Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა. 2-8 აგვისტო 2009


მიმდინარე კვირა 3 აგვისტოს დაიწყო და, ცხადია, მთელი კვირის განმავლობაში პრესას გასდევდა პუბლიკაციები, რომლებიც შარშანდელი აგვისტოს გამოძახილსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდა. პრესაში კვლავ ძალზე აქტუალური იყო რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის შესაძლებლობა.

“არა მგონია, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესია იყოს მოსალოდნელი“, - უთხრა „კვირის პალიტრას“ ინტერვიუში პოლიტილოგმა რამაზ საყვარელიძემ. – „ამას რამდენიმე მომენტის გათვალისწინებით ვაცხადებ“, - განაგრობს ის. – „პირველი - მგონია, რომ ჰილარი კლინტონის ფრთხილი კურსი გაიმარჯვებს და აშშ ეცდება, ძალის გამოყენების გარეშე იმოქმედოს. მეორე - როდესაც რუსეთმა ერთი წლის წინ ომი წამოიწყო, სხვა მდგომარეობა ჰქონდა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე შიგნით (ეკონომიკის მხრივ). დღეს მისი მდგომარეობა ორივე ფრონტზე ბევრად დამძიმებულია. მაგრამ თუ პოლიტიკური კონტექსტი მის თავმოყვარეობაზე მეტისმეტად იმოქმედებს, შესაძლოა, რაღაც ნაბიჯები გადადგას. რადგანაც ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია, ვერც რუსეთის სცენარი იქნება ისეთივე, როგორიც შარშან აგვისტოში. გავითვალისწინოთ, რომ შარშან ბუში მიდიოდა ხელისუფლებიდან და მისთვის საგარეო პოლიტიკა აქტუალობას კარგავდა, განსხვავებით ობამასაგან, რომელიც ახლა შეუდგა პრეზიდენტობას. თუ ობამამ ვერ მოახერხა ამ ორი ქვეყნის ინტერესების დაცვა, აშშ-ის იმიჯი გვარიანად დაზარალდება - იქნება ქვეყანა, რომელიც თავისი მეგობრების დაცვას ვერ ახერებს”, - უთხრა რამაზ საყვარელიძემ „კვირის პალიტრას“.

” აგვისტოს ომის შემდეგ ერთი წელიწადი გავიდა, მაგრამ კვლავ არსებობს ომის საფრთხე”, - წერს “რეზონანსი” შაბათის ნომერში და სამხედრო ექსპერტ კახა კაციტაძესთან ინტერვიუს გვთავაზობს.

“ერთი რამ ცხადია, - უთხრა კახა კაციტაძემ „რეზონანსს“. - ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე, რუსეთს ყოველთვის აქვს შანტაჟის საშუალება, იმის გამო, რომ აგვისტოს ომში საქართველო დამარცხდა არა ჯარისკაცების არასაკმარისი მამაცობის გამო, არამედ ლოგისტიკის, მართვისა და დაგეგმვის არარსებობის გამო და იმის გამო, რომ არ არსებობდა ერთიანი სამხედრო გეგმა... რუსეთმა იცის, რომ დღეს ეს საომარი კომპონენტები უფრო დაბალ დონეზეა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო”, - ამბობს კახა კაციტაძე და განაგრძობს:
“ტყუილია, თითქოს ომი გარდაუვალია - ისტორია ადამიანის თავისუფალი მოქმედებების ასპარეზია. თუ პოლიტიკოსები აქედან ამოდიან, მაშინ, ომის თავიდან აცილებას თუ მოინდომებ, შესაძლებელია. სულ სხვა საკითხია, გაქვს თუ არა ომის თავიდან აცილების სურვილი. ვინ იყო აგვისტოს ომის მაპროვოცირებელი, ამას, ალბათ, ტალიავინის კომისია გასცემს პასუხს”, - ამბობს კახა კაციტაძე.
“საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 6 აგვისტოს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს მიეძღვნა. ... ამ დღეს სხდომა განახლებული ფორმატით გაიმართა - პირველი პირის სასახლეში გამოჩნდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც - ირაკლი ალასანია, კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი ასათიანი, ზურაბ ტყემალაძე”, - წერდა გაზეთი “ვერსია” პარასკევს.
შაბათს კი „ალიასათვის“ მიცემულ ინტერვუში ირაკლი ალასანია განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა უშიშროების საბჭოზე მისვლა. ” იმიტომ გადავწყვიტე, რომ ქვეყნისთვის ორი მნიშვნელოვანი საკითხი იყო განსახილველი: საგარეო საფრთხეები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ჩემთვის მნიშვნელოვანი ქვეყნის შიდაპოლიტიკური უსაფრთხოება, დაჭერები, დევნა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ... ეს საკითხები დავსვი იმ შეხვედრაზე. ამასთან დაკავშირებით, ჩემი მოთხოვნით გაიმართება შეხვედრა შინაგან საქმეთა, იუსტიციის მინისტრებთან, ჩვენი სახალხო დამცველისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა გავიაროთ ყველა ის ინციდენტი, რასაც ჰქვია პოლიტიკური რეპრესიები”, - უთხრა „ალიას“ ირაკლი ალასანიამ. - მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებაში მუხტი არასოდეს ჩაცხრება, ” ჩვენ იმიტომ შევედით ამ პოლიტიკურ პროცესში, რომ ხელისუფლებასთან ერთად დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიება. რა გამოვა, ამას დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება გამოსვლებს, მე არანაირი გამოსვლები სექტემბერში დაგეგმილი არ მაქვს”, - უთხრა ირაკლი ალასანიამ გაზეთის კორესპონდენტს. ნათქვამს მოჰყვა კითხვა: - “ეს საკმაოდ სკანდალური განცხადებაა. თქვენ ემიჯნებით რადიკალურ ოპოზიციას და ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ დიალოგზე მიდიხართ? აღარ მოითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნებს და სააკაშვილის გადადგომას?”

“- ჩვენ, პირველ რიგში, მოვითხოვთ საარჩევნო გარემოს შეცვლას. სხვა შემთხვევაში არანაირი არჩევნების გამართვას აზრი არ ექნება. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი, ადმინისტრაცია, უნდა მოხდეს მედიისა და პოლიციის დეპოლიტიზაცია... აუცილებლად წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობს, იმედი მაქვს, ჩვენს მოსაზრებებს გაითვალიწინებენ... საარჩევნო გარემოს შეცვლის შემდეგ ჩვენ ყველანაირ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას.” - სრული სახით ამ ინტერვიუს „ალიას“ შაბათის ნომერში გაეცნობით.
XS
SM
MD
LG