Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო განცხადებები ყოველდღიურ რეჟიმში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველდღიურად უწევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებების გაპროტესტება. გასული კვირის საპროტესტო განცხადებები შეეხებოდა აფხაზეთში ეროვნული სიმდიდრის ძარცვას, აფხაზეთის რკინიგზის რუსეთის ხელში გადასვლის გადაწყვეტილებას, ასევე ცხინვალის რეგიონის ქართულ ნასოფლარში, თამარაშენში, მოსკოვის სახელობის მიკრორაიონის მშენებლობას, იქ რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩასვლის გეგმას... ახალი კვირა ახალი საპროტესტო განცხადებებით დაიწყო. საქართველოს საგარეო უწყებამ გააპროტესტა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, აფხაზეთის წყლებში, რუსეთის კონტროლის დამყარების გადაწყვეტილება და გააპროტესტა ცხინვალის რეგიონში მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის ჩასვლა ქართული სოფლის - თამარაშენის - ტერიტორიაზე მოსკოვის სახელობის მიკრორაიონის გახსნაზე დასასწრებად.

საგანგებოდ ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, 31 აგვისტოს, გახსნეს საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ ზონაში, ცხინვალის რეგიონში, მოსკოვის სახელობის მიკრორაიონი, თანაც ძირძველი ქართული სოფლის, თამარაშენის, ტერიტორიაზე, უფრო სწორად, ნასოფლარის ტერიტორიაზე. სოფელი თამარაშენი შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა და მათთან ერთად ოსმა მაროდიორებმა ძირფესვიანად გაძარცვეს, გადაწვეს და გაანადგურეს. თამარაშენლები ამ ომის შემდეგ საკუთარ სამშობლოში დევნილთა რიგებს შეემატნენ... მათ ნამოსახლარზე, მოსკოვის მერიის დაფინანსებით, კოტეჯები ააშენეს და მათში ის ხალხი შეასახლეს, ვისაც თამარაშენში არაფერი ესაქმება - ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის რუსი ეროვნების პრემიერის განმარტებით, შარშანდელი ომის დროს დაზარალებულები და ახალგაზრდა მრავალშვილიანი ოჯახები.

თამარაშენის ტერიტორიაზე მოსკოვის სახელობის მიკრორაიონის გახსნას მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი დაესწრო და თქვა: დღეს ცხადია, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის დამარცხება შეუძლებელია; ჩვენ ყველა იმ პროცესის თანამებრძოლები ვართ, რომელიც, საბოლოო ჯამში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შექმნით დასრულდა. თავისი პატრონისგან გათავისუფლებული სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთთან ერთად და რუსეთის დახმარებითო. - გადამწვარი და განადგურებული ქართული სოფლის ტერიტორიაზე მიკრორაიონ ”მასკოვსკის” გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უპრეცედენტოდ ამორალური აქცია უწოდეს. აღნიშნეს, რომ ნაცისტებსაც კი არ მოსვლიათ აზრად გადამწვარი და განადგურებული ლიდიცეს, ხატინისა და ორადურის ადგილზე აეშენებინათ დასახლება და მისთვის ბერლინის სახელი ეწოდებინათ. ამასთან, საქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვის მერის ჩასვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში შეაფასა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების იგნორირებად და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობად. ასე ხდება ყოველ ჯერზე, როცა ოკუპირებულ ზონებში რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩადიან.

აკაკი მინაშვილი: ”ყველა სახის - იქნება სამართლებრივი თუ სამხედრო -მოქმედებას, რომელსაც განახორციელებს რუსეთი, არ ექნება არავითარი იურიდიული ძალა.” - ასე აცხადებენ სისტემატურად საქართველოს ხელისუფლებაში და რუსეთიც სისტემატურად, ყოველდღიურად აფართოებს თავის უკანონო მოქმედებას.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიასთან რუსი მესაზღვრეების მიერ პირობით საზღვარზე აშენებული კედელი სიახლე არაა. სიახლე არის ის, რომ რუსების მიერ საქართველოში აშენებული კედლის გამოღმა საქართველოს ხელისუფლებამ სანიმუშო კურორტის აშენება გადაწყვიტა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აგვისტოს ბოლოს, ანაკლიასთან გავლებულ კედელთან მდგომმა, თქვა:

”ეს არის საქართველო, სადაც ქართველები წყვეტენ თავის ბედს და იქით არის ახალი ბერლინის კედელი და ამ კედლის მიღმა მოსახლეობა არაფერს არ წყვეტს. იქიდან რუსეთი არ გვაცლის ცხოვრებას, რუსეთი, რომელსაც აქვს ჩვენზე ათასჯერ მეტი ტერიტორია. ეს არის სიმბოლო... აქეთ არის სინათლე და იქით არის სიბნელე; ეს არის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და ის, რასაც რუსები სთავაზობენ.”

ეს იყო მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი იმის თობაზე, თუ რას სთავაზობს მათ რუსეთი და რას საქართველო, რისი სიმბოლოა რუსეთი იმათთვის, ვისაც ჯერ კიდევ უყვარს ის. მიმართვა გაკეთდა იქ, საიდანაც 30 მეტრში რუსი მესაზღვრეები დგანან, როგორც თავად აღნიშნავენ, უფლის კურთხევით დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობით... ესეც რუსეთის სიმბოლოა... აფხაზურმა ტელევიზიამ გაავრცელა კადრები იმისა,თუ როგორ აღადგინეს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში ცარისტული რუსეთის ტრადიცია, იმპერიის მსახურებისთვის ეკლესიაში მიეღოთ სამხედრო წოდება და, რაც მთავარია, მიეღოთ კურთხევა. ახალი ათონის მართლმადიდებლურ ტაძარში ახლახან მღვდელმსახურთაგან კურთხევა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის -ფსბ-ს - დაქვემდებარებაში მყოფი სასაზღვრო ჯარის წარმომადგენლებმა მიიღეს:

„პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის მაღლდება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პასუხისმგებლობა უკვე უფლის კურთხევით გვაქვს დაკისრებული.”

ესეც რუსეთის საოკუპაციო ჯარის, კერძოდ, სასაზღვრო ჯარის ერთ-ერთი ჯარისკაცის სიტყვებია. მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობა და იქ ჩადგომა უფლის სახელით რუსეთის სიმბოლოა. და რუსეთი უკვე საქართველოს - აფხაზეთის - წყლებში საკუთარი კონტროლის განხორციელებასაც იწყებს. ფსბ-ს სანაპირო დაცვა პასუხისმგებლობას იღებს დაიცვას საქართველოს - აფხაზეთის - წყლებში შესული გემები, მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, აფხაზეთის საზღვაო აკვატორია დახურულია საერთაშორისო მიმოსვლისთვის. დახურულ ზონაში მიმოსვლისთვის საქართველოს სანაპირო დაცვამ 2009 წლის მანძილზე 23 გემი დააკავა. რუსეთი აპირებს აღკვეთოს საქართველოს სადამსჯელო ქმედებები ეფექტიანი და ქმედითი ზომებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველოს მხარე ამჟამად აწარმოებს შექმნილი ვითარების სამართლებრივ შეფასებას და იურიდიული პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG