერტის წინ, ყველა ტრადიციის დარღვევით, ბერნსტაინმა მსმენელს ვრცელი შესავალი სიტყვით მიმართა. აი, რა თქვა მაესტრომ:”მუდმივად ისმის კითხვა: ვინ არის კონცერტის დროს წამყვანი - სოლისტი თუ დირიჟორი? გარემოებათა მიხედვით, პასუხი სხვადასხვანაირია. ამ
კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავება ჩვენს ინტერპრეტაციებს შორის უზარმაზარია. დღეს თქვენს სამსჯავროზე ფათერაკებით აღსავსე შესრულება წარდგება“.

ორ დიდ მუსიკოსს შორის კონფლიქტის მიუხედავად, ნიუ-იორკელმა მსმენელმა მათი ერთობლივი გამოსვლა ხანგრძლივი ოვაციით დააჯილდოვა. სამაგიეროდ, კონცერტს გამანადგურებელი სტატიით გამოეხმაურა ”ნიუ-იორკ თაიმსი”. იმ კონცერტის შემდეგ გულდი სცენაზე აღარ გამოსულა.
ახლა კი რამდენიმე სიტყვა ”West Side Story”- ს შესახებ, რომელსაც დღეს მთელ მსოფლიოში იცნობენ. ეს სახელგანთქმული მიუზიკლი, ”რომეო და ჯულიეტას” შესანიშნავი თანამედროვე ადაპტაცია, ბერნსტაინმა 1957 წელს შექმნა. ბროდვეიზე სპექტაკლი პირველად ბალანჩინის მეგობარმა და თანამოაზრემ ჯერომ რობინსმა დადგა. 1961 წელს ბერსტაინის შედევრის კინოვერსიამ 10 ”ოსკარი” მოიპოვა, თუმცა მუსიკას ეს არ შეხებია - კინოაკადემიის წესდების თანახმად, ის სპეციალურად ფილმისთვის უნდა შექმნილიყო. ამას, რასაკვირველია, ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს: შედევრი შედევრად რჩება!
XS
SM
MD
LG